Accessibility links

logo-print

აჭარის ხმები და დემოკრატიული აღორძინების კავშირის შანსი


დავით პაიჭაძე, თბილისი 30 მარტამდე უცნობი რჩებოდა, რა შანსი ჰქონდა "აღორძინების კავშირს" პარლამენტში მოსახვედრად. სხვა პარტიათა მონაცემებს შორის აღორძინების მაჩვენებელი დაბალი იყო და ერთ პროცენტსაც ვერ აღწევდა.

ასე ხდებოდა აჭარის საოლქო და საუბნო კომისიებიდან ოქმების მიღებამდე. ავტონომიური რესპუბლიკიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მონაცემების შესვლის შემდეგ რეგიონის ხელისუფლების პარტიამ გადალახა შვიდპროცენტიანი ბარიერი, თუმცა მოგვიანებით ისევ ამ ბარიერის ქვემოთ აღმოჩნდა.

ყველას ახსოვს, რა ხდებოდა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ბლოკების "ერთიანი საქართველოსთვისა"
და "სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობის" მაჩვენებლებს ჯერ არ შემატებოდა აღორძინების ხმები. აჭარიდან თბილისში ჩამოსულმა ოქმებმა არჩევნების დეკლარირებული შედეგები ლამის თავდაყირა დააყენა: ნაციონალური მოძრაობა მესამე ადგილზე გადაისროლა, აღორძინება მეორეზე აღმოჩნდა, ხოლო პირველი ადგილი მაშინდელი ხელისუფლების ბლოკმა დაისაკუთრა. იმ დღიდან 5 თვე გავიდა და აღორძინების გაქანება საგრძნობლად შეიკვეცა: დღეს საკითხავია, საერთოდ მოხვდება თუ არა ეს პარტია პარლამენტში.

30 მარტს დილით ცნობილი გახდა, რომ აღორძინებამ აჭარაში დაახლოებით 76 ათასი ხმა აიღო. ხმების ამ რაოდენობამ ასლან აბაშიძის პარტიას 8%-ზე მეტი არგუნა, მაგრამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებში არ იყო გათვალისწინებული რამდენიმე საარჩევნო ოლქის ციფრები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი ასე აღწერდა და აფასებდა 28 მარტისა და 2 ნოემბრის მონაცემებს აჭარაში:

[ჭიაბერაშვილის ხმა] "აქტივობა იყო 145 ათას 330 ადამიანი, ანუ პრაქტიკულად ის ფაქტი, რომ 279 ათასი ხმა მიიღო დემოკრატიული აღორძინების კავშირმა 2 ნოემბერს, იყო სრული სიყალბე და ეს 28 მარტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა."

29 მარტს მრეწველებისა და ახლების ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოგი თოფაძემ, განაცხადა, რომ 7%-ანი ბარიერის გადალახვას, არჩევნების მონაწილეთა საერთო რაოდენობის გათვალისწინებით, 105 ათასი ხმა სჭირდება, ხოლო მის ბლოკს დაახლოებით 115 ათასი აქვს მიღებული. თუ ეს სიმართლეა, მაშინ აღორძინებას, უბრალოდ, შანსი არ რჩება დააგროვოს ხმების თუნდაც 7 პროცენტი. 30 მარტს საღამოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს საფუძველი მიეცა ეთქვა:

[ჭიაბერაშვილის ხმა] "გარკვეულ პარტიათა პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს იმის მიხედვით, რომელი საარჩევნო ოლქის მონაცემები ემატება. მაგალითად, 7%-ან ბარიერს ჩამოსცდა დემოკრატიული აღორძინების კავშირი. დილით, როცა აჭარა დაემატა, აღორძინების პროცენტულმა მაჩვენებელმა აიწია, მაგრამ როცა დაემატა სხვა სააარჩევნო ოლქები, ბუნებრივია, დაიწია დაბლა. აჭარის გარდა, სხვა საარჩევნო ოლქებში მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა საკმაოდ დაბალია."

ესეც არ იყოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე შედის მრავალი საჩივარი აჭარაში არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე. საჩივრის დაწერა შეუძლია როგორც კომისიის წევრს, ისე დამკვირვებელს. ზურაბ ჭიაბერაშვილი საოლქო კომისიებისგან საჩივრებზე რეაგირებას მოითხოვს:

[ჭიაბერაშვილის ხმა] "საოლქო კომისიები ვალდებულნი არიან, რეაგირება მოახდინონ იმ უამრავ დარღვევაზე, რაც ჩემ წინ დევს, როგორც ფაქტი."

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვარაუდობს კიდეც, სად გაუქმდება საუბნო კომისიათა ოქმებში ჩაწერილი შედეგები:

[ჭიაბერაშვილის ხმა] "რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, აჭარასა და ქვემო ქართლში, ალბათ, იქნება სერიოზული რაოდენობა უბნებისა, სადაც დარღვევების გამო შედეგები გაბათილდება."

ეს პერსპექტივა, შეიძლება ითქვას, წერტილს უსვამს აღორძინების კავშირის ამბიციას, მოხვდეს საქართველოს პარლამენტში.
XS
SM
MD
LG