Accessibility links

logo-print

არჩევნები დამთავრდა, იწყება სასამართლო პროცესები


დავით პაიჭაძე, თბილისი არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო პოლიტიკური პარტიები, წესისამებრ, გაყალბებაზე ლაპარაკობენ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ,

უკმაყოფილონი არიან ბევრი დარღვევით. რამდენად ამაგრებს მათ მტკიცებებს ფაქტები, ვინ აპირებს სასამართლოში ჩივილს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად?

არჩევნებით განაწყენებული პარტია, ძირითადად, ორია: ლეიბორისტები და აღორძინება. ლეიბორისტული პარტია ერთი დღეა, რაც დაეხსნა პროტესტის ქუჩაში გამოხატვას - მათი ლიდერის შალვა ნათელაშვილის თხოვნით, ახალგაზრდებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან შიმშილობა შეწყვიტეს. სამაგიეროდ, ლეიბორისტებს თავიანთი პრეტენზიები სასამართლოს დარბაზებში გადააქვთ. პარტიის წევრი ჯონდი ბაღათურია განმარტავს, რატომ არჩევენ გვერდი აუარონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და რატომ მიიჩნევენ, რომ საოლქო კომისიებისთვის მიმართვას მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს:

[ბაღათურიას ხმა] "საოლქო კომისიებში გასაჩივრებას არანაირი აზრი არა აქვს, იმიტომ რომ უჩივი იმას, ვინც გააყალბა და ჩივი იმასთან, ვინც გააყალბა."

ქარელი, გორი, შიდა ქართლის რაიონები - ამ ადგილებში საოლქო საარჩევნო კომისიებში ლეიბორისტებმა უკვე შეიტანეს საჩივრები. ჩემს კითხვას, განაგრძობენ თუ არა ლეიბორისტები ჩივილს რაიონულ და საოლქო სასამართლოებში, ჯონდი ბაღათურია ასე უპასუხებს:

[ბაღათურიას ხმა] "ჩვენ ამასაც ვაპირებთ, თუმცა ევროპის საბჭოს სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი. მეტ ეფექტს იქიდან ველოდებით. ჩვენ გვაქვს ამის პრაქტიკა - გავიმარჯვეთ ევროპის სასამართლოში. მაგრამ არჩევნებიდან ერთი წელი იყო გასული, პარლამენტი მუშაობდა და გვითხრეს, ახლა ბოდიშს გიხდით, შემდეგ არჩევნებს დაელოდეთო. ამ შემდგომმა არჩევნებმა კი უკვე ორჯერ ჩაიარა"...

აღორძინების წარმომადგენელი ჰამლეტ ჭიპაშვილი კი ამბობს, რომ აპირებენ გაყალბების გამო პირდაპირ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ. თუმცა აღორძინებას საჩივარი შეაქვს ყველა დონეზე - საოლქო კომისიებსა და რაიონულ სასამართლოებში, ხოლო, საბოლოოდ, ისიც ევროპის სასამართლოს მიაშურებს. ჰამლეტ ჭიპაშვილი ჩამოთვლის აღორძინების საზარალო რამდენიმე შემთხვევას:

[ჭიპაშვილის ხმა] "ახალციხეში - მე-20, 21-ე, 22-ე, 24-ე და 26-ე საარჩევნო უბნებში - დაკ-ის მხარდასაჭერად შემოხაზულ 44 ბიულეტენში ხმის დათვლის დროს ხელოვნურად შემოხაზეს სხვა პარტიების ნომრები. მარნეულში, 29-ე და მე-40 საარჩევნო უბნებზე, ადგილი ჰქონდა ბიულეტენების მასობრივ ჩაყრას. საგარეჯოს რაიონის საარჩევნო უბნებში დადიოდა 10-კაციანი ჯგუფი და ურნებში ყრიდა ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ წინასწარ შემოხაზულ საარჩევნო ბიულეტენებს."

საჩივრებს წერენ არჩევნების დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციებიც. "სამართლიანი არჩევნებისა" და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წევრი თამარ ჟვანია ამბობს, რომ, მათი საჩივრის საფუძველზე, გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიამ ერთი უბნის შედეგები უკვე გააუქმა. მე ვკითხე თამარ ჟვანიას, უკვე რამდენი საჩივარი მოამზადა საზოგადოებამ.

[ჟვანიას ხმა] "საჩივარი 100-ზე მეტია, მაგრამ ძალიან სერიოზულად რომ გავყვეთ და უხეშ დარღვევებს ჩავეძიოთ - ასეთი 40-მდე იქნება."

საოლქო საარჩევნო კომისიებში ასაჩივრებს ქვემო ქართლის მრავალი საარჩევნო უბნის შედეგებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. ასოციაციის წევრი მალხაზ ღუღუნიშვილი ამბობს, რომ, საჩივართა არდაკმაყოფილების შემთხვევაში, ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ვის მიმართავენ - სასამართლოსა თუ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. გასაჩივრების ვადა იწურება. თუ ცესკო საჩივარს არ დააკმაყოფილებს, სასამართლოში მისი გასაჩივრება აღარ მოესწრება. მეორე მხრივ, ამბობს მალხაზ ღუღუნიშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეაქცია მრავალრიცხოვან დარღვევებზე იქნება ტესტი ამ ორგანოს წესიერების შესამოწმებლად.
XS
SM
MD
LG