Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო დუმა თავყრილობების ამკრძალავ კანონს მხარს უჭერს


ოთხშაბათს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა პირველი წაკითხვით მოიწონეს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც კრძალავს თავშეყრას სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების გარშემო.

ადამიანის უფლებების დამცველთა აზრით, კანონის მიღების შემთხვევაში იგი სერიოზულად შეზღუდავს რუსეთის მოსახლეობის სამოქალაქო უფლებებს.

კანონპროექტი, რომელსაც როგორც ვარაუდობენ, მეორე და მესამე წაკითხვითაც მოიწონებენ, კრძალავს საპროტესტო აქციების მოწყობას პრეზიდენტის ადმინისტრაციის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასევე ფედერალური, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების შენობებში და მათ მახლობლად. დემონსტრაციები აიკრძალება აგრეთვე ავტოსტრადებზე, ხიდებზე, უცხოეთის საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მახლობლად.

რუსეთში მოქმედი ახალი წესების თანახმად დემონსტრანტებმა წინასწარ უნდა გააფრთხილონ პოლიცია, მაგრამ დემონსტრაციის გამართვა შეუძლიათ იქ, სადაც მოესურვებათ. ახალი კანონით კი ასეთი თავშეყრის გამართვა მხოლოდ გარკვეულ ადგილებზე იქნება ნებადართული.

სახელმწიფო დუმის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ვლადიმირ ვასილიევის თქმით, კანონის მიღება აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად: [ვასილიევის ხმა] "არსებობს ადგილები, სადაც ადამიანთა ნებისმიერი სახის თავშეყრა მუქარას ქმნის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს მე, როგორც პროფესიონალმა, კარგად ვიცი. ეს საკითხები უნდა დარეგულირდეს. დღეს ასეთი მექანიზმი არ არსებობს. აი, ამას ეხება ეს საკითხი."

მაგრამ კანონის ოპონენტთა თქმით, იგი ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 31-ე მუხლს, რომელიც მოქალქეებს თავისუფალი თავშეყრის უფლებას ანიჭებს. მათი თქმით, კრემლმა თავის კონტროლქვეშ მოაქცია პარლამენტი, მასმედია და ახლა ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიის კიდევ ერთ საფუძველს - მოქალაქეთა უფლებას პეტიციებზე და საპროტესტო აქციებზე.

ლიბერალური იაბლოკოს პარტიის 30-მდე აქტივისტმა ოთხშაბათს მოსკოვში დემონსტრაცია გამართა მოწოდებით: "პატივი ეცით კონსტიტუციას!"

იაბლოკოს წარმომადგენლის, ალექსეი მელნიკოვის თქმით, მთავრობა წინასწარ ცდილობს ჩააჩუმოს ხალხი, რათა გაიადვილოს არაპოპულარული რეფორმების გატარება.

[მელნიკოვის ხმა] "... საერთოდ არ მესმის, რომ როცა, მაგალითად, ტელევიზიით ვუყურებთ, შეერთებულ შტატებში ხალხს შეუძლია პიკეტების გამართვა თეთრი სახლის წინ და საკუთარი აზრის გამოხატვა ისე, რომ არავის ეშინია ამის. რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენს ქვეყანაშიც ასე იყოს?"

კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა დეპუტატებს შორის იყვნენ კომუნისტებიც. დეპუტატ სერგეი რუშილსკის თქმით, ამ კანონით რუსეთში პოლიციური რეჟიმის დამკვიდრება ხდება.

ასე შორს არ მიდის სამოქალაქო უფლებების სპეციალისტი, იურისტი ბორის ზოლოტუხინი. მაგრამ ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ თუკი კანონი მიღებულ იქნება, იგი სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს.

[ზოლოტუხინის ხმა] "ჩემის აზრით, დღეს დუმის მიერ პირველი წაკითხვით მიღებული კანონპროექტი მოქალაქეთა საკონსტიტუციო უფლებების წინაღმდეგ გალაშქრებაა."

იაბლოკოს მომხრეები ამბობენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ მის ასაკრძალად.
XS
SM
MD
LG