Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობა უზბეკეთში


ანდრო ეული, პრაღა დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოთა ცნობით,

სამშაბათს უზბეკეთის საგანგებო დანიშნულების ძალებმა იერიში მიიტანეს შეიარაღებულ ჯგუფზე ტაშკენტის მახლობლად და სულ ცოტა 16 ექსტრემისტი მოკლეს. ცნობაში ნათქვამია, რომ შეტაკების დროს საგანგებო დნიშნულების 3 მებრძოლი დაიღუპა.

სამშაბათს დილით, საგანგებო დანიშნულების შენაერთმა ოპერაცია განახორციელა ტერორისტთა ჯგუფის გასანადგურებლად.

ასევე სამშაბათს მამაკაცმა, რომელსაც პოლიცია დაედევნა ტაშკენტში, ავტომანქანაში თავი აიფეთქა. ქალაქის სხვა უბანში სროლა ატყდა, როცა პოლიციამ რეიდი განახორციელა 3 ბოროტმოქმედის შესაპყრობად, რომლებიც ბინაში იყვნენ გამაგრებულები.

ეს ცნობები ინფორმაციის დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ, თუმცა მრავლადაა იმის ნიშნები, რომ პოლიცია ფართომასშტაბიან ოპერაციას აწარმოებს ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ ტაშკენტსა და მიმდებარე დასახლებებში.

უზბეკეთის დედაქალაქში უშიშროების საგანგებო ზომებია მიღებული. ტაშკენტში შესვლა შეზღუდულია; საგულდაგულოდ მოწმდება ყველა მისული ავტომანქანა. ქალაქის ყველა საბავშვო ბაღი დახურულია.

კვირასა და ორშაბათს ტაშკენტსა და ბუხარაში მომხდარმა ძალადობამ 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 26 დაიჭრა.

ძალადობა 28 მარტს, ღამით დაიწყო ბუხარაში, როცა აფეთქებამ სახლში, სადაც ტერორისტები ბინადრობდნენ, ათი ადამიანი დაიღუპა. კვირას ღამით და ორშაბათს დილით განხორციელებული ორი თავდასხმის დროს პოლიციის 3 ოფიცერი იქნა მოკლული. მოგვიანებით, ორი თვითმკვლელი ქალის მიერ მოწყობილმა აფეთქებებმა სამი პოლიციელისა და ერთი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ჯერჯერობით არავის არ აუღია თავის თავზე ამ თავდასხმებისთვის პასუხისმგებლობა. თუმცა უზბეკეთის ხელისუფლებას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ აფეთქებები ისლამისტმა ექსტრემისტებმა მოაწყეს. სატელევიზიო მიმართვაში ორშაბათს ღამით, უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ კარიმოვმა თქვა, რომ ისლამისტ ექსტრემისტებს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია აქვთ განზრახული [ისლამ კარიმოვის ხმა]: "თუ ცალ-ცალკე განვიხილავთ ამ მოვლენებს მივალ იმ დასკვნამდე, რომ ყველა ეს თავდასხმა კარგად იყო წინასწარ დაგეგმილი, ხოლო მათი მომზადება, გარედან მოხდა. დახმარება წამოვიდა ექსტრემისტული ცენტრებიდან, რომლებსაც ვეებერთელა სახსრები და შესაძლებლობები გააჩნია".

მისივე თქმით, ხსენებული თავდასხმების მოწყობაში, როგორც ჩანს, რესპუბლიკაში აკრძალული რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ჰეზბ უთ-თაჰრირი მონაწილეობდა. ამ დაჯგუფების წარმომადგენლებმა ბრიტანეთში კატეგორიულად უარყვეს თავიანთი მონაწილეობა ამ ძალადობაში და მძაფრად დაგმეს უდანაშაულო მოქალაქეთა დახოცვა. ეს დაჯგუფება, რომელიც არ ყოფილა ძალადობაში შემჩნეული, მშვიდობიანი მეთოდებით ცდილობს მთელს შუა აზიაში ისლამური სახელმწიფოს, ანუ ხალიფათის დაარსებას.

უზბეკეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ტაჯიკეთმა, ყაზახეთმა და ყირგიზეთმა უშიშროების საგანგებო ზომები მიიღეს უზბეკეთის საზღვრისპირა რაიონებში.

ოფიციალურმა მოსკოვმა მკაცრად დაგმო უზბეკეთში მომხდარი თავდასხმები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრ იაკოვენკომ გაიზიარა კარიმოვის მტკიცება, რომ რესპუბლიკაში მომხდარი ძალადობის უკან ისლამისტი ექსტრემისტები დგანან, და თან დასძინა, რომ ამგვარი აქტების ჩამდენნი არ სცნობენ გეოგრაფიულ, პოლიტიკურსა თუ რელიგიურ საზღვრებს.

პეკინში, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო უზბეკეთში მომხდარი "ტერორისტული აქტები" და მეტი ძალისხმევისკენ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა ასევე დაგმო უზბეკეთში მომხდარი ძალადობა [რიჩარდ ბაუჩერის ხმა]: "უწინარესად მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ მძაფრად ვგმობთ უზბეკეთში მომხდარი უაზრო ძალადობის აქტს. გვინდა თანაგრძნობა გამოვუცხადოთ უზბეკეთის მთავრობასა და ხალხს იმ დანაკარგებისთვის, რაც ამ ტერორისტულმა თავდასხმებმა გამოიწვია. მომხდარმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შემდგომი თანამშრომლობა იმათ წინააღმდეგ, ვინც თავისი ბნელი მიზნების მისაღწევად არაფერზე დაიხევს უკან".

უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სადიქ საფაევს მიაჩნია, რომ უზბეკეთში მიმდინარე ძალადობა იმისთვისაა გამიზნული, რომ შეერთებული შტატების თაოსნობით შექმნილ ანტიტერორისტულ კოალიციას გამოუთხაროს ძირი.
XS
SM
MD
LG