Accessibility links

logo-print

''ქართული სპორტის საუკუნე - დაუვიწყარი სახელები'': თემურ ხუბულური


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი დღევანდელი სპორტული პროგრამა ეძღვნება ძიუდოში პირველ

ქართველ მსოფლიო ჩემპიონს თემურ ხუბულურს.

თემურ ხუბულური. დაიბადა 1955 წლის 24 აპრილს გორის რაიონის სოფელ სკრაში. ძიუდოისტი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, მოსკოვის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი, ევროპის ორგზის ჩემპიონი და მეორე პრიზიორი, ევროპის გუნდური ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის ორგზის და ხალხთა VI სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი, საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში, საქართველოს 1979 წლის საუკეთესო სპორტსმენი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი.

ამ შაბათ-კვირას თბილისის სპორტის სასახლე ძიუდოისტთა ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობდა. უკვე რამდენიმე წელიწადია, ქვემძიმე წონაში გამარჯვებულებს თემურ ხუბულური აჯილდოებს. ამჯერადაც ასე მოხდა და როცა საპატიო მისიის შესასრულებლად ხუბულურს არენაზე უხმეს, ტრიბუნებს ტაშის ექომ გადაუარა. თავადაც არაერთხელ მოუგია თბილისის ტურნირი და ვაჟკაცური ჭიდაობისთვის არაერთხელ დაუმსახურებია გულშემატკივართა ტაში. მაგრამ ეს ადრე იყო, 25-30 წლის წინ, როცა ჩვენთან პლანეტის უძლიერესი ფალავნები ჩამოდიოდნენ - გერმანელი ლორენცი, ფრანგი ვაშონი, ბელგიელი ვან დე ვალე, ჰოლანდიელი კოსტენბერგერი და სხვები. ხუბულური ამ ვარსკვლავთა შორისაც გამორჩეული იყო, - ამბობს ოლიმპიური ჩემპიონი და საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი შოთა ხაბარელი:

[შოთა ხაბარელის ხმა] "თემურზე ლეგენდები დადიოდა იმ დროს, როცა თემური გამოდიოდა ასპარეზზე და ერთ-ერთი უძლიერესი სპორტსმენი იყო. თემურის გამოჩენა ნებისმიერ შეჯიბრებაზე ზარს სცემდა ყველა მოწინააღმდეგეს, თუმცა ამ წონით კატეგორიაში უძლიერესი ბიჭები იყვნენ - იგივე გერმანელები, ბელგიელები, ჰოლანდიელები...უძლიერესი წონითი კატეგორია იყო, მაგრამ თემურს ტოლი არ ჰყავდა, ფაქტობრივად. სადაც ჩადიოდა, იქ იყო ლაპარაკი მარტო ოქროს მედალზე. სხვა მედალზე არ იყო საუბარი. მე, მაგალითად, მიმაჩნია, რომ თემურზე ძლიერი ევროპაში ხომ არ იყო არავინ, მსოფლიოში შეიძლება რამდენიმე იაპონელი შეგვედარებინა. ძალიან იშვიათობაა, როცა სპორტსმენს აქვს ძალაც, ტექნიკაც უმაღლეს დონეზე დაყენებული. თემურში იყო ეს ყველაფერი ერთად თავმოყრილი. ხომ მძიმე წონა იყო, მაგრამ ისეთი მოქნილი იყო, ისეთ ფანდებს აკეთებდა, რომ სამოცი კილოგრამო წონისა ვერ გააკეთებდა, ვერ იმიძრავებდა ისე." (სტილი დაცულია]

იმავე აზრისაა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი დილარ ხაბულიანი, რომელიც განსაკუთრებით გამოყოფს ხუბულურის შრომისმოყვარეობას, საქმისადმი პროფესიონალურ დამოკიდებულებას:

