Accessibility links

logo-print

როგორ აპირებს სახელმწიფო უსინათლო ამომრჩეველთა ხმების დაცვას


პირველი ან მეორე ჯგუფის უსინათლო ადამიანებისთვის არჩევნებში მონაწილეობა დღემდე მხოლოდ ახლობლების დახმარებით იყო შესაძლებელი. ისინი კაბინაში ნდობით აღჭურვილ პირთან ერთად

შედიოდნენ და არჩევანის უშუალო დაფიქსირებასაც სწორედ მას ანდობდნენ. თუმცა, როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ამგვარი ნდობა არცთუ იშვიათად გაწბილებულა. სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ უსინათლოთა ხმები უკეთ დაიცვას. თუმცა, როგორც ჩანს, ახალი ტექნოლოგია გარკვეულ პრობლემებსაც უკავშირდება.

ბატონი ალიკა პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდია და მისთვის მეგზურის გარეშე გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. არჩევნებში მონაწილეობისას ჩემს რესპონდენტს ყოველთვის საკუთარი და ეხმარებოდა. ერთი სიტყვით, სანდო ადამიანების ხელში ბატონ ალიკასა და მის მეგობრებს თავი უფლებაშელახულად არასოდეს უგრძვნიათ:

(ბატონი ალიკას ხმა) "წლების განმავლობაში ჩვენ, უსინათლო ინვალიდები, არჩევნებში მონაწილეობას ვღებულობდით. ჩვენ ყოველთვის გვეხმარებოდნენ მეგობრები, ახლობლები, მეზობლები, ანუ ნდობით აღჭურვილი პირები. მე ვფიქრობ, რომ ამით ჩვენი უფლებები აბსოლუტურად არ ილახებოდა."

თუმცა, როგორც ცესკოს უნარშეზღუდულ პირთა კოორდინატორი რამაზ სულამანიძე აცხადებს, თავს დაცულად ყველა უსინათლო ნამდვილად ვერ გრძნობდა:

(რამაზ სულამანიძის ხმა) "ვისაც არ ჰყავდა ნდობით აღჭურვილი პირი, კომისიის წევრი შეჰყავდა და ხშირ შემთხვევაში საარჩევნო ხმის მიცემის პროცედურა ირღვეოდა."

სულამანიძე განგვიმარტავს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალი საარჩევნო ტექნოლოგიის გამოყენებას სწორედ დაუცველთა დასაცავად აპირებს. წელს, 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე, პირველად გამოჩნდება საარჩევნო ბიულეტენები, რომლებიც სპეციალურად უსინათლო ამომრჩევლებისათვის იქნება განკუთვნილი. ცესკოში მიიჩნევენ, რომ, ბრაილის შრიფტის წყალობით, უსინათლო ამომრჩეველი ხმის მიცემას დამხმარეს გარეშეც მოახერხებს.

თუმცა ბატონი ალიკა შიშობს, რომ ხსენებულ ტექნოლოგიას ვერ გამოიყენებენ ის უსინათლოები, ვისაც ბრაილის შრიფტი არ უსწავლია. ამასთან, ის, სპეცბიულეტენების ბეჭდვის ნაცვლად, უსინათლოთათვის სხვა, უფრო მნიშვნელოვანი, პრობლემების გადაჭრას ისურვებდა:

(ბატონი ალიკას ხმა) "ყველა უსინათლომ არ იცის ბრაილის შრიფტი. ვინც სკოლა არ გაიარა, ვინც უსინათლო გახდა მოზრდილ ასაკში, პრობლემატურია მისთვის ბრაილის შრიფტის ცოდნა. და აი, უსინათლოთა ამ ნაწილს აუცილებლად უნდა დავუტოვოთ არჩევანის საშუალება.
ბოლოს და ბოლოს, ჩვენთვის ეს არ არის უმთავრესი პრობლემა. არის ბევრი სოციალური, ეკონომიკური თუ ყოფითი პრობლემა, რომლის წამოწევაც უფრო უპრიანი იქნებოდა."

და მაინც, როგორც ცესკოში გვამშვიდებენ, ბრაილის შრიფტის არმცოდნე უსინათლო ადამიანები არჩევნებში მონაწილეობას კვლავ ძველი წესით, ახლობლების დახმარებით, მიიღებენ. არავინ იცის, უსინათლოთა საერთო რაოდენობის რა ნაწილს წარმოადგენენ ასეთები, ვინაიდან, როგორც ჩანს, საქართველოში უსინათლოთა საერთო რაოდენობაც დაუზუსტებელია.

ცესკო 28 მარტისთვის 4 600 ზემოხსენებულ სპეცბიულეტენს ამზადებს, რადგანაც საქართველოს უსინათლოთა კავშირი დღესდღეობით დაახლოებით ამდენივე ადამიანს აწევრიანებს.
XS
SM
MD
LG