Accessibility links

პარტიები ფინიშის სწორზე


არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლებთან ბოლო, შემაჯამებელ, შეხვედრებს მართავენ. ვინ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში უხმობს ერთგულ ელექტორატს,

ვინ - ოპერისა და ბალეტის თეატრში.

მუხედავად იმისა, რომ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში საქართველოში უკვე რიგით მესამე არჩევნები ტარდება, წინასაარჩევნო შეხვედრები თეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მაინც სრული ანშლაგით მიმდინარეობს. ტრადიცია არც 26 მარტს დარღვეულა: ამჯერად ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ამომრჩევლები "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია -ტრადიციონალისტების" საარჩევნო ბლოკმა მიიწვია.

[მამაკაცის ხმა] "რის გამო ამოვირჩიე ეს პარტია? იმიტომ, რომ ეს პარტია არის ეროვნული პარტია; ეროვნული ძალები მოდიან ამ პარტიით და ამათმა უნდა გადაარჩინონ საქართველო. საქართველო არის ტრადიციული ქვეყანა და ტრადიციას პატივი უნდა ვცეთ, გვერდზე არ უნდა გადავაგდოთ. არ გვჭირდება ვიღაც უცხოელების ტრადიციების შემოტანა." (სტილი დაცულია)

[ქალბატონის ხმა] "სიმართლე გითხრათ, პირველ რიგში, მინდა, რომ ინტელექტუალური მთავრობა გვყავდეს. ასეთი ხალხი კი ნამდვილად არ არის მთავრობაში, თუნდაც პრეზიდენტიდან დაწყებული და, რა ვიცი... ამ პარტიაში კი, რაც მთავარია, ლიდერია ინტელექტუალი."(სტილი დაცულია)

ედეპე-ტრადიციონალისტების ლიდერები ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზად ეროვნული ტრადიციების აღორძინება-განმტკიცებას მიიჩნევენ. შესაბამისად, ამომრჩევლების მიმხრობასაც ტრადიციული ღირებულებების წინა პლანზე წამოწევით ცდილობენ. ბლოკის მთავარი კომიტეტის წევრი უტა ლიპარტია ჩემთან საუბარში აცხადებს:

[უტა ლიპარტიას ხმა] "ჩვენ ვართ ეროვნული მოძრაობიდან მოსული ორგანიზებული ძალა და გვაქვს პრეტენზია იმისა, რომ ჩვენ ვართ დამცველი ქართული ეროვნული ღირებულებების, ქართული ეკლესიის და საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობის." (სტილი დაცულია)

"ედეპე-ტრადიციონალისტებისაგან" განსხვავებით, პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლება" და მისი ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია ამომრჩეველს თავს ახალი პოლიტიკური ეთიკის დამკვიდრებით აწონებს:

[კონსტანტინე გამსახურდიას ხმა] "იცით, ჩემი, ასე ვთქვათ, საფირმო ნიშანი, პირველ ყოვლისა, ეს არის ახალი პოლიტიკური ეთიკა, რის დამკვიდრებასაც მე ვცდილობ. ჩვენ გვინდა ვიყოთ ისეთი ოპოზიცია, რომელიც, ერთი მხრივ, გამიჯნული იქნება სამთავრობო ძალებისაგან, მაგრამ, მეორე მხრივ, ის მზად იქნება ყოველთვის ითანამშრომლოს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ საკითხებზე."

თუმცა "თავისუფლებამ" ამომრჩევლის ყურადღება უცნაური სააგიტაციო მასალითაც მიიპყრო. პოლიტიკური მოძრაობის პლაკატზე გამოსახულია ოდენ ნარინჯისფერი წრე და იგი ძალიან ჩომოჰგავს იაპონიის ეროვნულ დროშას. პოლიტიკური მოძრაობის საბჭოს წევრი ამირან სვიმონიშვილი განმარტავს:

[ამირან სვიმონიშვილის ხმა] "ზოგს ეს ესმის როგორც მთვარის მოტაცება, მაგალითად, გურიაში ასეთი ვერსია იყო. წრე, საერთოდ, ცნობილია, რომ ეს არის მარადისობის სიმბოლო. წრე არის სიმბოლო და ადგილი კონცენტრაციისა, საიდანაც რაღაცა ახალი უნდა იშვას." (სტილი დაცულია)

დასასრულს, გეტყვით, რომ ედეპე-ტრადიციონალისტებმა მხარდამჭერებთან შემაჯამებელი შეხვედრა ფილარმონიაში, "თავისუფლებამ" კი ოპერის თეატრში გამართა. თუმცა ამ ორ საარჩევნო სუბიექტს, მუსიკალური გემოვნების გარდა, მომავლის ხედვაც განსხვავებული აღმოაჩნდა: "ტრადიციონალისტებს" ეჭვი არ ეპარებათ, რომ 28 მარტის არჩევნები გაყალბდება, ხოლო "თავისუფლება" 7-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას იმედოვნებს.
XS
SM
MD
LG