[დილარ ხაბულიანის ხმა] "ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ძიუდოისტი და მე მიმაჩნია, რომ მასზე დიდი ძიუდოისტი საქართველოს არსებობის მანძილზე არ გვყოლია. ჩემი პირადი შეხედულება ასეთია, როგორც ფედერაციის პრეზიდენტისა და როგორც ყოფილი ძიუდოისტის."
როცა ხუბულური დიდ სპორტში მოვიდა, გორელ ძიუდოისტებს უკვე სახელი ჰქონდათ გავარდნილი: ქართველთაგან ევროპის ჩემპიონის პირველი ტიტული ანზორ ქიბროწაშვილმა მოიპოვა, პირველი ოლიმპიური ჩემპიონიც გორელი შოთა ჩოჩიშვილი გახდა. ხუბულურმა ეს ტრადიცია გააგრძელა და მსოფლიო ჩემპიონის პირველ ოქროს მედალს დაეუფლა. ხუბულურის თქმით, ამ გამარჯვებებს საფუძვლად უდევს ქართული ჭიდაობა, საიდანაც ძიუდომდე ერთი ნაბიჯია:

[თემურ ხუბულურის ხმა] "ქართლში ხშირად იმართება ქართული ჭიდაობა, რომელიც სამბოს და ძიუდოს ძალიან წააგავს. ჩოხაში ვჭიდაობთ, მოგეხსენებათ. იქ ცერულია, მოგვერდია, ბრუნია, კისრულია. ეს ილეთები ძიუდოსა და სამბოშიც კარგად გამოიყენება. ამიტომაც არის, რომ ძიუდოსა და სამბოში კარგი შედეგები გვაქვს."

თემურ ხუბულური ათი წელი გამოდიოდა საერთაშორისო სარბიელზე, არაერთი სახელოვანი ფალავანი დაუმარცხებია, მათ შორის -მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები, მაგრამ, სამწუხაროდ, თავად ოლიმპიური ოქრო ვერ მოიპოვა. ერთი ნაბიჯიღა დააკლდა.

[თემურ ხუბულურის ხმა] "ყოველთვის გული მწყდება, რომ ოლიმპიური ჩემპიონი ვერ გავხდი. ალბათ, ვიყავი ღირსი, რომ მქონოდა ეს ტიტული, მაგრამ ღმერთმა, ალბათ, ასე ისურვა, რომ არ ვარ ოლიმპიური ჩემპიონი."

ამდენი ტიტულისა და ჩინ-მედლების მფლობელი, აბა, უიღბლო სპორტსმენად როგორ უნდა მოიხსენიო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ხუბულურმა ბელგიელ ვან დე ვალესთან სულ 9 შეხვედრა გამართა და, ერთის გარდა, ყველა მოიგო. ის ერთადერთი მარცხი სწორედ ოლიმპიური თამაშების ფინალურ შეხვედრაში იწვნია. ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ამჟამად კი ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რიგელი ალექსანდრ იაცკევიჩი ამბობს, რომ ეს იყო ხუბულურის ერთადერთი სერიოზული შეცდომა მთელი მისი სპორტული კარიერის განმავლობაში:

[ალექსანდრ იაცკევიჩის ხმა] "ჩვენ სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოვდიოდით, მაგრამ ერთად მოვედით ჯერ ახალგაზრდულ გუნდში, მერე კი მოზრდილთა ნაკრებში. მე ყოველთვის მაოცებდა მისი იშვიათი ბუნებრივი ტალანტი, ბუნებრივი ძალა. თემური იყო მაგალითი საბჭოთა ნაკრების თითოეული წევრისთვის. მისი ძლიერი მხარე იყო ზურგიდან გდება, ეგრეთ წოდებული სუნაგო. ბრძოლის ტემპს თვითონ კარნახობდა, მეტოქეს სულის მოთქმის საშუალებას არ აძლევდა და საპასუხო მოქმედების დროს არ უტოვებდა."

რაც შეეხება თავად ვან დე ვალეს, მან ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში ასე დაახასიათა ხუბულური: " მასთან შეხვედრების უმნიშვნელო წვრილმანიც კი მახსოვს. როგორც კი ხელს ჩაგავლებდა, უზარმაზარ ძალას იგრძნობდი; ამასთან ერთად, საოცრად სწრაფი და მოუხელთებელი იყო. წელში გამართული მოდიოდა. ასე, უმეტესად, ქართველები ჭიდაობენ."
XS
SM
MD
LG