Accessibility links

არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადება გადაიდო


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2 აპრილის დადგენილების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა აპრილის გაცვლად, მაისში იქნება მოწვეული.

შეგახსენებთ - 2 აპრილს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააუქმა ქობულეთისა და ხულოს საარჩევნო ოლქების შედეგები და განმეორებითი არჩევნები იქ 18 აპრილს დანიშნა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებამ, ქობულეთისა და ხულოს საარჩევნო ოლქებში 28 მარტის არჩევნების შედეგების გაუქმებისა და 18 აპრილს განმეორებითი არჩევნების დანიშვნის შესახებ ახლადარჩეული პარლამენტის მოწვევის ვადა გაუგებარი ვადით გადადო. განმეორებითი არჩევნების ჩატარების შედეგებამდე, ბუნებრივია, ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერ გამოაცხადებს 28 მარტის არჩევნების საბოლოო შედეგს. შესაბამისად, ვერც საქართველოს პრეზიდენტი ვერ მოიწვევს ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას - შეგახსენებთ, საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი ახლადარჩეული პარლამენტის სხდომას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 2 კვირაში იწვევს.

საქართველოს დემოკრატიული აღორძინების კავშირის პროტესტის მიუხედავად, თითქოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ ჰქონდა უბანში ან ოლქში არჩევნების შედეგის გაუქმების უფლება, უნდა ითქვას, რომ საარჩევნო კოდექსით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ასეთი უფლება ნამდვილად აქვს. აქვს განმეორებითი არჩევნების დანიშვნის უფლებაც იმ შემთხვევაში, თუ - ციტატა საარჩევნო კოდექსიდან - "ამომრჩეველთა სრული რაოდენობა ამ უბნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 10 პროტენტზე მეტია."

ყველაზე საინტერესო გახლავთ კითხვა - 10 პროცენტი ითვლება ოლქის ამომრჩეველთა რაოდენობიდან თუ ქვეყნის მასშაბით ამომრჩეველთა რაოდენობიდან. ამ საკითხის გარკვევა საკმაოდ ძნელი საქმე აღმოჩნდა - საზოგადოება სამართლიანი არჩევნების თანამშრომლის ლაშა ჯუღელის განმარტებით, საარჩევნო კოდექსის ამ მუხლში ოლქის ამომრჩევლის საერთო რაოდენობა იგულისხმება:
[ლაშა ჯუღელის ხმა] " პირდაპირ არ იკითხება, როგორც წერია, თორემ ამომრჩევლის საერთო რაოდენობაში, ცხადია, შეიძლება იგულისხმებოდეს მთლიანად საქართველოს ამომრჩეველთა რაოდენობა, არა? შეიძლება მანდ იგულისხმებოდეს მხოლოდ იმ ოლქსი ამომრჩეველთა რაოდენობა.]

ამ მუხლის გარკვევის თხოვნით უკვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიულ გამყოფილებას მივმართე. საკითხში უკეთ გარკვევისთვის დროის მოთხოვნის შემდეგ, ამ განყოფილების თანამშრომელმა იოსებ თათარაშვილმა დაადგინა, რომ საერთო რაოდენობაში ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის რაოდენობა იგულისხმება: [იოსებ თათარაშვილის ხმა] " გაირკვა - ეს არის ამომრჩევლის რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით."
მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 მარტს არჩევნებში მონაწილეობა მილიონ 500 ათასზე ოდნავ მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ამ ციფრის 10 პროცენტი - 150 ათასი გამოდის. ქობულეთისა და ხულოს ამომრჩეველთა რაოდენობა კი ერთად საუკეთესო შემთხვევაში, 60 ათასია. ანუ, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ გაუქმებულ ოლქებში განმეორებითი არჩევნების დანიშვნის უფლება, უბრალოდ, არა აქვს. სხვათაშორის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უახლოეს დღეებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ დადგენილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. და თუ სასამართლო დააკმაყოფილებს ახალგაზრდა იურისტთა სარჩელს, ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, სავარაუდოდ, 20 მაისს გაიმართება.
XS
SM
MD
LG