Accessibility links

უბიუჯეტო ქვეყნის მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი უკვე მესამე თვეა საქართველო სახელმწიფო ბიუჯეტის გარეშე ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად ფინანსთა სამინისტრო თვეში მხოლოდ გასული

წლის ბიუჯეტის ერთ მეთორმეტედ ნაწილს ხარჯავს. როგორი იქნება ბიუჯეტი 2004 წელს და რა სტადიაშია მისი მომზადება?

ტრადიციულად, ყოველი წლის ბოლოს საქართველოს ხელისუფლება, მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას, ამაყად აცხადებს, რომ სწორედ ეს საბიუჯეტო კანონი იქნება გარდამტეხი ქვეყნის ეკონომიკისათვის და სწორედ ეს ბიუჯეტი იქნება ყველაზე ამბიციური. მთავრობას ტრადიციისათვის არც 2004 წლის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისას უღალატია, თუმცა ნოემბრის მოვლენებმა ფინანსთა სამინისტროში მომზადებული და საკანონმდებლო ხელისუფლებაში გადაგზავნილი პროექტის უკან გამოთხოვა დააყენა დღის წესრიგში, რაც სრულიად ბუნებრივი გახლდათ, რადგან აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსულ ახალ სახეებს ნამდვილად არ სურდათ შევარდნაძის მთავრობის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე პასუხისმგებლობის აღება.

2004 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტის მომზადება იმთავითვე გაჭიანურდა, რადგან მისი ძირითადი პარამეტრების საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმება იყო საჭირო. დღეს ეს პარამეტრები უკვე შეთანხმებულია და იგი მთავრობის სხდომაზეც არის განხილული. საინტერესოა, რომ, წინა წლებისაგან განსხვავებით, მინისტრებს პროექტის მიმართ თავისი პრეტენზიები არ დაუფიქსირებიათ. ვერ გეტყვით ეს შეთანხმებული გუნდური მოქმედების შედეგია თუ ხელისუფლება, უბრალოდ, საზოგადოების წინაშე ამ პრეტენზიების ღიად წარმოჩენას ერიდება, მაგრამ ნოღაიდელის უწყებას რომ კოლეგების მხრიდან უსიამოვნება ამჯერად ნაკლები ექნება, ეს ფაქტია, რაც მისასალმებელია, მით უფრო, რომ, გასულ წელთან შედარებით, სამინისტროების შენახვის ხარჯები არ არის გაზრდილი, უფრო პირიქით - ზოგიერთ უწყებას ბიუჯეტის მოკვეცაც მოუწევს.

საქართველოში მთავრობას და საზოგადოებასაც ბიუჯეტის გარკვეული ეპითეტებით შემკობის ტრადიცია ახასიათებს, თუმცა ეს ეპითეტები, როგორც წესი, განსხვავებული იყო ხოლმე. წინა წლების მთავარი ეკონომიკური კანონი ხელისუფლებას ამბიციურად, საზოგადოებას კი კაპიტულანტურად მიაჩნდა. ჯერჯერობით გაურკვეველია რა ეპითეტით შევა ისტორიაში ბიუჯეტი-2004. ყოველ შემთხვევაში, ის მაინც დამაიმედებელია, რომ მის სახარჯო პოლიტიკაში ელემენტარული წესრიგის შეტანის პოზიტიური ტენდენცია უკვე გამოკვეთილია.

თავად წლევანდელი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები კი შემდეგნაირად გამოიყურება: გასულ წელთან შედარებით, საგადასახადო შემოსავლების და გრანტების ნაწილი 6%-ით არის გაზრდილი. თუმცა ეს ზრდა, ძირითადად, გრანტების ხარჯზე უნდა მოხდეს. ესე იგი, ქვეყანა, დიდწილად, ისევ საგარეო დახმარებების იმედად რჩება. ერთი წლის ბიუჯეტის დეფიციტი 334 მილიონი ლარის დონეზეა დაგეგმილი, რომლის დასაფარადაც, ძირითადად, ისევ საგარეო წყაროები იქნება გამოყენებული.

წელს ქვეყანას საგარეო ვალების მომსახურებაზე მნიშვნელოვანი დანახარჯების გაწევა მოუწევს. ამ მუხლით, ფინანსთა სამინისტრო საბიუჯეტო შემოსავლების 22 %-ს გაიღებს.

მთავრობის მიერ ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტზე შეთანხმების შემდეგ იგი საკანონმდებლო ხელისუფლებას გადაეგზავნება განსახილველად, მანამდე კი ქვეყანას, უკეთეს შემთხვევაში, აპრილის შუა რიცხვებამდე ისევ მთავარი ეკონომიკური კანონის გარეშე მოუწევს ცხოვრება.
XS
SM
MD
LG