Accessibility links

logo-print

კინო - ქართულ ენაზე


თბილისში ახალი კინოთეატრები იხსნება. კინოს მოყვარულები ნელ-ნელა უბრუნდებიან კინოდარბაზებს. თუმცა კინოში დადის მხოლოდ ის, ვისაც რუსული ენა ესმის. საქართველოში ვერა და ვერ ხერხდება

უცხოური ფილმების დუბლირება. კინოთეატრი "რუსთაველი" პირველია, რომლის მესვეურები ცდილობენ ხანდახან მაინც შესთავაზონ მაყურებელს ქართულად გახმოვანებული ფილმები. თუმცა ერთი პრობლემა კვლავაც გადაუჭრელი რჩება.

არღვევენ თუ არა კანონს ის ადამიანები, რომლებიც დღესდღეობით საქართველოს კინოქსელში არიან ჩართულნი? ფაქტია, რომ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ენა ქართულია, კინოთეატრებში რუსულ ენაზე დუბლირებულ ფილმებს უჩვენებენ. თანაც, დუბლიაჟის ხარისხი იმდენად დაბალია, რომ ზოგჯერ, უბრალოდ, შეუძლებელი ხდება მოსკოვის რომელიღაც მეორეხარისხოვან სტუდიაში დუბლირებული ფილმების აღქმა. როგორც წესი, გახმოვანებულ ფილმებში ორიგინალური ფონოგრამა მაქსიმალურადაა დაწეული და კინოს მოყვარულები იძულებულები არიან "უსმინონ" რუსი მსახიობების დიალოგებს. განსაკუთრებით უჭირთ ამ ფილმების აღქმა იმ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, "ვერ ერკვევიან რუსული ენის ნიუანსებში".
ოღონდ ნუ იფიქრებთ, თითქოს კინოთეატრების მესვეურებს მოსწონდეთ რუსულად გახმოვანებული ფილმები - მათ, უბრალოდ, სხვა გზა არა აქვთ. ქართული კინოქსელი ისევ რუსეთის კინოკომპანიებზეა მიბმული: მოსკოვიდან ფილმის ასლის ჩამოტანა ბევრად უფრი იაფი ღირს, ვიდრე ორიგინალის შესყიდვა, და თუ ეს მაინც მოხერხდა, ქართულ კინობიზნესს ახალი პრობლემის გადაწყვეტა მოუხდება - ფილმის გახმოვანება ქართულ ენაზე ძალიან ძვირი ჯდება. სუბტიტრებზე კი არც არავინ ფიქრობს - საქართველოში კვლავაც დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენი მაყურებელი ეკრანზე სუბტიტრების კითხვას ვერ აიტანს. მით უმეტეს, რომ სუბტიტრებიც ძვირი ჯდება.

და მაინც, როგორც ჩანს, შორს აღარაა ის დრო, როცა საქართველოს კინოთეატრები წინააღმდეგობას გაუწევენ ძლევამოსილ რუსულ კინოკომპანიებს და უახლესი ტექნიკით უზრუნველყოფილ თუნდაც მხოლოდ თბილისის კინოთეატრებს ქართული ენა დაუბრუნდებათ. 24 მარტს კინოთეატრ "რუსთაველში" გაიმართა პრემიერა ამერიკული კინოკომედიისა "ძია მამები", რომელსაც ქართველები ახმოვანებენ - მსახიობი ეკა კახიანი და ტელეკომპანია 202-ის წამყვანები - ზვიად ბლიაძე და ზურა გაჩეჩილაძე. გახმოვანებით კმაყოფილია ყველა - მაყურებელიც, კინოკრიტიკოსებიც და, რაც მთავარია, კინოთეატრის ხელმძღვანელობა, რომელმაც დაინახა, რომ ქართულ ენაზე გახმოვანებული ფილმი მხოლოდ და მხოლოდ მიიზიდავს მაყურებელს და კინოთეატრს, შესაძლებელია, ისეთი მოგება მოუტანოს, რომ აღარ გახდეს საჭირო მოსკოველ გამქირავებლებთან ვაჭრობა.
XS
SM
MD
LG