Accessibility links

FBI-ის უფროსი შესაძლო ტერორისტული აფეთქებების გამო ღელავს


გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ტერორისტული თავდასხმებია მოსალოდნელი.

რობერტ მიულერი შიშობს, რომ მადრიდის ტერორისტული აფეთქებების შემდეგ ჩატარებული არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების ეფექტმა, შესაძლოა, ექსტრემისტების სტიმულირებაც კი გამოიწვიოს. ამ თემაზე ნონა მჭედლიშვილი ისაუბრებს.

ასოშიეტედ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ეფ-ბი-აი-ს შეფი მიმდინარე წლის ზაფხულში ამერიკასა და ევროპაში დაგეგმილ, ტერორიზმის საფრთხის თვალსაზრისით მნიშვნელოვან ორ ღონისძიებაზე მიუთითებს. ესენია ზაფხულის ოლიმპიური თამაშები საბერძნეთში და შეერთებული შტატების მთავარი პოლიტიკური პარტიების ყრილობები, რომლებზეც ფორმალურად უნდა დასახელდნენ პრეზიდენტობის კანდიდატები.

1972 წლიდან, მას შემდეგ, რაც მიუნხენის თამაშებზე პალესტინელი ექსტრემისტული დაჯგუფების წევრებმა ისრაელის 8 სპორტსმენი მოკლეს, ოლიმპიადის უსაფრთხოება სერიოზულ პრობლემად იქცა. ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში, ოლიმპიადებზე ტრაგიკული არაფერი მომხდარა. თუმცა 1996 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ატლანტის ზაფხულის თამაშებზე ბომბის აფეთქებამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მრავალი დააშავდა.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები წელს საბერძნეთში უნდა გაიმართოს. და მიულერი ამბობს, რომ იგი ღელავს, ვინაიდან ყველაფერი, სტადიონების რეკონსტრუქციით დაწყებული, მწვანე საფარის მოწყობით დამთავრებული, წინასწარ შემუშავებული გეგმის გვერდის ავლით მიმდინარეობს. გამონაკლისი არ არის არც უსაფრთხოება. მიუხედავად იმისა, სპორტსმენებისა და მაყურებლების დასაცავად ასობით მილიონი დოლარი იხარჯება.

მიულერს კიდევ უფრო მეტად აღელვებს შესაძლო თავდასხმები შეერთებული შტატების პოლიტიკური პარტიების ყრილობებზე. დემოკრატიული პარტიის ყრილობა, რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატად სენატორ ჯონ კერის დაასახელებენ, მასაჩუსეტსის შტატიდან. ივლისის დასასრულს ამერიკის ჩრდილოაღმოსავლეთში, ქალაქ ბოსტონში გაიმართება. რესპუბლიკელების ყრილობა, ერთი თვის შემდეგ, ნიუ იორკშია დაგეგმილი. პრეზიდენტობის კანდიდატად ყრილობა ჯორჯ ბუშს დაასახელებს.

მადრიდის აფეთქებების გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც არჩევნებამდე სამი დღით ადრე მოხდა, მიულერი ფიქრობს, რომ ტერორისტები ამერიკაშიც ისურვებენ არჩევნების შედეგებზე ზეგავლენას.

მიულერი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებში სახელმწიფო შენობები და აეროპორტები უპრეცედენტო დაცვის ქვეშ იმყოფება. შესაბამისად, იგი ვარაუდობს, რომ ტერორისტები ეგრეთ წოდებულ "რბილ სამიზნეებს" შეარჩევენ. ანუ ისეთ ადგილებს, რომლებიც შედარებით ნაკლებადაა დაცული.

2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, როდესაც აფეთქებებმა დახლოებით 3000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს, შეერთებულ შტატებში ტერორისტული აქტი აღარ განხორციელებულა. და ეს გასაგებია, -ამბობს ვაშინგტონის კერძო კვლევითი ცენტრის, კატო ინსტიტუტის უცხოეთის პოლიტიკის განყოფილების დირექტორი ქრისტოფერ პრებლი.

[ქრისტოფერ პრებლის ხმა]-" 11 სექტემბრის დილის შემდეგ, ჩვენ მუდმივი სიფხიზლის მდგომარეობაში ვიმყოფებოდით. და ამას არაფერი საერთო არ აქვს თავდაცვის დეპარტამენტის, საშინაო უშიშროების უწყებისა თუ ფედერალური მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებთან. მე ვფიქრობ,გადამწყვეტი ის იყო, რომ მასობრივი თავშეყრის ადგილებში ხალხს მოსალოდნელი საფრთხე გაცნობიერებული ჰქონდა."

როგორც პრებლი ამბობს, შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ტერორისტული შეტევების თავიდან აცილების მიმართულებით გატარებული უსაფრთხოების ზომები ასევე იმსახურებს აღნიშვნას, თუმცაღა ამბობს, რომ ამ ზომების წარმატება ძირითადად მაინც ბედის წყალობა იყო. ამასთან დაკავშირებით იგი იხსენებს 1984 წელს ირლანდიის რესპუბლიკური არმიის მიერ გაერთიანებულ სამეფოში ჩაშლილი საბრძოლო ოპერაციის შემდეგ გაკეთებულ ერთ განცხადებას.ციტატა "დღეს ჩვენ არ გაგვიმართლა. მაგრამ გახსოვდეთ- საკმარისია ჩვენ მხოლოდ ერთხელ გაგვიმართლოს, თქვენ კი ყოველთვის უნდა გწყალობდეთ ბედი."

პრებლის თქმით, ასევე გასათვალისიწინებელია ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების მიზნით დახარჯული ათასობით მილიონი დოლარი შესაძლოა არც ისეთი ეფექტიანი აღმოჩნდეს, როგორც მთავრობას ჰგონია. ის ამბობს, რომ უკვე დახარჯული ფულს საუკეთესოდ ასახავს ერთი სიტყვა.

[პრებლის ხმა]" არასწორად დახარჯული. ვინაიდან, ფაქტია, რომ ტერორისტებმა სისუსტეების გამოყენება იციან. და ისინი იშვიათად გიტევენ იქ, სადაც ძლიერი ხარ."


ქენეთ ალარდი ეთანხმება პრებლის და ამბობს, რომ ამერიკის ინფრასტრუქტურის ბევრი მნიშვნელოვანი ნაწილი არასათანადოდაა დაცული. ალარდი, შეერთებული შტატების არმიის გადამდგარი ოფიცერი ამბობს, რომ ამერიკის პორტები, რკინიგზა და სამგზავრო მატარებლები კვლავაც ადვილ სამიზნეებად რჩებიან.

მაგრამ ის შენიშნავს, რომ ბუშის ადმინისტრაციას სულ მცირე ერთი მთავარი წარმატების აღნიშვნა მაინც შეუძლია. ეს არის ომი ავღანეთში, რომელმაც გაანადგურა თალიბანი და გაფანტა "ალყაიდის" ძალები.
XS
SM
MD
LG