Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტის მიზნები


1 აპრილს საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და თავდაცვის მინისტრი სერჟ სარქისიანი. კულუარული ინფორმაციით,

სომხეთის გავლენიანი პოლიტიკური მოღვაწის ეს ვიზიტი ორი კვირის წინ საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს. თუმცა ტრადიცია არ იცვლება: სომხეთი და საქართველო, სურვილის მიუხედავად, ჯერჯერობით ვერ ახერხებენ სტრატეგიულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევას.

სომხეთისა და საქართველოს დიპლომატები 12 წელია ერთსა და იმავე საკითხს უტრიალებენ: სომხეთისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოზე გამავალი და რუსეთთან დამაკავშირებელი საზღვაო თუ სატრანსპორტო კომუნიკაციები, თუმცა, ვინაიდან სომხეთისკენ მცირე მოცულობის ტვირთები მოძრაობს, ერევანი უფრო მაღალი ტარიფით იხდის გადაზიდვების გადასახადს, ვიდრე აზერბაიჯანი. ოფიციალურ ერევანს ასეთი ორმაგი სტანდარტები ძალიან სწყინს და თბილისს გადასახადების უნიფიცირებისკენ მოუწოდებს. ეს პრობლემა თითქოს მიუახლოვდა გადაწყვეტას. 13 მარტს, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი მზად არის განიხილოს ტვირთების გადაზიდვის ტარიფის საკითხი და გადადგას ნაბიჯი რეგიონში ერთიანი ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბების მიმართულებით. მიხეილ სააკაშვილი მაშინ აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის თემასაც შეეხო:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] " ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რკინიგზა გავხსნათ პოლიტიკური პროცესების დარეგულირებასთან ერთად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ეკონომიკურ იზოლაციაში არ იმყოფებოდეს. საქართველოსთვის თითოეული ახალი გზა არის შანსი ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრების გაუმჯობესებისა."


მაგრამ ახლა საქმე ისე ჩანს, არათუ აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალი, არამედ სომხეთს, შესაძლოა, უკვე მოქმედი კომუნიკაციებიც სანატრელი გაუხდეს. ცოტა ხნის წინ, აჭარის რეგიონსა და ცენტრს შორის წარმოშობილი პოლიტიკური კრიზისის გამო, მიხეილ სააკაშვილს მოუხდა ეკონომიკური შეზღუდვის დაწესება ბათუმის პორტზე, რის გამოც სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ტვირთების მოძრაობა სომხეთის მიმართულებით. შესაძლოა, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ვიზიტის მთავარი დანიშნულება სწორედ იმის გაგება გახლდათ, თუ რა განვითარება შეიძლება ჰქონდეს მოვლენებს აჭარასთან მიმართებით. სერჟ სარქისიანი არ მალავს, რომ საქართველოს სატრანსპორტო მაგისტრალებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სომხეთის ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის:

[სერჟ სარქისიანის ხმა] " ეს საკითხი გადამწყვეტია ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის. ჩვენ მნიშვნელოვნად გვესახება ყველაფერი, რაც გადაზიდვებსა და ტრანსპორტირებას ეხება, რადგან, თქვენ იცით, ტვირთების უდიდესი უმრავლესობის გადაზიდვა სომხეთში სწორედ საქართველოს გზებით ხდება."

თუმცა თბილისში ჩამოსულ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანს სერჟ სარქისიანს იმის გაგონება მოუხდა, რისიც, ალბათ, ყველაზე მეტად ეშინიათ სომხეთში. სააგენტო "კავკას-პრესის" თანახმად, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ბოდიში მოუხადა სომეხ კოლეგას იმ შეფერხებებისათვის, რასაც ადგილი ჰქონდა აჭარის ბლოკადის პერიოდში. ამასთან, მერაბიშვილი ურჩევს სომეხ მეწარმეებს და გადამზიდავებს, მოიძიონ ალტერნატიული გზები, ვინაიდან ცენტრი, მერაბიშვილის თქმით, გეგმავს აჭარაში კონტროლის დაწესებას და, შესაძლოა, სომხეთი კვლავ პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG