Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაკონკურენტული გარემო - საფრთხე სახელისუფლო პარტიისთვის


საზოგადოების დიდი ნაწილი კმაყოფილია იმით, რომ საარჩევნო ბარიერი, სახელისუფლო პარტიასთან ერთად, მემარჯვენე ოპოზიციამაც გადალახა.

მაგრამ დამაფიქრებელია მოქალაქეთა კავშირის ისტორია: წლების განმავლობაში მას ჰყავდა ოპოზიცია, თუმცა რეალური კონკურენტი არ ჰყოლია. მინდა წარსულის გაკვეთილსა და მომავლის საფრთხეებზე გესაუბროთ.

მოქალაქეთა კავშირის ნამდვილი ისტორია 1995 წლიდან იწყება. ედუარდ შევარდნაძის მხარდამჭერმა პარტიამ ამ წელს საპარლამენტო არჩევნები მოიგო და, აღორძინების კავშირთან ერთად, უმრავლესობა შეკრა; ეროვნულ-დემოკრატებმა კი პარლამენტში კონსტრუქციული ოპოზიციის ნიშა დაიკავეს. მაშინ ოპოზიციას ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა და ირინა სარიშვილსაც, როგორც გიორგი ჭანტურიას ქვრივს და ავტორიტეტულ ლიდერს, საზოგადოება დიდ პატივს სცემდა.

ოპოზიციის როლი პირველად მაშინ დაკნინდა, როდესაც ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ორად გაიყო. მაგრამ კიდევ უარესი ის მოხდა, რომ ეს ორი ჯგუფი ერთმანეთს უკომპრომისოდ დაუპირისპირდა: არ არსებობდა არც ერთი საკითხი, რომელზეც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ძველი შემადგენლობა შეთანხმებას შეძლებდა. შესაბამისად, ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების კრიტიკა ტენდენციური გახდა, რადგან ირინა სარიშვილ-ჭანტურია და მამუკა გიორგაძე, რეალობის კარნახით კი არა, ერთმანეთის ჯიბრზე მოქმედებდნენ. ბევრჯერ გაჩნდა ეჭვი, რომ ორივე პარტია ერთმანეთის ზურგს უკან მოქალაქეთა კავშირთან მისასვლელ გზებს ეძებდა და პოულობდა კიდეც. ამიტომ ეროვნულ-დემოკრატები სახალხოელების მხილებით იყვნენ დაკავებული, სახალხოელები კი - ეროვნულ-დემოკრატების გამოაშკარავებით. ხელისუფლებაც ამ ორი პარტიიდან ხან ერთთან თანამშრომლობდა და ხან მეორესთან. 1995 წლის მოწვევის პარლამენტში ძალთა განლაგებას და საქმიანობას კარგად წარმოაჩენს ბარიერის 5-დან 7%-მდე აწევის ისტორია. ოფიციალური ვერსიით, ეს იყო ირინა სარიშვილ-ჭანტურიას ინიციატივა. სინამდვილეში, ბარიერის აწევა ხელს აძლევდა ძლიერ პარტიებს, მაგალითად, მოქალაქეთა კავშირს და აღორძინების კავშირს, მაგრამ არა ეროვნულ- დემოკრატებს. არადა, როდესაც სხდომათა დარბაზის ტაბლომ დაადასტურა, რომ ბარიერი გაიზარდა, ირინა სარიშვილ-ჭანტურიამ და მიხეილ სააკაშვილმა ერთმანეთი აღტაცებული შეძახილებით გადაკოცნეს. ცხადია, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის სიხარული უკავშირდებოდა არა იმდენად საკუთარ მომავალს, რამდენადაც სასიკვდილო ლახვრის ჩაცემას სახალხო პარტიისთვის. ასეც მოხდა, ოღონდ, "მცირეოდენი" შესწორებით: იმ დღის შემდეგ არჩევნებში ბარიერი აღარც სახალხოელებს გადაულახავთ და აღარც ეროვნულ-დემოკრატებს. სამაგიეროდ, 1999 წლის მოწვევის პარლამენტში ორივე სახელისუფლო პარტია - მოქალაქეთა კავშირი და აღორძინების კავშირი - კიდევ უფრო დიდი წარმომადგენლობით შევიდა.

თუ 1995 წლიდან მოქალაქეთა კავშირს რეალური ოპოზიცია არ ჰყოლია, 1999 წელს ხელისუფლებას, თითქოს, სერიოზული კონკურენტი გაუჩნდა აღორძინების კავშირის სახით. მაგრამ ესეც ილუზორული შთაბეჭდილება იყო. აღორძინების კავშირი პარლამენტში ერთადერთ ფუნქციას ასრულებდა: პირადად ასლან აბაშიძის ინტერესებს და ხელშეუხებლობას იცავდა ცენტრალური ხელისუფლების შემოტევებისგან. ამიტომ ყველაფერი, რაც მოქალაქეთა კავშირს მოსწონდა, მიუღებელი ხდებოდა აღორძინებისთვის და პირიქით. თუმცა იმ საკითხებზე, რაზეც ცენტრისა და ავტონომიის ლიდერები არ დავობდნენ, მათი მხარდამჭერებიც იოლად თანხმდებოდნენ. ფაქტია, რომ, დიდი ხმაურის მიუხედავად, წინა პარლამენტში "აღორძინებას" ოპოზიციის ტრადიციული ფუნქცია არ შეუსრულებია და არც უცდია.

პირველი რეალური, გულწრფელი ოპოზიცია, რომელმაც მიზნად დაისახა ხელისუფლება მთლიანად ჩაენაცვლებინა, მოქალაქეთა კავშირს თავისივე წიაღში გაუჩნდა. ამ პირველსავე რთულ პოლიტიკურ მომენტს ხელისუფლება იმ "მზაობით" დახვდა, რომ მმართველი პოსტებიდან პირდაპირ საპატიმროებში გადაინაცვლა.

მოქალაქეთა კავშირის პრობლემა მხოლოდ ის არ ყოფილა, რომ სახელისუფლო პარტია ზედიზედ დგამდა არასწორ ნაბიჯებს, რომელთა საღი პოლიტიკური შეფასება წლების განმავლობაში არ ხდებოდა. კიდევ უფრო მთავარი ის იყო, რომ ხელისუფლების ჩანაცვლებისთვის არც ერთი ოპოზიციური პარტია არ ემზადებოდა. არადა, მოქალაქეთა კავშირს 1995 წლიდან ძლიერი, პატიოსანი ოპოზიცია რომ ჰყოლოდა, საფიქრებელია, პარტიაც და ქვეყანაც ბევრ საფრთხეს აიცილებდა.

მოქალაქეთა კავშირის ტრაგიკული ხვედრი ნაციონალურ მოძრაობას ორ გაკვეთილს სთავაზობს. პირველი: არ შეიძლება, ხელისუფლების სწორი ნაბიჯების გარანტი მხოლოდ ოპოზიცია იყოს; უკონკურენტო გარემოშიც კი ხელისუფლება განუკითხავად არ უნდა მოქმედებდეს. და მეორე: ხელისუფლებამ თავად უნდა შექმნას გარემო პოლიტიკური კონკურენციისთვის, თუკი სურს, საკუთარი მომავალი მძიმე დარტყმის ქვეშ არ დააყენოს.

აი, ამ საფრთხეების იგნორირება დაუჯდა და დაუჯდება ძვირად როგორც ოპოზიციას, ისე, პირველ რიგში, ხელისუფლებას.
XS
SM
MD
LG