Accessibility links

logo-print

საარჩევნო კლიპები


საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის ეთერიდან კარგა ხანია მოიხსნა შევარდნაძის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი "ძილის წინ".

მაგრამ საპარლამენტო არჩევნების წინ, ახლა უკვე მიხეილ სააკაშვილის ეპოქის საქართველოში, სერილის გმირები ისევ გამოჩნდნენ ეკრანზე - თანაც, თითქმის ყველა არხზე... ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ სარეკლამო კლიპებში სერიალის პერსონაჟები არჩევნებზე წასვლას მოგვიწოდებდნენ.

[ხმა: ცენტრალური საარჩევნო კომისიის კლიპი]

საპრეზიდენტო არჩევნების წინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "პასიური მოქალაქის" კრებითი სახე "შექმნა" - ქალბატონი ჟუჟუნა... ქალბატონ ჟუჟუნას - მარტოხელა პენსიონერს მიმართავენ ამ კლიპებში ახალგაზრდა გმირები სერიალისა "ძილის წინ", დაახლოებით ისე, როგორც ადგილობრივი არჩევნებისთვის დამზადებულ "ახალი მემარჯვენეების" კლიპებში, სადაც "უცნობის" სიმღერის ფონზე ქართველი თინეიჯერები ხმამაღლა გაჰყვიროდნენ "დავაი ეხლა არჩევნებზე" (რაც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს "მიდი, ეხლა არჩევნებზე")

მაგრამ 2004 წლის საპარლამანტო არჩევნების წინ ახლა უკვე "მრეწველებთან" გაერთიანებულმა "ახალმა მემარჯვენეებმა" ტონი შეიცვალეს. პათეტიკა გაქრა. 900 დღესა და მრეწველობაზე, რომელმაც საქართველო უნდა გადაარჩინოს, მემარჯვენე ოპოზიციის სარეკლამო კლიპებში აღარაფერი თქმულა. ისინი დაგვპირდნენ, რომ დაიცავენ ჩვენს უფლებებს, ჩვენს საკუთრებას, დაიცავენ კონსტიტუციას. ოღონდ კონკრეტულად ვისგან დაიცავენ, ამის შესახებ ტექსტში არაფერია ნათქვამი. "კონსტიტუციის დამრღვევი", ე.ი. სააკაშვილის ხელისუფლება, მხოლოდ იგულისხმება იმ ყველასთვის კარგად ნაცნობ კადრებში, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმები განსხვავებულ ოპერაციებს ატარებენ. ჩანაწერის ხარისხი უხარისხოა, რათა, ღმერთმა დაიფაროს და ამომრჩეველს ამ კადრებმა ესთეტიკური სიამოვნება არ მიანიჭოს.

ეს ხერხი - "უხარისხოდ" ჩაწერილი თუ გადაღებული ტელექრონიკა, რომელსაც ასე ვთქვათ "კონტრაპუნქტული ტექსტი" მიყვება, ნოემბრის არჩევნების წინ ნაციონალურმა მოძრაობამ გამოიყენა. თავის საარჩევნო კლიპებში სახელისუფლო ბლოკმა ამჯერადაც ასეთი "ესთეტიკა" აირჩია, ოღონდ თითქმის გაქრა "მტრის ხატი’. სახელისუფლო ბლოკმა თავისი წარმატებები გაგვახსენა და, რა თქმა უნდა, ახსენა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ამ კლიპების თანახმად, "ყველაზე მეტად დღეს ჭირდება ამომრჩევლის მხარდაჭერა"

როგორც ჩანს ლეიბორისტებსაც მოეწონათ ასეთი ესთეტიკა. თუ ნაციონალური მოძრაობის "ნოემბრის კლიპებში" მტრის ხატი ედუარდ შევარდნაძე იყო, ლეიბორისტების ახალ კლიპებში ედუარდ შევარდნაძეს სააკაშვილი, ჟვანია და ჯორჯ სოროსი დაემატათ (ისევ უხარისხო ჩანაწერებში, რა თქმა უნდა) და შალვა ნათელაშვილის ტექსტი "არც ერთი არა ხართ ქვეყნის მხსნელი და გადამრჩენი", რაც იმას გულისხმობს, რომ ლეიბოისტული პარტია "ქვეყნის მხსნელად და გადამრჩენად" თავის თავს მიიჩნევს. ლეიბორისტების კლიპებში ლაპარაკია კიდევ ერთ პერსონაჟზე - იეღოვას მოწმეებზე

[ხმა: ლეიბორისტების კლიპი]

აქ "შრომის პარტიის" მართლმადიდებელი ლიდერი უნებურად აღიარებს, რომ ცნობიერებას ყოფიერება განსაზღვრავს, და, არა პირიქით... ასევე უნებურად კარგავს ეთნიკურად "არაქართულ" ელექტორატს "ედპ-ტრადიციონალისტების" ბლიკი, როცა თავის საარჩევნო კლიპებში აღიარებს, რომ "ქართული ძალა" ჭირდება... აი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის კლიპები კი იმ ამომრჩეველზეცაა გათვლილი, ვინც ვერა და ვერ ისწავლა ქართული - ქალბატონ ჟუჟუნასთან დიალოგს (ხანაც, მონოლოგს) რუსული სუბტიტრები ახლავს.

"ნუ დარჩები მარტო, წამოდი არჩევნებზე" - დაახლოებით ორი კვირა ეხვეწებოდნენ ტელესერიალის გმირები 2004 წლის საპარლამენტო არჩევნების სარეკლამო კამპანიის მთავარ პერსონაჟს. სწორედ ქალბატონ ჟუჟუნაზე გახდა დამოკიდებული არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობის აქტიურობა.
XS
SM
MD
LG