Accessibility links

logo-print

ბუნებრივია, გასული კვირის პრესის მთავარი თემა - 28 მარტის საპარლამენტო


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ბუნებრივია, გასული კვირის პრესის მთავარი თემა - 28 მარტის საპარლამენტო არჩევნები გახლდათ. გესაუბრებით ამ პრობლემატიკისა და ზოგიერთი სხვა საკითხის, მათ შორის,

პრეზიდენტის წინააღმდეგ არშემდგარი ტერაქტის თემაზე.

თავდაპირველად იმის შესახებ, თუ რას წერდა პრესა არჩევნების პროცესთან დაკავშირებით. 31 მარტის გაზეთ "ხვალინდელი დღის" თქმით, "საპარლამენტო არჩევნების დღემ მოსალოდნელზე უფრო მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა."
გაზეთი წერს:

"მიუხედავად იმისა, რომ, წინა არჩევნებთან შედარებით, მოსახლეობის აქტივობა საგრძნობლად დაბალი იყო, არჩევნები შედგა. რევოლუციური სამეულის "გუნდებით" დაკომპლექტებულმა სახელისუფლებო ძალამ ხმათა უმრავლესობა მიიღო, რაც ნიშნავს, რომ დარჩენილი 150 მანდატის უმრავლესობას სახელისუფლებო გუნდი დაეპატრონება. 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებს ევროპარლამენტის, ეუთოსა და დსთ-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ საქართველოში ასე გამჭვირვალედ არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობას "მაღალპროფესიონალურს" უწოდებენ."

გაზეთი აღნიშნავს, რომ "უცხოელი დამკვირვებლების აზრით, "საქართველოში გამართულ გამჭვირვალე არჩევნებს ჩრდილი აჭარაში განვითარებულმა მოვლენებმა მიაყენა". "ხვალინდელი დღის" თქმით,

"საქართველოს ამ რეგიონში არჩევნების მსვლელობის პროცესს ისინი დამაკმაყოფილებელს უწოდებენ. საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლის ჩედ მეიგლის თქმით, მას არ შეუძლია ცალსახად განაცხადოს, რომ "აჭარაში დემოკრატიული არჩევენები გაიმართა, თუმცა თამამად შეუძლია თქვას, რომ იქ საარჩევნო პროცესის სერიოზული დარღვევები, უბრალოდ, არ დაუნახავს."

"ნინო ბურჯანაძე კი მიიჩნევს, რომ "აჭარის თემა, საერთოდ, ცალკე საკითხია და იგი მხოლოდ არჩევნების კონტექსტში არ უნდა განიხილებოდეს."

31 მარტს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ამასთან დაკავშირებით, პირველი აპრილის გაზეთი "ახალი თაობა" წერს: "მაშ ასე, ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში ორი პოლიტიკური პარტია შედის - "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები" და "მრეწველები-ახლები". ერთპარტიული პარლამენტის საფრთხე თავიდან ავიცილეთ, მაგრამ არც მის მრავალპარტიულობაზე შეიძლება საუბარი. ხოლო ის ფაქტი, რომ ოპოზიცია, აშკარად, დაიჩაგრა ამ არჩევნებზე, ეჭვს არ იწვევს. არც ის არის გამორიცხული, რომ "მრეწველები-ახლები" და "ნაციონალები-დემოკრატები" სხვადასხვა ფრაქციებად დაიშალონ. ამით საკანონმდებლო ორგანო უფრო წარმომადგენლობითი გახდება, მაგრამ რეალურად ეს ფაქტი (თუ ასე მოხდა) საერთო სურათს ვერ შეცვლის."

გაზეთის თქმით, "გასათვალისწინებელია, რომ "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატების" მიერ გაყვანილ დეპუტატთა რაოდენობა სავსებით საკმარისია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად."

"ახალი თაობა" წერს: "...გამოდის, რომ პარლამენტს არც ერთი კანონპროექტის მიღებაზე არ უნდა შეხვდეს წინააღმდეგობა. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ინიციატივა ოპოზიციის მხრიდან არ წამოვა. რა შეიძლება გააკეთოს მემარჯვენე ოპოზიციამ ამ შემთხვევაში პარლამენტში? ალბათ, ის, რასაც ისინი აცხადებდნენ კიდეც - მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის ხელშეწყობა."

პირველი აპრილის პრესა აღნიშნავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურმა მორიგი სიურპრიზი მოუმზადა საქართველოს საზოგადოებას. გაზეთი "24 საათი" წერს, რომ "ასლან აბაშიძე აჭარის პარლამენტს "სთავაზობს" დანიშნოს რეფერენდუმი, რომლითაც გაირკვევა, უჭერს თუ არა მოსახლეობა მხარს ავტონომიური რესპუბლიკის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას." აბაშიძის განცხადებით, "28 მარტის არჩევნები აჭარაში არაობიექტურად ჩატარდა და რეფერენდუმის შედეგებმა უნდა განსაზღვროს, ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა."

"24 საათი" შენიშნავს: "აჭარის ავტონომიის მეთაურის განზრახვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ასლან აბაშიძე ან სათანადოდ არ იცნობს საქართველოს კანონმდებლობას, ან შეგნებულად ახდენს მის იგნორირებას. "რეფერენდუმის შესახებ" კანონის პირველივე მუხლში წერია: "რეფერენდუმი იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ხოლო ამავე კანონის მეოთხე მუხლში ნათქვამია, რომ რეფერენდუმს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი - "პარლამენტის, არანაკლებ 200 ათასი ამომრჩევლის ან საკუთარი ინიციატივით". ანალოგიური ჩანაწერი არსებობს საქართველოს კონსტიტუციაშიც."

