Accessibility links

logo-print

როგორ უნდა განაწილდეს უფლებამოსილებები აჭარის ავტონომიასა და ცენტრს შორის?


1995 წელს, საქართველოს კონსტიტუციის მიღებისას, აჭარის ავტონომიის სტატუსი ღიად დარჩა. მისი განსაზღვრა საკონსტიტუციო ჩანაწერის მიხედვით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე გადაიდო.

ამ საკანონმდებლო სიცარიელემ ავტონომიის ხელმძღვანელს ასლან აბაშიძეს თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცა და მან უამრავი სამართლებრივი დოკუმენტი მიიღო, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებაში იჭრება ან მასთან, საერთოდ, წინააღმდეგობაშიც მოდის. ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა განსაკუთრებით აქტუალური ამ ბოლო დროს გახდა, ბათუმსა და თბილისს შორის ურთიერთობათა უკიდურესად დაძაბვის შემდეგ.

2 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას ბათუმში მიავლენს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ კონსულტაციების დასაწყებად.

ამ განცხადების შემდეგპრეზიდენტმა დასძინა, ჯერჯერობით რეპრესიები საჭირო არ არის, მაგრამ, თუ საჭირო გახდება, ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეო.

პრეზიდენტის ამ მუქარანარევ გაფრთხილებას 3 აპრილს თბილისში აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჰამლეტ ჭიპაშვილი გამოეხმაურა:

[ჰამლეტ ჭიპაშვილის ხმა] "გაცილებით უკეთესი იქნება, კუნთებზე ყურების ნაცვლად, ჩვენ გადავიდეთ საქმეზე, გადავიდეთ იმ დოკუმენტის შექმნაზე, რომელიც მოაწესრიგებს ცენტრის და, ამ შემთხვევაში, არა მარტო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასთან ურთიერთობას, არამედ, სამომავლოდ, დარწმუნებული ვარ, ეს დოკუმენტი წაადგება იმ ტერიტორიებსაც, სადაც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია."(სტილი დაცულია)

აჭარას ფართო უფლებამოსილების მინიჭებას სააკაშვილის წინამორბედიც ჰპირდებოდა, მაგრამ წლების მანძილზე არაფერი გაკეთებულა ამ ფართო უფლებების დასაკონკრეტებლად. არადა, ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილების გამიჯვნა საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულება იყო და მის შესრულებას 2 წელზე მეტია ვადა გაუვიდა. აი, რა განაცხადა თებერვლის თვეში საქართველოში ვიზიტისას, ბათუმში ასლან აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ვალტერ შვიმერმა:

[ვალტერ შვიმერის ხმა] " მე მოვუწოდე მას, რომ წარმოადგინოს თავისი წინადადებები საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცეული იმ ავტონომიური უფლებების თაობაზე, რომელიც მას ეკუთვნის როგორც საქართველოს ერთ-ერთ ავტონომიურ რესპუბლიკას. მე მოველი, რომ ახალი მთავრობის პირობებში მოხერხდება ამგვარი ჩარჩო საკანონმდებლო დოკუმენტის შექმნა, რის შედეგადაც, მღელვარებისა და დაპირისპირების ნაცვლად, ჩვენ მივიღებთ კონსტრუქციულ დიალოგს."

ჯერჯერობით არც დოკუმენტის პროექტი არსებობს და მხარეებს არც კონსტრუქციული დილოგი დაუწყიათ, ჯერჯერობით მხოლოდ მოწოდებები და მუქარა გაისმის. უფლებამოსილებათა გამიჯვნის როგორ მოდელს დასთანხმდება ბათუმი, ამაზე ლაპარაკი თავად აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც კი უჭირთ. ჰამლეტ ჭიპაშვილის განცხადებით, ბათუმში ცენტრალური ხელისუფლების შემოთავაზებას ელოდებიან:

[ჰამლეტ ჭიპაშვილის ხმა]

ცენტრი კი ჯერჯერობით რეგიონისგან მხოლოდ საბაჟოსა და საზღვაო პორტში თბილისის კონტროლის დაწესებას, უშიშროების სამინისტროს გაუქმებასა და ავტონომიური შეიარაღებული ფორმირებების საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქმვემდებარებაში მოქცევას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG