Accessibility links

logo-print

ერთიანი სახაზინო ანგარიშით, ცენტრი აჭარის პრობლემის მოგვარებას ცდილობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ორიოდე კვირის წინ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 5 აპრილიდან საბიუჯეტო შემოსავლების აღსარიცხავად ფინანსთა სამინისტროს სახაზინო

სამსახურში ერთიანი საშემოსავლო ანგარიში იხსნება, რამაც საბიუჯეტო სახსრების ოპერატიულად განკარგვა და, რაც მთავარია, პრობლემურ რეგიონთან, აჭარასთან, საბიუჯეტო ურთიერთობის მოწესრიგება უნდა უზრუნველყოს.

საბიუჯეტო შემოსავლების ერთიანი აღრიცხვა მუდმივ პრობლემად ითვლებოდა საქართველოში. დღეისათვის საბიუჯეტო თანხები რამდენიმე ათას საბანკო ანგარიშზე ტარდება და, შესაბამისად, ამ მოძრაობის ზუსტი აღრიცხვა და იმის დაფიქსირება, რეალურად რა თანხა შევიდა ხაზინაში, საკმაოდ გართულებულია. სწორედ ამის გამოც ხდებოდა ხოლმე ის გაუგებრობები, რაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ანგარიშებში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციით გამოიხატებოდა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნოდარ ხადურის აზრით, რეფორმის შემდგომ ამგვარი გაუგებრობები თავიდან იქნება აცილებული:

[ნოდარ ხადურის ხმა] "დღემდე ჩვენ ბიუჯეტის შესრულების თაობაზე თითქმის ყოველთვის განსხვავებული მონაცემები გვქონდა ეროვნული ბანკისა და ხაზინისაგან, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ზოგიერთ რეგიონში - კერძოდ, აჭარაში - მობილიზებული თანხები აღირიცხებოდა ეროვნული ბანკის ანგარიშზე, თუმცა არ ხვდებოდა ხაზინაში. იმის გათვალისწინებით, რომ უკვე 5 აპრილიდან ხაზინა დაიწყებს ყველა შემოსავლის აღრიცხვას, ეს პრობლემები გადაჭრილი იქნება, ვინაიდან ყველა მობილიზებული თანხა გაივლის ხაზინის ანგარიშს. ეს გამართლებულია, პირველი, ოპერატიული თვალსაზრისით - იმით, რომ მეორე დღესვე გვეცოდინება, რა თანხებია აკუმულირებული სახელმწიფო ბიუჯეტში, ამასთან, მართვის თვალსაზრისითაც - ეს გაცილებით გააიოლებს თანხების ოპერატიულ განკარგვას და, რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ტერიტორიაზე მობილიზებული თითოეული თეთრი გაკონტროლებული იქნება ცენტრალური ხელისუფლების მიერ. "

ხაზინის რეფორმას საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავის მრავალრიცხოვან რეკომენდაციებშიც პერმანენტულად აფიქსირებდა. ამგვარი პროექტი რამდენიმე წლის წინაც არსებობდა, თუმცა მაშინდელ ხელისუფლებას შესაბამისი პოლიტიკური ნება არ აღმოაჩნდა და რეფორმა მიმდინარე წლის აპრილის თვემდე "გაჯანჯლდა". ერთიანი ანგარიშის გახსნას ხელისუფლება აჭარასთან შექმნილი საბიუჯეტო პრობლემების გამოც აჭიანურებდა. არადა, რეგიონთან საფინანსო ურთიერთობის მოწესრიგების ყველაზე ოპტიმალურ გზად სწორედ ეს რეფორმა მიაჩნდათ ექსპერტებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის პრაქტიკულად შეუძლებელი იყო 14 ათასი სატრანზიტო ანგარიშის შემოწმება და იმის აღნუსხვა, რეალურად შემოვიდა თანხა ბიუჯეტში თუ შემოსავლები მხოლოდ ქაღალდზე დაფიქსირდა. ხელისუფლების რწმუნებით, ამიერიდან, სავალუტო ფონდის რეკომენდაციის შესრულებასთან ერთად ერთიანი სახაზინო ანგარიშის შექმნით, ეს პრობლემები მოგვარდება და, ამასთან, ხაზინა საბიუჯეტო სახსრებს ოპერატიულად გააკონტროლებს.
XS
SM
MD
LG