Accessibility links

logo-print

როგორ მოემზადა ცენტრალური საარჩევნო კომისია 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებისთვის


28 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნებში 2 მილიონ 266 279-ზე მეტ ამომრჩეველს ელოდებიან. ეს იმიტომ, რომ წინასწარ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ამ რაოდენობის გარდა,

არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიენიჭებათ არჩევნების დღეს რეგისტრირებულ ამომრჩევლებსაც. ცენტრალური საარჩევნო კომისიისვე გადაწყვეტილებით, შეიცვალა 7 %-იანი ბარიერის გაანგარიშების მეთოდიკაც, მომზადდა უამრავი სარეკლამო მასალა და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველაფერი გაკეთდა 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების ობიექტურად და სამართლიანად ჩასატარებლად.

[ფრაგმენტი საარჩევნო კლიპიდან] "ქალბატონო ჟუჟუნა, ნუ დარჩებით მარტო, წამოდით არჩევნებზე..."

აი, ასე ეპატიჟება ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ ამომრჩევლებს არჩევნებზე, რომლებმაც წინასწარი რეგისტრაციის გავლა ვერ მოასწრეს და არც არჩევნებზე წასვლის დიდი სურვილი აქვთ. არჩევნების დღეს ამომრჩეველთა სიებში შეტანა 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სპეციალური დადგენილების გამოტანის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ცესკო ახლაც სწორედ ამ დადგენილების საფუძველზე ეპატიჟება პოტენციურ ამომრჩეველს 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე. ამ გადაწყვეტილების კანონიერება სერიოზულად აეჭვებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ლიდერს თინათინ ხიდაშელს:

[თინათინ ხიდაშელის ხმა] "ნებისმიერი პირი ან ნებისმიერი სუბიექტი, ვინც გაასაჩივრებს იმას, რომ 28 მარტს ადამიანებს უფლებას მისცემენ რეგისტრაცია გაიარონ, მოიგებს სასამართლო პროცესს იმის გამო, რომ ეს გადაწყვეტილება არ ეხება 28 მარტს. ეს ეხება 4 იანვარს და ახალი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა."

ამ წინააღმდეგობის გარდა, არის სხვა შეუსაბამობებიც, რომლებიც არჩევნების ობიექტურად ჩატარების პროცესს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ლაპარაკია ეგრეთ წოდებულ კარუსელზე და საარჩევნო ყუთებში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრის პრაქტიკაზე. ამ საკითხით 27 მარტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილთან შეხვედრისას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სადამკვირვებლო მისია დაინტერესდა. ზურაბ ჭიაბერაშვილის პასუხი ასეთი იყო:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] "როდესაც ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ამ მისიის შემადგენლობიდან მითხრა, რომ მცხეთაში, ერთ-ერთ უბანში, 260 პოლიციელი აძლევდა ერთად ხმას 2 ნოემბერს, მე ვუთხარი, ასე რომ ხდებოდა, სწორედ ამიტომ მოხდა ამ ქვეყანაში რევოლუცია- მეთქი."

28 მარტის შემდეგ რევოლუცია ნაკლებად არის მოსალოდნელი, თუმცა იმის განმეორებას კვლავ მოელიან, რასაც დ.ს.თ-ს დამკვირვებელი შიშობდა. ლაპარაკია 7 პროცენტიანი ბარიერის გაანგარიშებაზე საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი ბიულეტენების მიხედვით.

ახალგაზრდა იურისტების განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით საარჩევნო სიის მნიშვნელობა კნინდება და ნებისმიერ საარჩევნო სუბიექტს სტიმული ეძლევა, შესაძლებლობის შემთხვევაში, საარჩევნო ყუთში გაყალბებული ბიულეტენები ჩაყაროს. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ასეთ პირობებში შეუძლებელი გახდება ბიულეტენების რაოდენობასა და ხელმოწერებს შორის ბალანსის მიღწევა. ეს კი, თავის მხრივ, იმის გასარკვევადაა საჭირო, გაყალბდა თუ არა არჩევნები.

[თინათინ ხიდაშელის ხმა] "მაგალითად, მე რომ ბიულეტენი მოვიპარო და წავიღო სახლში, ეს ნიშნავს, რომ არ მივსულვარ არჩევნებზე? ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, გამოძიების წარმოების შემთხვევაში ხელმოწერის ნამდვილობა შეიძლება გადამოწმდეს. მაგრამ თუკი საფუძვლად ავიღებთ ყუთში აღმოჩენილ ბიულეტენებს, ამას ვერავინ ვერასოდეს ვერ შეამოწმებს. ანუ კონფლიქტის შემთხვევაში, დაუბალანსებლობის შემთხვევაში, გამოდის რომ პირველადი წყარო არის ბიულეტენების რაოდენობა და არა ხელმოწერები. ეს არის აბსოლუტურად არასწორი მიდგომა."

ექსპერტების შეფასებით, 7 პროცენტიანი ბარიერის გამოანგარიშების ამ ახალი მეთოდით მცირდება ბარიერის დასაძლევად საჭირო ამომრჩეველთა რაოდენობა, რაც ოპოზიციურ პარტიებსაც აძლევს ხელს. ამასთან, უფრო გაიოლებულია საარჩევნო ყუთებში ყალბი ბიულეტენების მოთავსების პროცედურა. ადრე ამისთვის ხელმოწერების გაყალბებაც იყო საჭირო, ახლა კი ეს აუცილებელი აღარაა. შესაბამისად, დიდია შანსი იმისა, რომ საქართველოში დემოკრატიული და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ახლაც ვერ ჩატარდეს.
XS
SM
MD
LG