Accessibility links

logo-print

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, ცენტრისა და ავტონომიის დაპირისპირება და რუსეთის დამოკიდებულება


გიორგი კაკაბაძე, თბილისი საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, ცენტრისა და ავტონომიის დაპირისპირება და რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - აი, ის საკითხები,

რომელთა შესახებაც არის საუბარი რუსეთის ბოლოდროინდელ პრესაში.

30 მარტის გაზეთი "კრასნაია ზვეზდა" წერს, რომ "...არჩევნების მთავარი პოლიტიკური შედეგი უკვე აშკარაა". გაზეთის თქმით, "მისი არსი ისაა, რომ თბილისს დაქვემდებარებულ რეგიონებში საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობს და ამიტომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც, ძირითადად, სააკაშვილის მომხრეებისგან შედგება, პრეზიდენტის კურსს დაუჭერს მხარს. ასე რომ, უახლოეს მომავალში მაინც, სააკაშვილს არ შეექმნება დაბრკოლებები პარლამენტის მხრიდან. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ვერ გავრცელდება."

30 მარტის გაზეთი "ვედომოსტი" წერს, რომ "ექსპერტების აზრით, არჩევნების შემდეგ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებს სააკაშვილი არჩევნებზე მიღწეული წარმატების განვითარებას და აბაშიძის გადაბირებას."

მოსკოველი ექსპერტის ალეკსეი მალაშენკოს აზრით, "სააკაშვილის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანად და, ამავე დროს, მშვიდობიანი გზით შეძლებს სააკაშვილი აბაშიძის დამარცხებას."

"ვედომოსტი" აგრეთვე წერს: "მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ექსპეტრის ალა იაზკოვას აზრით, არჩევნებში თავისი პარტიის შედარებითი მარცხის გამო, აბაშიძე არ იტყვის უარს ძალაუფლებაზე, მით უფრო, რომ იგი ავტონომიას ერთპიროვნულად კი არ მართავს, არამედ კლანებს ეფუძნება. მაგრამ "აჭარის კონფლიქტის" ძალისმიერი გადაჭრა, არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, იაზკოვას აზრით, "ნაკლებად სავარაუდოა".

25 მარტის გაზეთ "კრასნაია ზვეზდასთან" ინტერვიუში პოლიტოლოგი მიხაილ ალეკსანდროვი აცხადებს, რომ "აჭარის ელიტა არ აპირებს იმ ეკონომიკური უპირატესობის ხელიდან გაშვებას, რომელიც მას ამჟამად ბათუმის პორტზე კონტროლის გამო აქვს." ალეკსანდროვის თქმით, "ამიტომ ეს ელიტა თბილისისგან მაქსიმალური ავტონომიის შენარჩუნებითაა დაინტერესებული. სავარაუდოდ, გამოყოფის ტენდენციამ მხოლოდ მაშინ შეიძლება იჩინოს თავი, თუ თბილისი შეეცდება ძალით გააუქმოს ან შეზღუდოს ავტონომია და, შესაბამისად, აჭარის ელიტას შემოსავლები წაართვას."

26 მარტის "ნეზავისიმია გაზეტასთან" ინტერვიუში ცნობილი ექსპერტი ანდრეი პიონტკოვსკი საუბრობს რუსეთის დამოკიდებულებაზე საქართველოსა და, ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების მიმართ. მისი თქმით, "ორიენტაცია ევროპაზე, დასავლეთზე - საქართველოსა და ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის შეგნებული არჩევანია" და, როგორც ის აცხადებს, "უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში საქართველოს განვითარების ვექტორს ევროკავშირი და ნატო წარმოადგენს."

ექსპერტი ამბობს: "ეს არის მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის პრობლემა და ის უმნიშვნელოვანესად უნდა იქცეს რუსეთის საგარეო პოლიტიკაში. თუ ჩვენ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ჯიუტად მოვთხოვთ, აირჩიონ ან დასავლეთი, ან რუსეთი, მაშინ ისინი, ბოლოს და ბოლოს, დასავლეთს აირჩევენ, ჩვენ კი ჩვენი გავლენის ნარჩენებს დავკარგავთ. ამ ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის ერთადერთი ბაზა შეძლება იყოს ფორმულა - "დასავლეთიც, რუსეთიც".
XS
SM
MD
LG