2 აპრილის გაზეთი "რეზონანსიც" აღნიშნავს, რომ "აჭარის ავტონომიის ხელისუფლება ცენტრთან ურთიერთობების გასარკვევად რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს, ადგილობრივი ოპოზიცია კი ასლან აბაშიძის გადაყენებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გეგმავს."

გაზეთი წერს: "ოპოზიციის განცხადებების მიუხედავად, აბაშიძის გარემოცვა კვლავ "აღორძინების" წინააღმდეგ არჩევნების გაყალბებასა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე საუბრობს. ამასობაში კი თბილისიდან შეიარაღებული შეჭრით დაშინებული აბაშიძე ბათუმში დაცვის განსაკუთრებულ ზომებს მიმართავს და ბათუმის ქუჩებში ტექნიკა გამოჰყავს."

3 აპრილის პრესამ გაავრცელა მეტად შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ ქილერთა ექვსკაციან ჯგუფს საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმის ორგანიზება ჰქონდა დავალებული.

"პრეზიდენტის ლიკვიდაციას აჭარის უმაღლესი ხელმძღვანელობა გეგმავდა." გაზეთი "24 საათი" წერს, რომ "ასეთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა უშიშროების მინისტრის მოადგილემ გიგი უგულავამ, რომლის ინფორმაციითაც, უშიშროების სამინისტრომ გუშინ დააკავა ტერორისტი, რომელიც სპეცბრძანებით - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობის დავალებით - თბილისში იყო ჩამოსული."

გაზეთში კიდევ არაერთ მიშვნელოვან დეტალზეა საუბარი. წერილის დასასრულს კი ნათქვამია: "ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებული რომელიმე მუხლით წაეყენება თუ არა ბრალი აჭარის იმ უმაღლეს ხელმძღვანელს, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკვლელობას გეგმავდა, ამის შესახებ სამართალდამცველები ჯერჯერობით არ საუბრობენ."

ამავე თემას ეძღვნება 3 აპრილის გაზეთ "ალიას" წერილი, სადაც ვკითხულობთ: "კიდევ ერთი არშემდგარი ტერაქტი, კიდევ ერთხელ პრეზიდენტზე, ამჯერად უკვე სააკაშვილზე. შევარდნაძეს თავს ორჯერ დაესხნენ, მესამედ ვერ მოასწრეს - ჯგუფი დანაშაულამდე აიყვანეს. მაშინ ოპოზიცია ამ სპეცოპერაციას ეჭვის თვალით უყურებდა.

იგივე კითხვები ახლაც გაჩნდა. თუმცა, უფრო გულწრფელები თუ ვიქნებით, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ სააკაშვილზე ტერაქტის განხორციელების სურვილი სრულიად ლოგიკურია. შევარდნაძისგან განსხვავებით, მას ბევრი მტერი გაუჩნდა - ხელისუფლებისგან ჩამოცილებული ფიგურები და გავლენიანი ბიზნესმენები."

გასული კვირის პრესამ ხელისუფლების ზოგიერთ გადაწყვეტილებაზეც გაამახვილა ყურადღება. 2 აპრილის გაზეთ "ხვალინდელი დღის" თქმით, "რევოლუციის ვარდმა რევოლუციური ეკალიც გამოიბა - მისი სიმწარე ჯერ გარემოვაჭრეებმა გამოსცადეს, როცა, მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, 30 იანვრიდან გარევაჭრობა აიკრძალა."

გაზეთი წერს: "ხელისუფლების მიერ "ხელაღებით" დამყარებულმა წესრიგმა ათასობით გარემოვაჭრის ოჯახს შემოსავალი შეუმცირა და რევოლუციონერობა ანანებინა. აკი ამ გადაწყვეტილების შესახებ საკრებულოს წევრებიც ალაპარაკდნენ, რომ პრობლემა სერიოზულ მუშაობას მოითხოვდა და ეს აკრძალვა წინდაუხედავი ნაბიჯი იყო, ყოველ შემთხვევაში, მოუმზადებელი მაინც."

გაზეთი აგრეთვე აღნიშნავს, რომ სამინისტროების რეორგანიზაციის გამო ასობით სახელმწიფო მოხელე ქუჩაში დარჩენის საშიშროების წინაშე დგას.

"ხვალინდელი დღე" წერს: "ფესვგამდგარი ტრადიცია - ახალ უფროსს - ახალი ხელქვეითი, ახალ მინისტრს - ახალი მოადგილე - ახალმა დემოკრატიულმა ხელისუფლებამაც არ დაივიწყა და ახალი ხელისუფლების ახალი კადრებით (თუნდაც, არაპროფესიონალებით) დაკომპლექტების პრინციპის გატარება ყველა სტრუქტურაში დაიწყო. ერთი მხრივ, გასაგებია, რომ ახალ მთავრობას ძველი კადრებისგან გათავისუფლება სურს, მაგრამ გაუგებარია მათი "გადარჩევის" კრიტერიუმი. როგორც ირკვევა, მოხელეების მასობრივი გათავისუფლების დაწყება მოქმედი კანონების დარღვევით ხდება."
XS
SM
MD
LG