Accessibility links

logo-print

ესპანეთში ტერორისტული თავდასხმები ევროპის კავშირის რიგებს ამყარებს


მადრიდში მოწყობილმა ტერაქტებმა, რომელთაც 190 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ევროპის სახელმწიფოთა შორის ერთიანობა განამტკიცა. ბრიუსელში კავშირის წევრი ქვეყნების მეთაურთა

შეხვედრაზე დაამტკიცეს კავშირის კონსტიტუციის მუხლი, რომელიც ქვეყნებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სოლიდარობას ავალებს. ეს კლაუზულა თავდაპირველად ევროპის მომავალი კონსტიტუციის ნაწილი იყო. ამჟამინდელ სოლიდარულ ატმოსფეროში შესაძლებელი გახდა ამ მუხლის დამტკიცება. მადრიდის ტერაქტებიდან 14 დღეში ევროკავშირმა გადაწყვიტა, არამხოლოდ ტერორის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე მიიღოს გადაწყვეტილება. კავშირის მორიგე თავმჯდომარემ, ირლანდიის პრემიერმა ბერტი აჰორნმა დრო იხელთა და კავშირი, საერთოდ, კონსტიტუციის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობის დაძლევაზე შეიპირა. ბრიუსელიდან იუწყებიან, რომ უკვე საღამოს, ვახშამზე, აღარავინ იყო ორმაგი უმრავლესობის პრინციპის მოწინააღმდეგე.
კლაუზულა, რომელიც, როგორც გითხარით, კონსტიტუციაში შევა, გულისხმობს ტერორისტული თავდასხმების დროს კავშირის წევრების ურთიერთდახმარების პირობას, დახმარებისა, თვით სამხედრო თვალსაზრისითაც კი. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მოვალე იქნება ჯარი გამოიყვანოს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ თითოეული ქვეყანა თავად ამოირჩევს, რა საშუალებით დაეხმაროს დაზარალებულ ქვეყანას. ბრიუსელშივე მიიღეს გადაწყვეტილება შემოიღონ კონტრტერორიზმის საკითხთა კოორდინატორის თანამდებობა, რომელიც ჩაბარდება ჰოლანდიელ ხაის დე ფრიზს. დე ფრიზი ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორ ხავიერ სოლანასთან იქნება ანგარიშვალდებული.
სოლანამ თქვა, რომ ეს პირივე იქნება პასუხისმგებელი, უზრუნველყოს წევრი ქვეყნების მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება. [სოლანას ხმა]
"მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია კოორდინაციის სრულყოფა იმ სხვადასხვა სტრუქტურებს შორის, რომლებიც ევროკავშირის მინისტრთა საბჭოში გვაქვს. მათ უკეთ, უფრო ეფექტიანად და სწრაფად მართებთ მუშაობა. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, უფრო მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო წევრ-ქვეყნებს შორის, რათა გადაწყვეტილების მიღებისას არ დაყოვნდეს მისი პრაქტიკული განხორციელება. ყოველთვის უნდა იყოს პირი, რომელიც თვალყურს ადევნებს, როგორ ასრულებენ წევრი-ქვეყნები მიღებულ გადაწყვეტილებას. თუ საკითხი პარლამენტშია დასამტკიცებელი, ეს მყისვე უნდა გაკეთდეს. სწრაფად უნდა მოხდეს ასევე ამა თუ იმ საკითხის შეთანხმება მთავრობასთან."
სოლანას განმარტებით, დე ფრიზის ამოცანა ტერორიზმის საკითხებში კავშირის გარეთ მყოფ ქვეყნებთან თანამშრომლობაც იქნება. ბრიუსელის სამიტი შეთანხმდა, რომ მომავალში თვით შიდა საზღვრებიც უფრო მჭიდრო გახდება. აპირებენ ასევე საერთო ევროპული მონაცემთა ბანკის შექმნას. მასში შევა კავშირის გარედან მოსულთა ვიზების დეტალები, მათი ფოტოები, თითის ანაბეჭდები და თვალის ფერადი გარსის, ანუ ირისის, შესახებ ინფორმაცია. კავშირის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ აჰერნმა თქვა, რომ მომავალში კავშირის სხვა ქვევნებთან ურთიერობის საკვანძო პირობა იქნება მათი ბრძოლა ტერორიზმთან: [აჰერნის ხმა]
"მთავარი ისაა, რომ ყველას ვუთხრათ სათქმელი: თუ გსურთ, რომ კარგი ურთიერთობა დამყარდეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებსა და ევროკავშირს შორის, მაშინ, კეთილი ინებეთ, შექმენით - და ამაში ევროკავშირი დაგეხმარებათ -კონტრტერორიზმის საკუთარი პოტენციალი, რათა ყველამ გავაცნობიეროთ, რომ დაუშვებელია ყოველგვარი შემწყნარებლობა, როცა საქმე ტერორიზმთან ბრძოლას ეხება."
ბრიუსელში საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკიც გამოვიდა სიტყვით და დამსწრეთ უთხრა, ტერორიზმის ფესვების მკვებავ ნიადაგს მაშინ ამოვაშრობთ, როცა კონფლიქტებს მოვაგვარებთ და სიღარიბეს შევებრძოლებითო.
მოკლედ ევროპის "მისტერ ტერორად" მონათლული ხაის დე ფრიზის შესახებ: ის 48 წლის ნიუ-იორკში დაბადებული ჰოლანდიელია. ნიდერლანდებში პოლიტოლოგიას იკვლევდა, შემდეგ კი პოლიტიკას ემსახურებოდა, მემარჯვენე ლიბერალი გახლავთ. მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივნად, ასევე - ევროპის კავშირის სტრუქტურებში.
დაბოლოს, კავშირის სამიტმა გვერდი არ აუარა ახლო ღამოსავლეთში ტერორიზმს. გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პალესტინელთა "ჰამასის" ლიდერის, შეიხ იასინის მოსპობა ისრაელის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. მაგრამ აღნიშნავენ, ამასთანავე, რომ ისრაელს აქვს უფლება თავი დაიცვას.
XS
SM
MD
LG