Accessibility links

logo-print

რამდენად რეალურია კვიპროსის გამთლიანების პერსპექტივა?


შვეიცარიის ალპებში ჩაკარგული პატარა საკურორტო დაბა ბიურგენშტოკი, რომელიც, ჩვეულებრივ, სამთომოთხილამურეებსა და ალპინიზმის მოყვარულებს თუ მასპინძლობს ხოლმე,

ბოლო ერთი კვირის მანძილზე დიდი დიპლომატიური ბატალიების ეპიცენტრად იყო ქცეული. სწორედ იქ მიმდინარეობდა კვიპროსელი ბერძნებისა და თურქების მოლაპარაკება ხმელთაშუა ზღვაში მდებარე კუნძულის მომავალ ბედზე. მოლაპარაკების მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ, უშუალოდ კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეებთან ერთად მასში მონაწილეობდნენ თურქეთისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრები და თვით გაეროს გენერალური მდივანიც.

კოფი ანანის თაოსნობით გამართული მოლაპარაკება, რომელიც მიზნად კვიპროსის 30-წლიანი ეთნიკური გახლეჩისთვის წერტილის დასმას ისახავდა, უშედეგოდ დამთავრდა. უფრო სწორად, მხარეებს არ გაუფორმებიათ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, თორემ შეხვედრის შედეგად თუნდაც ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ სწორედ მასზე გადაწყდა, 24 აპრილს კვიპროსის ორივე ნაწილში - ბერძნულშიც და თურქულშიც - ჩატარდეს რეფერენდუმი.

რეფერენდუმის მონაწილეებმა კენჭი უნდა უყარონ ანანის გეგმას, რომელიც კვიპროსში ცენტრალური ხელისუფლების მქონე ფედერაციული სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს. ამავე გეგმის თანახმად, ფედერაციის სუბიექტები, ერთი მხრივ, ავტონომიის მაღალი ხარისხით ისარგებლებენ, ხოლო მეორე მხრივ, სერიოზულ დათმობებზე წასვლაც მოუწევთ.

ანანის გეგმის მიღება-არმიღების საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როცა თვეზე ნაკლები რჩება ევროპის კავშირში კვიპროსის გაწევრიანებამდე. სწორედ ამიტომ იყო, რომ გაეროს გენერალური მდივანი ძალ-ღონეს არ იშურებდა, ბიურგენშტოკის შეხვედრის მონაწილეები თავისი გეგმის მიღებაზე დაეყოლიებინა.

[კოფი ანანის ხმა] "დაბეჯითებით ვერავინ იტყვის, რას გვიქადის მომავალი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საკითხის მოგვარების ჩემეული გეგმა მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის დამყარების საუკეთესო და ყველაზე სამართლიან შანსს იძლევა, რომელიც კი ოდესმე შეიძლება მოგვეცეს. მეტისმეტად დიდია წარსულში ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობათა რიცხვი. თქვენივე თავის, თქვენივე ხალხის სასიკეთოდ, მოგიწოდებთ, აღარ გაიმეოროთ იგივე შეცდომა. მოდით, გამოვიყენოთ კვიპროსის გაერთიანებულ რესპუბლიკაში მშვიდობის დამკვიდრების ეს შანსი."

ერთ-ერთ უმწვავეს სადავო საკითხად რჩება იმ 180 ათასამდე კვიპროსელი ბერძნის ბედი, რომელსაც საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუხდა 1974 წელს - მას შემდეგ, რაც კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი (კვიპროსის ტერიტორიის დაახლოებით ერთი მესამედი) თურქეთის არმიის შენაერთებმა დაიკავეს.

ანანის გეგმა საკუთარ სახლებში ლტოლვილთა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის დაბრუნებას ითვალისწინებს, რაც, კვიპროსელი ბერძნების აზრით, აშკარად ეწინააღმდეგება ევროპის კავშირის კანონებს.

მათს უკმაყოფილებას იწვევს ისიც, რომ გეგმა კვიპროსიდან თურქეთის ჯარის დიდი ნაწილის გაყვანას მოითხოვს, და არა მის მთლიანად გაყვანას. ძირითადად სწორედ ეს საკითხებია, ექსპერტებს რომ აფიქრებინებს: 24 აპრილის რეფერენდუმში კვიპროსელი ბერძნები ანანის გეგმას უარყოფენ.

უფრო დადებითად ეკიდებიან დოკუმენტს კვიპროსელი თურქები, რომელთა უმრავლესობამ დეკემბერში მოწყობილ არჩევნებში ზურგი გაუმაგრა ფედერაციული სახელმწიფოს შექმნის მხარდამჭერ პარტიას. მაგრამ კვიპროსელი თურქების კონსერვატორ ლიდერს რაუფ დენქთაშს კოფი ანანის გეგმა სულაც არ მოსწონს. გაეროსა და ევროპის კავშირის შუამავლობას იგი კვიპროსის საქმეებში "ცხვირის ჩაყოფად" მიიჩნევს.

[რაუფ დენქთაშის ხმა] "გარეშე პირებმა გადაწყვიტეს, როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა. მათ მხოლოდ მცირე შესაძლებლობა დაგვიტოვეს იმის შეცვლისა, რაც თავად გადაიტანეს ქაღალდზე, ისინი მეტისმეტად ჩქარობენ ამ საქმის მომთავრებას და ჩვენზე ყოვლად მიუღებელ ზეწოლას ახორციელებენ."

რაუფ დენქთაშის ასეთი მკვახე განცხადების მიუხედავად, კომისარმა ევროპის კავშირის გაფართოების საკითხებში გიუნტერ ფერჰოიგენმა იმედი გამოთქვა, რომ 24 აპრილის რეფერენდუმში კვიპროსელები (როგორც ბერძნები, ისე თურქები) მხარს დაუჭერენ კუნძულზე ორსუბიექტიანი ფედერაციული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.
XS
SM
MD
LG