Accessibility links

logo-print

გასული კვირის ქართული პრესის ყურადღების ცენტრში, ბუნებრივია, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გასული კვირის ქართული პრესის ყურადღების ცენტრში, ბუნებრივია, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების თემა იყო. გაზეთები აშუქებდნენ როგორც პარტიების წინასაარჩევნო კამპანიებს,

ისე ექსპერტთა პროგნოზებს ახალი პარლამენტის პარტიულ შემადგენლობასთან დაკავშირებით. თუმცა, საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით, დღევანდელ პრესის მიმოხილვაში საარჩევნო თემატიკას ვერ შემოგთავაზებთ.

ბოლო 5 თვის მანძილზე საქართველოში მესამედ იმართება არჩევნები. ქართული მედიის ცნობით, 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესი საკმაოდ დიდია. 25 მარტის გაზეთ "რეზონანსის" ცნობით, არჩევნების ჩასატარებლად საქართველომ მილიონ ლარზე მეტი მიიღო. გაზეთი წერს:

"საქართველოს მთავრობის მზადყოფნას, ჩატარდეს მაქსიმალურად დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები, საერთაშორისო თანამეგობრობა მორიგი ფინანსური დახმარებით უპასუხებს. რა თქმა უნდა, ფინანსური მხარდაჭერის გარეშე არჩევნების ნორმალურ ჩატარებაზე საუბარიც კი ზედმეტია. ამ საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც 28 მარტს გაიმართება, დონორებმა 1 106 ევრო გამოყვეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში ლანს კლარკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, საქართველო ფინანსურ დახმარებას მიიღებს.
გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამასა და საქართველოს მთავრობას შორის 2004 წლის 28 მარტის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული მასალების შესყიდვისა და ლოგისტიკის კომუნიკაციათა ხარჯების დაფარვის შესახებ შეთანხმების მიხედვით, დონორი ორგანიზაციები - გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკომისია- ნაწილობრივ დაფარავენ საოლქო და საუბნო საარჩევნო ადმინისტრციების მიერ გაწეულ ხარჯებს.ამისათვის დონორები მილიონ 026 ათას 970 ლარს გაიღებენ. აქედან, 343 ათასი ლარით ტრანსპორტისა და კომუნიკაციების ხარჯები დაიფარება, 683 890 ლარი კი მასალებსა და სხვადასხვა შესყიდვებს მოხმარდება.
როგორც ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, ამ თანხას სახელმწიფო ბიუჯეტი უკვე მიმდინარე კვირაში მიიღებს."




27 მარტის გაზეთ "ხვალინდელი დღის" ცნობით, არჩევნების დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო უბნებიდან გამოსულ ამომრჩეველთა გამოკითხვა მოეწყობა. ეგზიტპოლების მეშვეობით, არჩევნების წინასწარი შედეგი საკმაოდ სწრაფად გახდება ცნობილი. გაზეთი წერს:




"ეგზიტპოლი წარმოადგენს სოციოლოგიური კვლევის საერთაშორისო აპრობირებულ მეთოდს, რომელიც ითვალისწინებს არჩევნების დღეს იმ ამომრჩეველთა ანონიმურ გამოკითხვას, რომელთაც გაკეთებული ექნებათ საკუთარი არჩევანი. გამოიკითხება ყოველი მე-7 ამომრჩეველი. გამოკითხვით დადგინდება მთელი დღის განმავლობაში ამომრჩეველთა აქტიურობის დონე და მონაწილე კანდიდატებისთვის მიცემული ხმების რაოდენობა. საერთაშორისო აღიარებული მეთოდით, მთლიანობაში, 226 საარჩევნო უბანზე 2400 ამომრჩეველი გამოიკითხება. გამოკითხვის შედეგები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის.
საპარლამენტო არჩევნების დღეს ჩატარებული ეგზიტპოლის გამოკითხვებში დახარჯული საერთო თანხა 70.000 დოლარს შეადგენს, რომელიც ყველა პარტნიორი ორგანიზაციისგან შეიკრიბა. რაც შეეხება აჭარის რეგიონს, ეგზიტპოლით გამოკითხვა იქაც ჩატარდება."



საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ახალი პარლამენტის პირველი სხდომა აპრილის შუა რიცხვებში გაიმართება. ჯერჯერობით კი, 27 მარტის გაზეთ "ახალი თაობის" ცნობით, 1999 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა 26 მარტს ბოლო ხელფასი აიღეს. გაზეთის ცნობით, ხელფასის რიგში მდგარი დეპუტატები ხალისით ხვდებოდნენ კოლეგებს და აპარატის თანამშრომლებს. გაზეთის ვარაუდით, ვინაიდან ბევრი მათგანი მომავალ პარლამენტში ვეღარ მოხვდება, ძველი წყენაც წარსულს ჩაბარდა:



პარლამენტარებს ყველაზე ნაკლები საწუწუნო აქვთ ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით. იმ დროს, როცა ქვეყანაში 14 ლარიანი ხელფასი ძლივს რიგდება, დეპუტატები 600 ლარამდე ხელფასს თითქმის სტაბილურად იღებენ. რა თქმა უნდა, კომიტეტის თავმჯდომარის ხელფასი ცოტა მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი დეპუტატის. გარდა ამისა, კომიტეტის თავმჯდომარეებს, ფრაქციის ლიდერებსა და სპიკერატს მანქანები ემსახურებათ. ბოლო დღეებში თითქმის ყველა დეპუტატი საკუთარი კაბინეტის დაცლით და პირადი ნივთების გადატანით არის დაკავებული. სამუშაო ოთახის დაცლის პროცედურა თითქმის ყველა დეპუტატმა უკვე გაიარა, 2 ნოემბრის არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე. ბევრმა მათგანმა სამუშაო ოთახები დაცალა, თუმცა ვარდების რევოლუციის შემდეგ ისევ დაბრუნდა. ამჟამადაც მიაქვთ დეპუტატებს პირადი ნივთები, პარლამენტის გასასვლელში კი გატანილ ნივთებს პარლამენტის დაცვის სამსახურის თანამშრომლები ამოწმებენ. ახალ პარლამენტში თავიდან დაიწყება კაბინეტების, ავტომანქანებისა და თანამდებობების გადანაწილება. ძველი პარლამენტი ახალს დაგროვილ ვალებს, გაურემონტებელ სამუშაო ოთახებს და მწყობრიდან გამოსულ ავტომანქანებს უტოვებს.
XS
SM
MD
LG