Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად მიდის ყოფილი ჩინოვნიკების მიერ გადახდილი თანხები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 31 მარტს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ, გაუსვლელობის ხელწერილით, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ჩხაიძე.

როგორც იცით, აკაკი ჩხაიძე იანვარში თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს. ამ დროისთვის აკაკი ჩხაიძემ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უკვე გადაიხადა 3 მილიონ 17 ათასი დოლარი. გამოძიების მასალებით, მას 5, 2 მილიონ ლარს ედავებიან, თუმცა გენერალური პროკურორი თანხის 10 მილიონ ლარამდე გაზრდას არ გამორიცხავს. სად მიდის ყოფილი ჩინოვნიკების მიერ გადახდილი თანხები?

ბიუჯეტისადმი "უპატივცემულო" დამოკიდებულებაში ეჭვმიტანილ პირთა მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხების გადახდის პირველი მაგალითი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ გვიჩვენა. ბევრს ემახსოვრება სპეციალურ პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი ბარამიძის მიერ დემონსტრირებული დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, მერაბ ჟორდანიამ 700 ათასი ლარი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშზე გადარიცხა. მერაბ ჟორდანიას მაგალითის გამეორება მოგვიანებით არაერთ ყოფილ მოხელეს მოუწია, რომლებიც გარკვეულ თანხას ბიუჯეტის სასარგებლოდ იხდიდნენ. მაგალითად, აკაკი ჩხაიძის ადვოკატის განმარტებით, აკაკი ჩხაიძემ თანხა გენერალური პროკურატურის ანგარიშზე გადარიცხა.
იმის გარდა, რომ კორუფციაში ეჭვმიტანილთა მხრიდან სადავო თანხების გადახდის სურვილი თავისთავად დამაინტრიგებელი ფაქტი გახლავთ, არანაკლებ საინტერესო უნდა იყოს იმის გარკვევა, რაში იხდიან ეჭვმიტანილები ფულს. ადვოკატ ზვიად კორძაძის განმარტებით, ფულის გადახდა არ ნიშნავს, რომ სასამართლო ეჭვმიტანილის საქმეს არ განიხილავს:
[ ზვიად კორძაძის ხმა] " მანდ ხდება თანხის შეტანა პროკურატურის დეპოზიტზე შესაძლო ზარალის ანაზღაურებისთვის, რის გამოც მერე აღმკვეთი ღონისძიება იცვლება. შემდეგ საქმე ყველა ვარიანტში მიდის სასამართლოში. თუ დამტკიცდება, რომ ამ თანხის ფარგლებში გაქვს ზარალი მიყენებული, მაშინ ამ თანხას გადაიხდი. თუ მეტი დამტკიცდება - უნდა დაამატო, თუ - ნაკლები, დაგიბრუნებენ. რეალურად თუ გაინტერესებს - ამ თანხას ვეღარასოდეს ვერ მიიღებ."
ზვიად კორძაძის ამ ვარაუდს, რომ სასამართლოს მიერ გამამართლებელი გადაწყვეტილების ან ნაკლები თანხის დადასტურების შემთხვევაში ეჭვმიტანილი გადახდილ თანხას უკან ვეღარ დაიბრუნებს, ადასტურებს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ცნობა, რომ ცალკე ანგარიში ამგვარი თანხებისთვის, უბრალოდ, არ არსებობს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ქეთი ახალკაცის ცნობით, თანხები ხაზინაში ირიცხება:
[ ქეთი ახალკაცის ხმა] " ცალკე მუხლი, როგორც ასეთი, არ არსებობს. იმისათვის, რომ ხაზინის ანგარიშზე არ არის ცალკე მუხლი, რომელზეც მოხვდება ყველა ის თანხა - გირაო იქნება, ჯარიმა თუ დაჭერილების მიერ გადახდილი ფული, ანუ ეს თანხა იქ იბნევა ყველა დანარჩენ თანხას შორის."(სტილი დაცულია)
მისივე განმარტებით, ხაზინაში ცალკე მუხლის შემოღებისთვის აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილება, რაც ამ ეტაპისთვის აუცილებელი არ არის, რადგან ასეთი თანხების ამოღება დროებით მოვლენად აღიქმება:
[ ქეთი ახალკაცის ხმა] " ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება და მაგის გამო კანონში ცვლილებები არ გახდება საჭირო. მოატანინებენ, ვისაც საჭიროა, ყველას, რამდენიც საჭიროა, და დამთავრდება. მთლად ამის იმედადაც ხომ არ იქნები....ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არის - ამის თქმა მინდა. ეს არის დროებითი მოვლენა."
რჩება თუ არა რაიმე თანხა იმ სახელმწიფო ორგანიზაციას, რომლის დახმარებითაც გახდა შესაძლებელი ბიუჯეტისთვის გადამალული თანხის უკან დაბრუნება? - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლია ხვედელიძე განმარტავს, რომ, კანონის თანახმად, ამ გზით ამოღებული თანხების პროცენტის დატოვების უფლება მხოლოდ გენერალურ პროკურატურას აქვს:
[ ლია ხვედელიძის ხმა] " პროკურატურის შესახებ ორგანულ კანონში წერია, რომ 15 პროცენტი იმ თანხებისა, რომლებიც ამოღებული იქნება მის მიერ გამოძიებით დადგენილი თანხებიდან, მის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას ხმარდება. დანარჩენი სახელმწიფო ბიუჯეტში შედის, გეთაყვა."
ასე იყო 2004 წლის 14 იანვრამდე. 14 იანვრის შემდეგ, პროკურატურის შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებით, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით პროკურატურის მიერ ამოღებული თანხები მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტში ირიცხება - ამ ცვლილებას ხელს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე აწერს. შესაბამისად, პროკურატურას ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ სახელმწიფო ორგანიზაციად ქცევის შანსი აღარ აქვს, თუკი ახლად არჩეული პარლამენტი მორიგ ცვლილებას არ შეიტანს კანონში პროკურატურის შესახებ.
XS
SM
MD
LG