Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალმა პარლამენტმა ახალი ეკონომიკური პოლიტიკის ბაზა უნდა შექმნას


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულმა კვირამ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოლოდინის ნიშნით განვლო. რამდენად მოახდენს გავლენას ახალი საკანონმდებლო ორგანოს არჩევა ქვეყნის ეკონომიკაზე და რა

მოლოდინი არსებობს საზოგადოებაში მის მიმართ? იმას, თუ რა ბიზნეს და საინვესტიციო გარემო შეიქმნება ქვეყანაში, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად განაპირობებს იმ სახელისუფლებო შტოს ფუნქციონირება, რომლის პირდაპირი მოვალეობა საკანონმდებლო ბაზის ფორმირებაა.

ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ექსპერტი ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრისას ძირითად აქცენტს აკეთებს სწორედ არაეფექტურ და ხშირად შეუსაბამო საკანონმდებლო გარემოზე, რომელიც, კიდევ რიგ ფაქტორებთან ერთად, საერთო ჯამში, ქმნის ეკონომიკური აქტივობის საფუძველს. თუ ჩვენ აპრიორი ვაღიარებთ, რომ ქვეყანაში დაბალი სამეურნეო აქტივობა იყო, მაშინ სრულიად ცხადი იქნება იმ საკანონმდებლო ბაზის კორექტირების აუცილებლობაც, რომელიც არცთუ ეფექტურად ზემოქმედებს ბიზნეს გარემოზე. ამდენად, ახალმა საკანონმდებლო ხელისუფლებამ უნდა შექმნას ის ბაზისი, რომელსაც შემდგომ უნდა დაეფუძნოს ეკონომიკური პოლიტიკა. თუმცა აქ არის ერთი ნიუანსი: თუ ხელისუფლებას წინასწარ არ ექნება განსაზღვრული, რა სურს, შემდგომ იგივე საკანონმდებლო ხელისუფლება საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდება. ჯერჯერობით ხელისუფლებას კონკრეტულად გაწერილი ეკონომიკური პროგრამა არ გააჩნია და ის ლოზუნგები თუ თეზისები, რომლებიც ხშირად გაისმის პრეზიდენტის ამა თუ იმ შეხვედრაზე, ჯერჯერობით ბუნდოვანი პროექტების დონეზე არსებობს. თითქოს გარკვეულია ხელისუფლების ზოგადი მიდგომა ბიზნესისადმი, რაც საგადასახადო ტვირთის შემცირებაში, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის გამარტივებაში, სოციალური პროგრამების დაფინანსებაში, ე.წ. საგადასახადო ამნისტიაში, ჩრდილოვანი სექტორის შემცირებასა და საბიუჯეტო წესრიგის დამყარებაში მდგომარეობს. თუმცა ეს ლამაზი ლოზუნგები ბევრისათვის ჯერ კიდევ მრავალ კითხვის ნიშანს ბადებს და, სანამ ყოველივე სრულიად ცხადი დოკუმენტის სახეს არ მიიღებს, იმავე ბიზნეს სექტორისათვის პრიორიტეტების განსაზღვრა, თავისი საქმიანობის დაგეგმვა და პერსპექტივაში გაწერა მაინც გაძნელებულია. სწორედ ამიტომ ამ ეტაპზე საქმიან წრეებს ერთგვარი მოლოდინის პოზიცია აქვთ არჩეული, რაც, ბუნებრივია, საერთო აქტივობას ამცირებს. ამ მოლოდინის სინდრომის განეიტრალება, გარკვეულწილად, ახალ პარლამენტზე იქნება დამოკიდებული.

