Accessibility links

logo-print

რას ფიქრობენ რიგითი უზბეკელები ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით?


უზბეკეთში აფეთქებების მთელმა რიგმა ერთი კვირის განმავლობაში ათეულობით ადამიანი იმსხვერპლა. მომხდართან დაკავშირებული გარემოებები ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

მით უმეტეს, რომ მთავრობა ხელს უშლის ინფორმაციის გავრცელებას. ჟურნალისტებს ძალზე მწირი ინფორმაცია მოეპოვებათ. რაც შეეხება რიგით მოქალაქეებს, ისინი შიშით არიან მოცული და ცდილობენ, გაერკვნენ, რა მოხდა და რა საფრთხე არსებობს სამომავლოდ.

ტაშკენტის მოსახლეობა ყოველ ღონეს ხმარობს, რომ თავი გაართვას ამ გაურკვევლობას, რომელიც ამ დღეებში მომხდარმა აფეთქებებმა და მხვერპლმა გამოიწვია.

პოლინა ბრაუნერგი ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც პატიმრების უფლებებს იცავს. მისი თქმით, ადამიანები პანიკით არ არიან მოცული, მაგრამ ყველა საგონებელშია ჩავარდნილი.
[ბრაუნერგის ხმა] "ყოველი ადამიანი ცდილობს თავად დაიცვას საკუთარი თავი. ყველას ეშინია საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნისა - ბაზრებსა და ბაზრობებზე - თუმცა ყველა პრაქტიკულად დაკეტილია."
5 აპრილამდე დაკეტილია სკოლებიც. ქალაქის შემოგარენში ისინი მუშაობს, მაგრამ მშობლები ბავშვებს სკოლებში არ უშვებენ საფრთხის შიშით და ურჩევნიათ სახლში ჰყავდეს ისინი.

ჩვენი რადიოს ტაშკენტის ბიუროს ხელმძღვანელის, რახმატჯონ ყულდაშევის თქმით, ზოგი ადამიანი ქალაქს საერთოდ ტოვებს და რაიონებში მიდის ნათესავებთან. [ყულდაშევის ხმა] "ტერორის ფსიქოლოგია ძალზე საინტერესოა, როგორც თავად ვაკვირდები. უცხო ადამიანი თითქოს უკვე მუქარას წარმოადგენს, მუქარას წარმოადგენს გზის პირას გაჩერებული მანქანა. ასე აღიქმება მოვლენები... მგონია, ეს ლოკალური შემთხვევაა და მეტი აღარ იქნება ასე."

ბუნებრივია, მოსახლეობა ყველაზე მეტად ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნავს. [ყულდაშევის ხმა] "ხალხს, რა თქმა უნდა, ეშინია ბავშვების ქუჩაში გაშვება. მაგალითად, მე ყოველ ნახევარ საათში, ყოველ საათში ერთხელ ვრეკავ სახლში და ცოლს ვეკითხები, სად არიან ბავშვები, რას აკეთებენ მეთქი."

უზბეკეთის მთავრობა ფაქტობრივად დუმს აფეთქებების შესახებ. ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფო ტელევიზიამ ამ დღეებში დაწვრილებით გააშუქა პრეზიდენტ ქრიმოვისა და ლიტვის პრეზიდენტ ადამკუსის შეხვედრა და არაფერი თქვა ძალადობის სამი დღის შესახებ.
[ბრაუნერგის ხმა] "პრესის, ტელევიზიის, რადიოს განსაკუთრებული იმედი არა გვაქვს. ინფორმაციის ეს საშუალებები რომ სრული მოცულობით გადმოსცემდნენ ცნობებს, ხალხში ნაკლები იქნებოდა მარჩიელობა და ვარაუდები. და პატარა ნამცეცი ტალახის დიდ გუნდად იქცევა ხოლმე, ვინაიდან ხალხი, პრაქტიკულად, სიტყვების მიხედვით მოქმედებს."

ასეთ პირობებში უზბეკეთის მოსახლეობის ნაწილი იმასაც კი ფიქრობს, რომ აფეთქებების მიღმა თავად მთავრობა უნდა იდგეს.
XS
SM
MD
LG