Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და რატომ უცხადებს 28 მარტის არჩევნებს ბოიკოტს?


საქართველო არჩევნებში მონაწილეობის მოსურნე პოლიტიკური ორგანიზაციების სიმცირეს არასოდეს უჩიოდა. უფრო პირიქით: როგორც წესი, საარჩევნო სუბიექტთა ჩამონათვალი რამდენიმე ათეულს აღწევს ხოლმე. ასე იყო 2 ნოემბერს, ასე არის ამჯერადაც.

ამ ფონზე რადიომსმენელთათვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს იმ პოლიტიკური ორგანიზაციების ცოდნა, რომლებმაც 28 მარტის განმეორებით საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

ბოიკოტის მომხრეთა სია ასე გამოიყურება: "ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია", პანტელეიმონ გიორგაძის კომუნისტური პარტია, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება და კონსტიტუციური უფლებების დაცვის პარტია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაციები სხვადასხვა იდეოლოგიის მატარებლები არიან, ერთ რამეზე თანხმდებიან: ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ევროსაბჭოს მთელი რიგი რეკომენდაციები და არჩევნების სამართლიანად ჩატარების საკითხი კვლავაც ეჭვქვეშ დააყენა. ამის შესახებ ჩემთან საუბარში ყოფილი სახელისუფლებო ბლოკის წევრმა ირაკლი გოგავამ განაცხადა, რომელიც "კონსტიტუციური უფლებების დაცვის პარტიის" სახელით აპირებდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ პარტიამ გადაწყვეტილება ორიოდე დღის წინ - 26 მარტს შეცვალა, თუ რატომ ამას თავად გოგავა განმარტავს.

[ირაკლი გოგავას ხმა] "გვქონდა ჯერ კიდევ იმედი, რომ ხელისუფლება ვერ გაუძლებდა ზეწოლას ევროპის საბჭოსგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და მეტნაკლებად დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებდა, მაგარამ საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შანსი არის მიზერული და ფაქტიურად არ არსებობს". (სტილი დაცულია)

ირაკლი გოგავა გამგებლებისა და რწმუნებულებისათვის მიცემულ საგანგებო დავალებაზეც საუბრობს. მისი ინფორმაციით, რეგიონების ხელმძღვანელებმა სახელისუფლო ბლოკს ხმების ოთხმოც-ოთხმოცი პროცენტი უნდა მიუთვალონ.

ასევე არჩევნების სამართლიანობაში შეაქვს ეჭვი პანტელეიმონ გიორგაძეს, ქართველი კომუნისტების ლიდერს.

[პანტელეიმონ გიორგაძის ხმა] "კაბინეტში ჯერ არ შესულხარ და უკვე იძახი: მე, მე, მე! არავის არ უსმენ! ამიტომ ჩვენ განვაცხადეთ: ეს არ არის არჩევნები, ასეთი ხელისუფლება არ შეიძლება ჰყავდეს საქართველოს". (სტილი დაცულია)

ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარეს თამარ ჩხეიძეს ყველაზე მნიშვნელოვან არგუმენტად საარჩევნო სუბიექტების არათანაბარ პირობებში ჩაყენება მიაჩნია.

[თამარ ჩხეიძის ხმა] "ესე იგი, თანასწორუფლებიანობა აბსოლუტურად გამორიცხულია; არჩევნები არის ქცეული ფაქტიურად კერძო საკუთრებად გაბატონებული ჯგუფის. ვგულისხმობ, უპირველეს ყოვლისა, იმას თუ რა წესით არის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებული. ისინი აბსოლუტურად მონოპოლიზებულია ხელისუფლების მიერ".

ბოიკოტის მომხრეთა განწყობილების გათვალისწინებით, ალბათ არც ის არის გასაკვირი, თუ რას ელიან ისინი 28 მარტის არჩევნებისგან:

[ირაკლი გოგავას ხმა] "მივიღებთ სტერილურ პარლამენტს, რომელსაც პარლამენტარიზმთან საერთო არაფერი ექნება და გვეყოლება პრეზიდენტი, მაგრამ რეალურად არ გვეყოლება პარლამენტი".(სტილი დაცულია)

[პანტელეიმონ გიორგაძის ხმა] "უბედურება იქნება. ეს იქნება ნამდვილი რევოლუცია!" (სტილი დაცულია)

[თამარ ჩხეიძის ხმა] "შესაძლოა, ხელისუფლებას მოუწიოს რომელიმე პარტიის შერჩევა ოპოზიციად. ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული რამდენად გაუწევს ანგარიშს სააკაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოხატულ აღშფოთებას ამ მიმართულებით" (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG