Accessibility links

logo-print

როგორ ემზადებოდა არჩევნებისთვის ერთი თბილისური ოჯახი


თბილისში მცხოვრები ზაალიშვილების ოჯახში ამომრჩევლის სტატუსი, მართალია, 5 წევრს მიესადაგება, მაგრამ არჩევნებზე წასასვლელად დღეს მხოლოდ 4 მათგანი ემზადებოდა.

დიდ ოჯახში პოლიტიკური არჩევანის ნამდვილი თავისუფლებაა. მისი წევრები საკუთარ პოზიციას მტკიცედ იცავენ და ერთმანეთის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენას, თურმე, არც კი ცდილობენ.

ზაალიშვილების ოჯახს დღეს დილას ვესტუმრე. 28 მარტი მათთვის ჩვეულებრივად დაიწყო - მშვიდად და მეგობრულად. ოჯახის ყველაზე ახალგაზრდა ამომრჩეველი 30 წლის თინიკო ზაალიშვილია და ის არჩევნებზე წასვლას არ აპირებს:

(თინიკოს ხმა) "არ ვაპირებ. იცი რა, უჩემოდაც ყველაფერი წყდება ისე, როგორც უნდა გადაწყდეს."

თინიკო ფიქრობს, რომ მისი ერთი ხმა მნიშვნელოვანს ვერაფერს გადაწყვეტს და, თანაც, ქართული პოლიტიკური სპექტრი მას მაინცდამაინც არ ხიბლავს.

შვილის ინდიფერენტულობა საოცრად არ მოსწონს 52 წლის ციცო ზაალიშვილს, რომელიც თინიკოს გააქტიურებას ბოლო დროს, თურმე, სულ ამაოდ ცდილობს:

(ციცოს ხმა) "მინდა დავარწმუნო, რომ არჩევნებზე მისვლა აუცილებელია. მივიდეს და, თუ არ მოსწონს არავინ, გადახაზოს ყველა."

თავად ციცო არჩევნებზე მიდის და ამით ბოლო შანსს აძლევს ნაციონალურ მოძრაობა-დემოკრატებს, რომელთა ბოლოდროინდელ მოქმედებებში რაღაც-რაღაცები აღარ მოსწონს:

(ციცოს ხმა) "ნაციონალურ მოძრაობა-დემოკრატებს, სიმართლე გითხრათ, მინდა ბოლო შანსი მივცე."

მეუღლისგან განსხვავებით, შანსს ამჯერად არავის აძლევს 60 წლის ალექსანდრე ზაალიშვილი, თუმცა არჩევნებზე მაინც მიდის და საარჩევნო ბიულეტენში სიის მთლიანად გადახაზვას აპირებს. ასე ის საკუთარ ხმას გაყალბებისგან იცავს:

(ალექსანდრეს ხმა) "ვაპირებ მივიდე და გადავხაზო ყველა პარტია, რომ არ გაყალბდეს ჩემი ხმა."

შედარებით ოპტიმისტურად არის განწყობილი ოჯახის სიძე 34 წლის გიორგი კობალაძე, რომელსაც განსაკუთრებული იმედები, როგორც ჩანს, ნოემბრის ვარდებმა მოუტანა:

(გიორგის ხმა) "არჩევნებზე მივდივარ აუცილებლად და ხმას ვაძლევ ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების ბლოკს. ეს იმიტომ გადავწყვიტე, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ გაჩნდა სერიოზული იმედი, რომ რაღაც გამოსწორდება."

ჩემ სტუმრობამდე ოჯახში არავინ იცოდა, თუ ვის უძღვნიდა საკუთარ საარჩევნო ხმას ყველაზე ხანდაზმული წევრი 85 წლის თინათინ კანდელაკი. ოჯახის წევრთა ვერსიებით, იგი ან ლეიბორისტების ან ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების მხარდამჭერი უნდა ყოფილიყო. თინა ბებოს კი, ამ დროს, ღრმად სჯეროდა და სჯერა, რომ, მრეწველობის გარდა, საქართველოს სხვა ვერაფერი გადაარჩენს:

(თინათინ კანდელაკის ხმა) "მე თვითონ ნამუშევარი ვარ მრეწველობაში და ვიცი, რომ მრეწველობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის აღორძინებისთვის და ვფიქრობ, რომ მრეწველობა, მართლაც, გადაარჩენს საქართველოს."

როგორც საარჩევნო რეალობა ცხადყოფს, ხანდაზმული ამომრჩევლები ხშირად ექცევიან ხოლმე ოჯახის ახალგაზრდა წევრების ზეგავლენის ქვეშ, თინა ბებო კი - ნურას უკაცრავად:

(თინათინ კანდელაკის ხმა) "ყველა თავის თავზეა პასუხისმგებელი. საკუთარი აზრი ყველას უნდა ჰქონდეს. ვერავის ვერ დააძალებ შენს აზრს."

ამ დიდ და მეგობრულ ოჯახში პოლიტიკურ საკითხებზე, თურმე, საკმაოდ ხშირად კამათობენ, მაგრამ ჩხუბსა და აყალ-მაყალში ეს ჯერ არასოდეს გადაზრდილა. იმედია, სიმშვიდე არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგაც შენარჩუნდება.
XS
SM
MD
LG