Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა საქართველოში კვირას ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მრავალმხრივი კომენტარით გამოეხმაურა მსოფლიო პრესა.

როგორც გაზეთი "მოსკოუ ტაიმსი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, 28 მარტს ჩატარებული არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში უდიდესი უმრავლესობით პრეზიდენტის მომხრე ძალები იქნება წარმოდგენილი. გაზეთი წერს:

"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, რომელიც მეთვალყურის სტატუსით ესწრებოდა არჩევნებს, განაცხადა, რომ ახალ პარლამენტში ვერ აისახება ის ფართო სპექტრი პოზიციებისა, რაც ესოდენ აუცილებელია იმისთვის, რომ საკანონმდებლო ორგანოში საქმიანი დებატები გაიმართოს ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე. თქმა არ უნდა, რომ ნაკლებად თუ შეეპარება დღეს საქართველოში ვინმეს ეჭვი იმაში, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მიხელ სააკაშვილსა და მის გუნდს უჭერს მხარს, რაც მწვანე შუქს აძლევს საქართველოს პრეზიდენტს რადიკალური რეფორმების განსახორციელებლად, რათა არსებითად გაუმჯობესდეს ქვეყანაში ხალხის ცხოვრების პირობები. გასათვალისწინებელია ისიც, თუ რაოდენ რთულ პრობლემას დაუპირისპირდა სააკაშვილი, როცა ედუარდ შევარდნაძისგან დამღუპველი მემკვიდრეობა მიიღო: ფაქტობრივად ნანგრევებზე უხდება საქართველოს ახალ პრეზიდენტს ქმედითი და სამართლებრივი სახელმწიფოს შენება, ბრძოლა კორუფციასთან, რამაც საზოგადოების ყველა ფენა მოიცვა, და რეგიონებში გაბატონებული ფეოდალების მოთვინიერება.
ამ ურთულესი პრობლემების მოსაგვარებლად, მიხეილ სააკაშვილმა მაქსიმალურად უნდა ისარგებლოს მისთვის მინიჭებული აღმასრულებელი უფლებებით".

გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" მიესალმება მიხეილ სააკაშვილის გუნდის დამაჯერებელ გამარჯვებას 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებში და დასძენს, რომ მიუხედავად ხალხის დაშინებისა, რასაც აჭარაში ჰქონდა ადგილი, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რათა ამ რეგიონის დიქტატორ ლიდერს ასლან აბაშიძეს მთლიანად გაეყალბებინა, როგორც ეს უწინ ხდებოდა, აჭარაში ჩატარებული არჩევნების შედეგი. ხოლო გაზეთ "გარდიანის" კორესპონდენტი ნიკ პეტონ უოლში, რომელიც აჭარაში დაესწრო საპარლამენტო არჩევნების მსვლელობას მიიჩნევს, რომ 28 მარტს, მიხეილ სააკაშვილმა პირველი სერიოზული კრიზისი დასძლია, როცა არჩევნები აჭარაში მშვიდობიანად ჩატარდა და ასლან აბაშიძე შეურიგდა არჩევნების შედეგს. ბრიტანელი ჟურნალისტი დასძენს:

"აჭარის სოფელ ბუხნარში ადგილობრივი საარჩევნო კომისიის წევრმა, სახელად ვიტალიმ მითხრა, რომ აბაშიძის ამფსონებმა ადგილობრივ მოსახლეობას შესთავაზეს კალაშნიკოვის ავტომატური შაშხანები, რომლებიც ქართველების წინააღმდეგ უნდა გამოეყენებინათ, თუკი დადგებოდა ამგვარი საჭიროება, რაზეც ცივი უარი მიიღეს. "რა გააკეთა აბაშიძემ სასიკეთო? ხალხი აქ გაღატაკებული და მშიერია, და სურს შეცვლა - სააკაშვილი", დასძინა ვიტალიმ".
XS
SM
MD
LG