Accessibility links

logo-print

საქართველო ნატოსკენ გზის გაკვლევას ახალი ძალით ცდილობს


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტულ მიმართულებად ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას ასახელებს,

ერთი კვირის შემდეგ ალიანსის შტაბბინაში ვიზიტს გეგმავს. ამ ვიზიტის მოსამზადებლად ბრიუსელს უკვე ეწვია წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელიც ასევე უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში, რის განხორციელების შემთხვევაშიც საქართველოს გაეხსნება კარი ნატოს კანდიდატობისაკენ. თუმცა ამ დელეგაციაში არ აღმოჩნდა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, რომელიც თვე-ნახევრის წინ ზარ-ზეიმით დაინიშნა ნატოში საქართველოს ელჩად. არსებობს ინფორმაცია, რომ დავით თევზაძის დიპლომატიური კარიერა საფრთხეშია.


ორთვიანი ინტერვალით ზედიზედ ჩატარებული სამი მნიშვნელოვანი არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო ვალდებულებებისთვისაც მოიცალა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით, შეიქმნა უწყებათშორისი დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც თაროდან უნდა ჩამოიღოს საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის პროექტი, გადააცალოს მტვერი და შეიტანოს მასში პრინციპული ცვლილებები. ამ კომისიის წევრის, ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილის დავით სიხარულიძის თქმით, ადრე არსებულმა კომისიამ ორი წელი მოანდომა პარტნიორობის გეგმის პროექტზე მუშაობას, მაგრამ წინა ხელისუფლებას არ ჰქონდა აღმასრულებელი სისტემის რეფორმირების პოლიტიკური ნება და პროცესი თვითდინებაზე აღმოჩნდა მიშვებული.

[დავით სიხარულიძის ხმა] "ეს პროცესი - სერიოზული რეფორმები -უნდა დაწყებულიყო ადრე. სამწუხაროდ, არ მოხერხდა წინა ხელისუფლების პირობებში. ორი წელია თითქმის აღებულია ინდივიდუალური თანამშრომლობის ვალდებულება, მაგრამ ვერ მოხერხდა ვერანაირად ამ გეგმის წარდგენა, იმიტომ რომ არ იყო პოლიტიკური ნება, გატარებულიყო რეფორმები, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში. ნება არ ჰქონდა როგორც თავდაცვის მინისტრს, ისე მთლიანად ხელისუფლებას. ახლა ნატოს წევრი ქვეყნები ხედავენ, რომ საქართველოში არსებობს პოლიტიკური ნება, საკმაოდ დინამიკურად მიმდინარეობს პროცესები და არსებობს იმედი, რომ პარტნიორობის გეგმის შემუშავება და მისი თანამდევი რეფორმები ამ სფეროში წარმატებული იქნება."

მაშ ასე, ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის წარდგენის მთავარ დაბრკოლებად სამხედრო უწყების ყოფილი ხელმძღვანელობის პოზიცია სახელდება. მაგრამ მაშინ, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უცნაურია ის, რომ ნატოში საქართველოს ელჩად თვე-ნახევრის წინ სწორედ დაბრკოლების მთავარი მიზეზი - თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე დაინიშნა. თავის დროზე ამ გადაწყვეტილებას ნაჩქარევს უწოდებდა "მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის" თანამშრომელი, ექსპერტი დავით დარჩიაშვილი. თუმცა, მისი თქმით, ვინაიდან საგარეო პოლიტიკის საკითხებში გადამწყვეტი სიტყვა ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკუთვნის, არ ღირს განგაშის ატეხა.

[დავით დარჩიაშივილის ხმა] " ნუ, ახლა აქ სხვა გამოსავალი არ არის. ის კაცი უკვე დანიშნულია ოფიციალურად ელჩად და როგორიც არ უნდა იყოს მისი სამუშაო უნარები და დამოკიდებულება, მან უნდა შეასრულოს ეს მისია. თუ რაღაც დაბრკოლებას ექნა ადგილი, მე მგონი, სათანადო დასკვნები იქნება გამოტანილი და ადეკვატური ზომები იქნება მიღებული."

აღსანიშნავია, რომ დავით თევზაძე ელჩად ნატოში პრეზიდენტის ინაუგურაციდან ერთი კვირის თავზე დაინიშნა. მაგრამ განვლილი დროის მიუხედავად, ახალმა ელჩმა ვერაფრით ჩააღწია ბრიუსელში. არსებობს ინფორმაცია, რომ დავით თევზაძის დიპლომატიური კარიერა საფრთხეშია. ორი დღის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ყველა ელჩს - და, მათ შორის, დავით თევზაძესაც - დაეგზავნა ცირკულარი თხოვნით, გადადგნენ დაკავებული თანამდებობიდან. ეს ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში არც უარყვეს და არც დაადასტურეს, ხოლო თავად დავით თევზაძე, ბრიუსელში მისი ჩაუსვლელობის მიზეზის კომენტირებისას, ტრადიციულად, მოკლე პასუხით შემოიფარგლა:

[დავით თევზაძის ხმა] "არანაირად, პროცედურებია ხანგრძლივი."

და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: წინასწარი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ნატოს შტაბბინაში ჩასვლას 7 აპრილს გეგმავს. და რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, პრეზიდენტის ვიზიტის მზადების პროცესში ჩართული არ აღმოჩნდა საქართველოს ახალი ელჩი ნატოში. დავით თევზაძისათვის, რომელმაც "ხავერდოვანი რევოლუციის" დროს ბეწვის ხიდზე გაიარა, ასევე უცნობია, წაიყვანს თუ არა მას მიხეილ სააკაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში.
XS
SM
MD
LG