Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილის მუქარანარევ განცხადებებს ასლან აბაშიძეც მუქარით უპასუხებს. დაძაბულობა თბილისსა და ბათუმს შორის ისევ მწვავდება


საქართველოს პრეზიდენტი და აჭარის ავტონომიის მეთაური ერთმანეთს ირიბად მუქარანარევი განცხადებებით ელაპარაკებიან. მიხეილ სააკაშვილი სამხედროებთან შეხვედრისას ამბობს,

რომ საქართველოს არმია მზად უნდა იყოს სეპარატისტულ რეგიონებში დესანტის გადასასხმელად, რასაც ბათუმში პირდაპირ მუქარად იღებენ. ერთ-ერთი რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში კი აბაშიძე აცხადებს, რომ აჭარაში "ვარდების რევოლუციის" კლონირების ნაცვლად მისი კასტრაცია არის მოსალოდნელი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აჭარის ხელისუფლება თავდაცვით ზომებს აძლიერებს. ამასობაში 28 მარტის არჩევნების წინასწარი შედეგებით უკმაყოფილო "აღორძინება" უარს ამბობს პარლამენტში თავისი მაჟორიტარების შეშვებაზე. დაძაბულობა თბილისსა და ბათუმს შორის ისევ მწვავდება. პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს ბათუმში მოსალაპარაკებლად ზურაბ ჟვანია გაუშვას. რა ახალ პირობას წაუყენებენ იქ ავტონომიის ხელმძღვანელობას?


პრეზიდენტის დავალებით, პრემიერ-მინისტრი ბათუმში ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხებზე მოსალაპარაკებლად უნდა ჩავიდეს. ასლან აბაშიძის გარემოცვაში კი ეს საკითხები უკვე აღარ აინტერესებთ:

[ჰამლეტ ჭიპაშვილის ხმა] " არ გვაინტერესებს ჩვენ ეს. ჩვენ გვაინტერესებს ფედერალური მოწყობა და მაშინ გაირკვევა გამიჯვნის საკითხები და სხვა საკითხებიც. ჩვენ რომ ველოდოთ, როდის აღდგება ჩვენი იურისდიქცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ამასობაში, ცენტრის უჭკუო მოქმედებით, შესაძლოა, აჭარაც დავკარგოთ. "

თბილისში აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ჰამლეტ ჭიპაშვილის ნათქვამიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ ასლან აბაშიძე ფედერალიზმის მოთხოვნით გამოსვლას აპირებს. ჭიპაშვილის განცხადებით, ეს იქნება აჭარის ხელმძღვანელობის უმთავრესი მოთხოვნა, მისივე სიტყვებით, "მოთხოვნა, რომლის რეალიზაციაც აუცილებლად პარლამენტში "აღორძინების" მონაწილეობით უნდა მოხდეს." საქმე ისაა, რომ "აღორძინება" საარჩევნო ბარიერს ქვემოთ დარჩა და მას პარლამენტში მოხვედრის შანსი არა აქვს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მისამართით გამოთქმული ბრალდებები იმის თაობაზე, რომ "აღორძინებას" ხმები გაუყალბეს, საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ეს პარტია პარლამენტში შევიდეს. "აღორძინების" პარლამენტს გარეთ დარჩენა ხდება მიზეზი ცენტრსა და რეგიონს შორის ურთიერთობის გამწვავებისა, თუმცა მიზეზი სხვაც მრავალია. მიხეილ სააკაშვილის 2 აპრილის განცხადებით, ცენტრი ვერ მოითმენს იმას, რომ ერთ-ერთ რეგიონში ყოველდღიურად ასობით ათასი ლარი იკარგებოდეს, ვერც იმას, რომ იქ ადამიანებს უკანონოდ აპატიმრებდნენ და სცემდნენ. ამ განცხადებაში აჭარა იგულისხმება. ამას გარდა, 2 აპრილს საქართველოს უშიშროების სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას ქილერთა იმ 6 კაციანი ჯგუფის გამოვლენის თაობაზე, რომელიც, უშიშროების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის უშიშროების მინისტრის სოსო გოგიტიძის, აგრეთვე, აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის ჯემალ გოგიტიძის დავალებით მოქმედებდა და მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ ლიკვიდაციას გეგმავდა. ჯგუფიდან 4 დაკავებულია, 2 კი, უშიშროების მინისტრის მოადგილის გიგი უგულავას განცხადებით, აჭარის ავტონომიას აფარებს თავს. ასეთ ფონეზე ევალება პრემიერ-მინისტრს აბაშიძესთან მოლაპარაკების გაგრძელება. თუმცა აბაშიძე აცხადებს, რომ მოლაპარაკების განახლება მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა ცენტრი რეგიონის ხელმძღვანელობის მიმართ მუქარებს შეწყვეტს. აჭარის მეთაურის განცხადებით, აჭარაში საკმარისი რესურსია თავდაცვისთვის. თბილისში აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით კი, აჭარაში სრულიად იოლად შეიძლება მოხდეს ის, რაც არ ჰგონიათ, რომ მოხდება.
მიხეილ სააკაშვილი აჭარაში ხელახლა გზავნის საკუთარ რწმუნებულებს ბათუმის პორტსა და სარფის საბაჟოზე. ის, ვინც იქ მათ მუშაობაში შეუშლის ხელს, პრეზიდენტის თქმით, პასუხისგებას ვერ ასცდება.
XS
SM
MD
LG