Accessibility links

logo-print

რამდენად რეალურია არჩევნების დღეს აჭარასთან სატელეკომუნიკაციო კავშირის შეწყვეტა


პრეზიდენტ სააკაშვილისა და აჭარის მეთაურის აბაშიძის მოლაპარაკებების შემდეგ აჭარაში ოპოზიციას ამომრჩეველთან შეხვედრებისა და სხვა პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლად

წარმოების საშუალება მიეცა. აჭარაში არჩევნების მონიტორინგს აპირებს უამრავი საერთაშორისო თუ ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასლან აბაშიძის ხელისუფლებას არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შეცვლის სულ უფრო ნაკლები შანსი რჩება. ასეთ პირობებში ოპოზიცია შიშობს, რომ მათ დეზორგანიზაციას აჭარის ხელისუფლება მობილური სატელეფონო კავშირის დაბლოკვით შეეცდება. რამდენად შესაძლებელია ოპოზიციონერთა სატელეფონო ნომრების დაბლოკვა?

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, შვიდპროცენტიანი ბარიერის გაანგარიშება საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი ბიულეტენების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. არჩევნების ექსპერტის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ლიდერის თინათინ ხიდაშელის აზრით, შვიდპროცენტიანი ბარიერის გაანგარიშების ახალი მეთოდი როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას საარჩევნო ყუთში გაყალბებული ბიულეტენების ჩაყრისკენ უბიძგებს.

ეს პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით დადგება აჭარაში, სადაც ასლან აბაშიძის ხელისუფლება შეეცდება აღორძინების კავშირისთვის რაც შეიძლება მეტი ხმები მოიპოვოს. რა თქმა უნდა, მას ამის განხორციელებაში საარჩევნო კომისიათა ოპოზიციონერი წევრები გაუწევენ წინააღმდეგობას, მაგრამ მათი გაუვნებელყოფა მათთვის სატელეფონო პრობლემების შექმნითაა შესაძლებელი.

[გათიშული ტელეფონის ხმა] "ამ მომენტისათვის აბონენტი მიუწვდომელია, დარეკეთ მოგვიანებით...."

28 მარტს სწორედ ამ სიტყვების გაგონების ეშინია აბაშიძის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, თამაზ დიასამიძეს, თავის თანამებრძოლებთან მობილური ტელეფონით დაკავშირების მცდელობისას.

[თამაზ დიასამიძის ხმა] "ჩვენ გვაქვს უტყუარი ცნობა, რომ მათ განზრახული აქვთ ჩვენი აქტივისტების მობილური ტელეფონის აპარატები შერჩევით გათიშონ, ან მთლიანად მიწისზედა სისტემა გათიშონ აჭარაში. კავშირგაბმულობის სისტემის მოშლა, მოგეხსენებათ, იწვევს შეუთანხმებლობას და ადგილებზე ლოკალურად გაყალბებები შეიძლება გამოუვიდეს უფრო ეფექტურად და უფრო შეუმჩნევლად, ასევე დეზორგანიზაცია ჩვენი ორგანიზაციული მუშაობისა."(სტილი დაცულია)

თამაზ დიასამიძის ინფორმაციით, აჭარის ხელისუფლებას ამ გეგმის განსახორციელებლად სათანადო კადრებიც ჰყავს მომზადებული და სპეციალური აპარატურაც აქვს შეძენილი. მე ამ თემაზე გასაუბრებას აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შევეცადე, მაგრამ ამაოდ. მათი ტელეფონები ან გათიშულია, ან სხვა პასუხობს, ანდაც ყურმილს არავინ იღებს.

მე მობილური სატელეფონო კომპანიათა წარმომადგენლებსაც დავუკავშირდი. აი, რა განაცხადა "მაგთი ჯი-ეს-ემის" გენერალური დირექტორის მოადგილემ ზურაბ გურგენიძემ:

[ზურაბ გურგენიძის ხმა] "მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ვერანაირად ვერ მოხერხდება ეგ ცალკეულ ნომრებზე. თუ გაკეთდა ეგ, საერთოდ, სერვისი დაბლოკონ კი არა, რაღაც მანქანებით, ვთქვათ, გამოირთოს ყველა საბაზო სადგურზე ან ცენტრალურ გამანაწილებელ სადგურზე კვება, ან უნდა დაზიანდეს ის, ან უნდა ჩაიხშოს, მაგრამ ის, რომ ცალკეულ ნომრებზე მოხდეს მაგის გაკეთება, ეგ შეუძლებელია."(სტილი დაცულია)

გურგენიძისვე განმარტებით, სავსებით შესაძლებელია მობილური კავშირგაბმულობის რომელიმე მიმართულების ანტენის ჩახშობა მასზე მეტალის ფირფიტის, ეგრეთ წოდებული ეკრანის ჩამოფარებით. გამოიყენებს თუ არა ასლან აბაშიძის ხელისუფლება ოპოზიციის განეიტრალების ამ ახალ და ქართულ პოლიტიკურ ბრძოლაშიც კი ჯერჯერობით არააპრობირებულ მეთოდს, ეს 28 მარტს გაირკვევა.
XS
SM
MD
LG