Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომანო პროდი ანტიერაყულ კოალიციას ემუქრება


ანდრო ეული, პრაღა ანტიერაყული კოალიციის სოლიდარობას მორიგი დარტყმა ემუქრება.

ჯერ იყო და ამ ორი კვირის წინათ ესპანეთის ახალმა მთავრობამ გამოაცხადა, რომ თავის სამხედრო შენაერთს გაიყვანს ერაყიდან, თუ ამ ქვეყნის დროებითი ადმინისტრაცია გაეროს მეურვეობის ქვეშ არ მოექცევა. ახლა კი ევროპის კავშირის აღმასრულებელი კომისიის თავმჯდომარე რომანო პროდი აცხადებს, რომ ესპანეთის მაგალითს იტალიაც მიბაძავს, თუ ამ ქვეყნის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენეებმა გაიმარჯვეს. მიმდინარე წლის ბოლოს პროდი შეწყვეტს ევროპის კავშირში თავის საქმიანობას და თავისი ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებისთვის სამზადისს შეუდგება.

ევროკომისიის თავმჯდომარე რომანო პროდი ხომ, ამავე დროს, იტალიის მთავარი ოპოზიციური, მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციის ლიდერიც არის. გაზეთ "კორიერე დელა სერასთვის" ამ რამდენიმე დღის წინათ მიცემულ ინტერვიუში პროდიმ განაცხადა, რომ თუ მისი ოპოზიციური დაჯგუფება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, იტალიის სამიათასკაციანი სამხედრო შენაერთი გაყვანილ იქნება ერაყიდან.

პროდის აზრით, ამერიკა-ბრიტანეთის კოალიციამ ვერ შეძლო ერაყში "მშვიდობისა და უსაფრთხო ვითარების აღდგენა".

მას შემდეგ, რაც ესპანეთში, 14 მარტს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ყველასთვის მოულოდნელად, სოციალისტებმა გაიმარჯვეს, რაც უდავოდ მნიშვნელოვანწილად განაპირობა სამი დღით ადრე მადრიდში მოწყობილმა ტერორისტულმა ოპერაციამ, ახალმა პრემიერ-მინისტრმა ლუის როდრიგეს საპატერომ გამოაცხადა, რომ თუ ერაყში მიმდინარე აღდგენითი პროცესი მთლიანად გაეროს მეურვეობაში არ გადავა, ესპანეთის სამხედრო შენაერთი ერაყს დატოვებს.

თუ ესპანეთის მაგალითს იტალიამაც მიბაძა, ეს მძიმე მორალურ დარტყმას მიაყენებს შეერთებული შტატების თაოსნობით შექმნილ ანტიერაყულ კოალიციას.

იტალიაში საპარლამენტო არჩევნები ორი წლის შემდეგ გაიმართება, მაგრამ პროდიმ ამთავითვე დაიჭირა თადარიგი, რადგან ივნისში ევროპარლამენტის არჩევნები უნდა მოეწყოს. და თუ იტალიის პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია ივნისში წაიბორძიკებს, ეს საგრძნობლად გაზრდის მემარცხენეების წარმატების შანსს 2006 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

აი, რას ამბობს ამასთან დაკავშირებით ცნობილი პოლიტოლოგი, რომის ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმს უოლტსონი [ჯეიმს უოლტსონის ხმა]: "სამ თვეზე ნაკლები რჩება ევროპის პარლამენტის არჩევნებამდე, როცა ბერლუსკონის მთავრობამ გადამწყვეტი გამოცდა უნდა ჩააბაროს. და თუ ბერლუსკონი მწარე დამარცხებას იგემებს, მართალია, თავად ამბობს რომ გადადგომას არ აპირებს, ეს სერიოზული დარტყმა იქნება და დიდად დააზარალებს მისივე კოალიციის ერთიანობას."

როგორც საპატერო, ისე პროდიც ელექტორატის გულის მოსაგებად იყენებენ ერაყის ოკუპაციის საკითხს, რადგან ორივეს კარგად მოეხსენება, რომ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია არც ესპანელებს ეხატებოდათ გულზე და არც იტალიელებს. თუმცა, როგორც ჯეიმს უილტსონი აღნიშნავს, ერაყიდან, უბრალოდ, "გამოქცევა" არც საპატეროს სურს და არც პროდის. მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ ერაყის ოკუპაცია რეალობაა და მათი ერთადერთი მიზანია, მოხდეს ვითარების შემდგომი ინტერნაციონალიზაცია [ჯეიმს უოლტსონის ხმა]: "ჯარის ცალმხრივი, უპირობო და დაუყოვნებელი გაყვანა არც პროდის აძლევს ხელს და არც საპატეროს. მათ სურთ, რომ საქმეში ჩაერთოს გაერო, უფრო ფართო მასშტაბით და, შესაძლოა, მაკონტროლებელი მისიით. და სწორედ ესაა აშკარად ის, რასაც ბუშის ადმინისტრაცია ეწინააღმდეგება."

მას შემდეგ, რაც ესპანეთი ერაყის საკითხში ვაშინგტონს გაემიჯნა და საფრანგეთისა და გერმანიის პოზიციისკენ გადაიხარა, ევროპაში პოლიტიკური ბალანსი შეიცვალა. ამავე ბანაკში იტალიის ჩართვა კიდევ უფრო მეტად შეცვლის ბალანსს და გამოვა, რომ ევროპის ხუთი წამყვანი ქვეყნიდან ოთხს ერთი პოზიცია უკავია.

მიმომხილველები არც იმის შესაძლებლობას გამორიცხავენ, პოლონეთმა, რომელმაც თავის დროზე მტკიცედ დაუჭირა მხარი ვაშინგტონს ერაყთან ომში, მერყეობა დაიწყოს, თუ ომის მოწინააღმდეგეთა ბანაკს დასავლეთ ევროპაში სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან.
XS
SM
MD
LG