იმავე საგადასახადო კოდექსის ირგვლივაც არ არის ყველაფერი ნათელი. თავად ეს დოკუმენტი, რომლის სისუსტეებზე საუბარს, სხვათა შორის, არც წინა ხელისუფლება გაურბოდა და რომლის შესაცვლელად რამდენიმე სხვადასხვა ოფიციალური თუ ექსპერტული ჯგუფი მუშაობდა, არავისში იწვევს ეჭვს, რომ ახალ რეალობაში სრულიად გამოუსადეგარია. ახალ საგადასახადო პოლიტიკასთან დაკავშირებით არაერთხელ გამოუხატავს თავისი პოზიცია როგორც პრეზიდენტ სააკაშვილს, ისე მის აღმასრულებელ ხელისუფლებას. ამჯერად შექმნილია ექსპერტთა საბჭოები, სამთავრობო კომისიები, რომლებმაც ახალი კოდექსი უნდა მოამზადონ; ამასთან, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებსაც გამოკვეთილი აქვთ დამოკიდებულება ფისკალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით; მრეწველების ინიციატივით ჯერ კიდევ ორი წლის წინ შეიქმნა საგადასახადო კოდექსის პროექტი, რომლის მიმართ მაშინდელი ხელისუფლება ხან სრულ მხარდაჭერას, ხანაც სრულიად საპირისპირო რეაქციას ამჟღავნებდა. საბოლოოდ ჯერ კიდევ გაურკვეველია ახალი საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი კონტურები და, აღმასრულებელთან ერთად, ამ დოკუმენტზე სწორედ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს მოუწევთ სკრუპულოზური მუშაობის ჩატარება. ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, ამ მხრივ, პოლიტიკის კონცეპტუალური გააზრება. თუ ჩვენ საქართველოში აპრობირებული მიდგომებით - მხოლოდ გადასახადების მექანიკური შემცირების გზით - წავალთ, არა გვგონია, ამან რაიმე ღირებული შედეგი გამოიღოს. ყველა ცვლილება, ალბათ, საერთო რეფორმის კონტექსტში იქნება გასააზრებელი და მისი შესაძლო ეფექტი წინასწარ უნდა იყოს შესწავლილი და დათვლილი.

ასევე მთლად ზუსტად არ არის ფორმირებული სააკაშვილის მიერ გაცხადებული საგადასახადო ამნისტიის არსი. თუ ხელისუფლებას სურს სრულფასოვანი ფინანსური ამნისტიის განხორციელება, მაშინ ამჟამად ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ვარიანტი, შესაძლოა, მთლად ამგვარად არც აღვიქვათ: ამნისტია, თავისი არსით, პატიებას გულისხმობს, "ქართული ამნისტიის" შემთხვევაში კი, რაც 1 ივნისამდე წინა წლებში დამალული გადასახადების დეკლარირებასა და შემდგომ მის თანდათანობით გადახდაში გამოიხატება, შესაძლოა, ორმაგ დაბეგვრასთანაც კი გვქონდეს საქმე, რადგან საქართველოში არ არსებობდა და არც არსებობს არანაირი საქმიანობა, რომელიც ამა თუ იმ ფორმით არ იბეგრებოდა, - სხვა საქმეა ვის მიერ იბეგრებოდა და სად მიდიოდა ბიზნესმენთა მიერ გაღებული "ხარკი". საქართველოში მოქმედ ყველა სამეურნეო სუბიექტს საკუთარი ბიზნესის წარმოებისათვის თანხები უნდა ეხადა როგორც ოფიციალური საგადასახადო თუ ადმინისტრაციული სტრუქტურებისათვის, ისე კრიმინალური სამყაროსათვის. ბუნებრივია, ამ გადასახადების უდიდესი ნაწილი სახელმწიფო ხაზინაში ვერ მოხვდებოდა. ასე რომ, იმ თანხის დიდი ნაწილი, რომელიც ბიზნესმენებმა წინა წლებში სახელმწიფოს დაუმალეს, ამა თუ იმ ფორმით, თავის დროზე მათ უკვე გადახდილი აქვთ. საინტერესოა ისიც, რომ თავად ხელისუფლება აღიარებს უგუნურ საგადასახადო პოლიტიკას, რომლის წყალობით, ბიზნესი იძულებული იყო გადასახადები დაემალა და რომელიც კორუფციული გარიგებების ძირითადი მასტიმულირებელი იყო.

მოკლედ, კითხვის ნიშნები ჯერ კიდევ მრავლად არსებობს და იმ საკანონმდებლო ხელისუფლებამ, რომელსაც ამჟამად ვირჩევთ, მნიშვნელოვანწილად უნდა შეძლოს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.
XS
SM
MD
LG