Accessibility links

logo-print

ლეიბორისტული პარტიის წარუმატებლობის მიზეზი


იმ პარტიებს შორის, რომლებმაც, წინასწარი მონაცემებით, 7% ბარიერი ვერ გადალახეს, მეტ-ნაკლებად მოულოდნელი ლეიბორისტების შედეგი აღმოჩნდა.



ლეიბორისტული პარტია თავიდანვე თვითკმარ პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბდა: მას არც ერთ არჩევნებში პარტნიორი არ ჰყოლია. შალვა ნათელაშვილი თანმიმდევრული იყო არა მხოლოდ საკუთარი ძალების რწმენაში, არამედ, ხელისუფლების კრიტიკაშიც. იგი ამომრჩეველს დიდხანს არწმუნებდა, რომ არც შევარდნაძის ნდობა შეიძლებოდა, არც ჟვანიასი და არც სააკაშვილის. "ვარდების რევოლუცია" ხომ სპექტაკლად და ფარსად შეფასდა და 28 მარტის არჩევნების წინაც კი ლეიბორისტების სარეკლამო კლიპი მაყურებელს აუწყებდა, რომ შევარდნაძემ საკუთარი ნებით, ხავერდოვნად გადააბარა მემკვიდრეობა სახელისუფლო სამეულს.

პოლიტიკაში თანმიმდევრულობა და პრინციპულობა წარმატების საწინდარია. თუმცა, ლეიბორისტების შემთხვევაში ყველაფერი პირუკუ მოხდა: რაც უფრო ჯიუტად იცავდა შალვა ნათელაშვილი თავდაპირველ პოზიციას, მით უფრო სწრაფად იშლებოდა მისი პარტია და ეცემოდა ლიდერის რეიტინგი.

ლეიბორისტების ყოფილი მხარდამჭერები ამბობენ, რომ მათ ბევრჯერ დაუჯერეს შალვა ნათელაშვილს, თუმცა, ნდობის პასუხად მხოლოდ იმედგაცრუება მიიღეს. რას შეიძლება გულისხმობდეს ეს საყვედური? როდის არ თუ ვერ გაამართლა ლეიბორისტების ლიდერმა ამომრჩევლის იმედები?

1998 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შალვა ნათელაშვილის პარტიამ ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა ოპოზიციურ პარტიებს შორის. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედაც ლეიბორისტი ლადო კახაძე აირჩიეს. მაგრამ სულ მალე აღმოჩნდა, რომ ნათელაშვილის თანაგუნდელებმა ხალხის ნდობას ვანო ზოდელავასთან მეგობრობა არჩიეს.

ამის მიუხედავად, 2001 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ლეიბორისტებმა კიდევ მეტ წარმატებას მიაღწიეს და თბილისის საკრებულოში ადგილთა რაოდენობით ნაციონალებსაც კი გაუსწრეს. მაგრამ შალვა ნათელაშვილმა ეს ნდობაც ქარს გაატანა, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი მიხეილ სააკაშვილს დაუთმო. მაშინ ბევრმა იფიქრა, რომ ამ ნაბიჯით ნათელაშვილმა სააკაშვილის კარიერის დასამარება გადაწყვიტა; ზოგმა კი დაასკვნა, რომ ლეიბორისტების ლიდერს მჭევრმეტყველება უფრო ეხერხება, ვიდრე საქმის კეთება.

ბოლო იმედგაცრუება ნოემბრის მოვლენებს დაუკავშირდა, როცა უკვე თავად შალვა ნათელაშვილი აღმოჩნდა არა ხალხის გვერდით, არამედ - პირდაპირ შევარდნაძის ბანაკში.

ამ ხუთწლიან ეჭვებს ლეიბორისტების მომხრეებმა 28 მარტს უნდობლობით უპასუხეს.

ამიერიდან შალვა ნათელაშვილმა ან უარი უნდა თქვას პოლიტიკურ კარიერაზე, ან ყველაფერი თავიდან დაიწყოს: პარტიული სტრუქტურის ჩამოყალიბებაც, სტრატეგიის აგებაც და ნდობის მისხალ-მისხალ მოგროვებაც. თუმცა, ქართულ პოლიტიკაში ეს გზა, რომელიც საკუთარი შეცდომების გაანალიზებასა და აღიარებაზე გადის, ჯერ არავის გაუვლია.
XS
SM
MD
LG