Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონი ტერაქტების რეალური საფრთხის წინაშე


მადრიდში 11 მარტის სისხლისმღვრელი აფეთქებების შემდეგ ლონდონში გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ასეთივე თავდასხმები ბრიტანეთსაც ემუქრება.

როგორ წარმოუდგენიათ ეს საფრთხე და რა ზომებს მიმართავენ თავის დასაცავად - ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენი რადიოს ლონდონელმა კორესპონდენტმა იან იუნმა მოგვაწოდა.

ის იუწყება, რომ ლონდონში განგაშია გამოცხადებული მადრიდში მატარებლების აფეთქების შემდეგ და მას შემდეგ, რაც გავრცელდა, სავარაუდოდ, "ალ-ყაიდის" გაფრთხილება: ახლა სამიზნეებს შორის ბრიტანეთი იქნებაო.

ლონდონის ქუჩებში ავტომატებით შეიარაღებული პოლიციელები გუშაგობენ, ქალაქს თავს შვეულმრფენები დატრიალებენ, დამონტაჟებულია ათასობით ვიდეო-კამერა ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეებისათვის თვალყურის სადევნებლად. ჩვენი კორესპონდენტი იმასაც იუწყება - ამბობენ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დღე და ღამე იმყოფებიან უშიშროების მუშაკებიო. იქ - ავტობუსებსა თუ მეტროში გაკრული ახალი პლაკატები გამვლელებს მოუწოდებს, მაშინვე შეატყობინონ პოლიციას, თუ სადმე საეჭვო ნივთი შეამჩნიეს. მეტროს სადგურებში ერთ ნაგვის ყუთს ვეღარ მიაგნებთ - ყველა მოხსნილია, რახან ბომბის დამალვის საშუალებას იძლევა.

და მაინც, ლონდონის მერი კენ ლივინგსტონი ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ხედავს: მისი თქმით, "სასწაული" იქნება, თუ ლონდონი მსხვილ ტერაქტს გადაურჩა. დაახლოებით ასეთივე მოსაზრებას გამოთქვამს პოლიციის შეფი ჯონ სტივენსი. მადრიდში აფეთქებები ითვლება იმის შედეგად, რომ ესპანეთმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა შეერთებულ შტატებს ერაყში ომის საკითხში. ვაშინგტონის უახლოესი მოკავშირე კი ბრიტანეთია...

მაგრამ პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა პარლამენტში გამოსვლისას ისევ გაიმეორა, რომ ტერორისტები ქვეყანას პოზიციას ვერ შეაცვლევინებენ: [ტონი ბლერის ხმა] "ამ ხალხს ვერ დააკმაყოფილებ. მათ არა აქვთ მოთხოვნები, რომელთა მოგვარებაც მოლაპარაკებით არის შესაძლებელი. "ალ-ყაიდა" სრულიად გასაგებად ამბობს: თქვენ გიყვართ სიცოცხლე, ჩვენ გვიყვარს სიკვდილი. სამწუხაროდ ამ ხალხთანა გვაქვს საქმე და ისინი სწორედ ამიტომ უნდა დავამარცხოთ." ბლერს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის ლიდერმა მაიკლ ჰოვარდმა. მისი რწმენით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.

ეს, რაც შეეხება პოლიტიკოსებს. მაგრამ რას ფიქრობენ რიგითი ლონდონელები? ამის გასარკვევად ჩვენი კორესპონდენტი რამდენიმე გამვლელს გამოელაპარაკა და დაასკვნა, რომ ყველა შეშფოთებულია ტერაქტების საფრთხით: [გამვლელების ხმები]
" ქალი: კი, ლონდონში მგზავრობისა ახლა გვეშინია.
მამაკაცი: აბა რა, ღმერთო ჩემო! გვეშინია, ნამდვილად გვეშინია... " ამბობენ ჯერი და კეიტ ტორნტონები.

24 წლის პურნიმა ბარტია კი, რომელსაც სამსახურში მისასვლელად ყოველდღე საგარეუბნო მატარებლებით სარგებლობა უწევს, ამბობს: [პურნიმა ბარტის ხმა]"ერთადერთი ის მაშინებს, რაც მეტროში, ან მატარებელში შეიძლება მოხდეს. წარმოიდგინეთ - მატარებელი გვირაბშია გაჩერებული და ბომბი აღმოაჩინეს. მგზავრები ხომ ვერსად გავიქცევით? აი, მხოლოდ ამის მეშინია. დანარჩენზე დიდად არ ვდარდობ".

და კიდევ ერთი ლონდონელი, 31 წლის ენდი რიჩარდსონი: [ენდი რიჩარდსონის ხმა] "ეს ყველაფერი საშიშია, მაგრამ იცით, მე ავტობუსის მძღოლი ვარ და ყოველ დღე შეიძლება, რამე შემემთხვას. ასე, რომ ვნახოთ - რაც მოსახდენია, მოხდება. იმედია არ მოხდება, მაგრამ ვინ იცის? "
XS
SM
MD
LG