Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გაუჩინარდა ლეიბორისტი ვაჟა შენგელია


საპარლამენტო არჩევნების შედეგებით აღშფოთებულ ლეიბორისტულ პარტიას კიდევ ერთი თავსატეხი გამოუჩნდა. თბილისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვაჟა შენგელია 5 დღის წინათ

გაუჩინარდა და მის კვალს ჯერჯერობით ვერავინ მიაგნო. ლეიბორისტული პარტია მომხდარს პოლიტიკური ანგარიშსწორების ჭრილში განიხილავს, ხოლო დაკარგულის ოჯახს ასე სულაც არ ჰგონია.

57 წლის ვაჟა შენგელიას ოჯახის წევრები და თანაპარტიელები 30 მარტიდან ეძებენ, მაგრამ ჯერჯერობით - უშედეგოდ. წინა ღამით მან ლეიბორისტი მოშიმშილეები მოინახულა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

გამოძიებისათვის ხელჩასაჭიდი არც ისე ბევრია - გამოჩნდა ერთადერთი ადამიანი, რომელმაც იმ ღამით სავარაუდო შემთხვევის ადგილას ძალზედ სწრაფად მოძრავ ჟიგულის მოჰკრა თვალი. სამწუხაროდ, ახლობლებს დღემდე სხვა არანაირი ცნობა არ გააჩნიათ და არც ფულის გამოძალვის მიზეზით დაურეკავს ოჯახში ვინმეს. ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნი მისი ავტომანქანა ჩაკეტილია და გამოძიებას ბევრს ვერაფერს ეუბნება.

სამაგიეროდ, ხელისუფალთა მხრიდან პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ხმამაღლა საუბრობენ ლეიბორისტები. ისინი ამტკიცებენ, რომ შენგელიასთან ერთად საარჩევნო დარღვევების დამადასტურებელი დოკუმენტაციაც გაქრა და რომ ეს სწორედ ხელისუფლებას აძლევდა ხელს. საგულისხმოა, რომ 28 მარტის არჩევნებს ლეიბორისტთა მხრიდან დედაქალაქში სწორედ შენგელია კურირებდა. ლეიბორისტთა ერთ-ერთი ლიდერი, ჯონდი ბაღათურია, პოლიტიკურის გარდა, მომხდარში სხვა მოტივაციას ვერ ხედავს:

(ჯონდი ბაღათურიას ხმა) "ვაჟა შენგელია არც ბიზნესმენი იყო და არც მდიდარი კაცი. და ამიტომ ჩვენ ამას მთლიანად ვაკავშირებთ პოლიტიკასთან."

მიუხედავად ამისა, დაკარგულის მეუღლე ქალბატონი მარინა საკითხს პოლიტიკურ ჭრილში არ განიხილავს და ფიქრობს, რომ ყველაფერ ამის მიზეზი ფული უნდა იყოს:

(დაკარგულის მეუღლის ხმა) "ვერც გეტყვით, რატომ გაქრა ეს კაცი ასე უცებ. ჩემი აზრით, მანდ ფულია გარეული. პოლიტიკური რა ჰქონდა ახლა ისეთი. რა პოლიტიკური მოღვაწე იყო ეგ კაცი ასეთი, რომ..."

საქმის გარშემო კონკრეტულს ჯერჯერობით ვერაფერს ამბობს მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის სამმართველოს უფროსი დომიკო დევნოზაშვილი. თუმცა მას შენგელიას მანქანიდან საზღვარგარეთის პასპორტის გაქრობა აეჭვებს და მის გამგზავრებას არ გამორიცხავს:

(დევნოზაშვილის ხმა) "არ ვიცით კაცი გაიტაცეს, დაიკარგა თუ მოკლეს. ერთადერთი, ხელში გვიჭირავს ის, რომ მისი საზღვარგარეთის პასპორტი, რომელიც მანქანაში ედო, თან აქვს წაღებული."

ქალბატონი მარინა კი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ვაჟა შენგელია ოჯახს განსაცდელში არ მიატოვებდა და ასეთ დროს საზღვარგარეთ არ წავიდოდა:

(დაკარგულის მეუღლის ხმა) "არა, თუ ძალით არ წაიყვანეს, ეს არის გამორიცხული. გოგო გვყავს ძალიან ავად და მერე, სახლშიც ისეთი მძიმე სიტუაცია გვქონდა - ცუდად ვიყავით, რომ არ არსებობს ვაჟა ახლა წასულიყო სადმე." (სტილი დაცულია)

ლეიბორისტებმა გუშინ თანაპარტიელის პოვნის (ანუ დაბრუნების) მოთხოვნა სახელმწიფო კანცელარიაში წერილობითი ფორმით შეაგზავნეს. დაკარგულის მეუღლეს კი ლეიბორისტების იმედი მაინცდამაინც არ აქვს:

(დაკარგულის მეუღლის ხმა) " მე მაგის არ მჯერა და იმ დღეს შალვა ნათელაშვილსაც ვუთხარი.
-
რატომ არ გჯერათ?
-
არ მჯერა და იმიტომ."

ეს, ალბათ, შალვა ნათელაშვილმა უკეთ იცის.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG