Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ირჩევს საქართველოს ხელისუფლება მილიტარისტულ კურსს?


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ქვეყნის

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თავისი პრეზიდენტობის მთავარ დანიშნულებად მიაჩნია, აღარ მალავს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, შესაძლოა, სამხედრო ძალის გამოყენებაც გახდეს საჭირო. მეტიც, მიხეილ სააკაშვილმა გასულ კვირაში ელიტური მე-11 მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს მოუწოდა, იყვნენ მზად ნებისმიერ სეპარატისტულ რეგიონში საბრძოლო დავალების შესასრულებლად. საქართველოს ხელისუფლების მილიტარისტულ სამზადისზე მეტყველებს ახალი კონტრაქტები, რომელმაც მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს საქართველოს არმიის საბრძოლო პოტენციალი.


"განიარაღდით, დაშალეთ თქვენი შეიარაღებული ფორმირებები და ჩადექით საქართველოს სამხედრო ძალების სამსახურში,"- მოუწოდა 1 აპრილს ქართველი სპეცნაზელებითა და პირადი დაცვით გარშემორტყმულმა საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და აჭარის ავტონომიათა ხელმძღვანელებს, რომლებიც საკუთარ არმიებს და საკმაოდ მნიშვნელოვან საბრძოლო ტექნიკას ფლობენ. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს 12 წელზე მეტია დაკარგული აქვს კონტროლი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, ხოლო აჭარის ლიდერი არაფრად აგდებს ცენტრალური ხელისუფლების ნებას, ბევრს მოეჩვენა, რომ ეს იყო პეზიდენტის საპირველაპრილო ხუმრობა. თუმცა მიხეილ სააკაშვილი არც იმდენად მიამიტია, არ იცოდეს, რომ სეპარატისტული რეჟიმები არავითარი მიმართვებით არ განიარაღდებიან. თანაც, ასეთმა ფუჭმა მოწოდებებმა, შესაძლოა, დააზარალოს იმიჯი თავად საქართველოს პრეზიდენტისა, რომელსაც ინაუგურაციის დღეს და შემდეგაც არაერთხელ განუცხადებია, რომ თავისი პრეზიდენტობის მთავარ მიზანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ხედავს.

ამიტომაც, ყოველგვარი ეჭვები რომ გაეფანტა, იმავე ვაზიანის ბაზაზე, სადაც მეორე წელია დაბანაკებულნი არიან ელიტური მეთერთმეტე მოტომსროლელი ბრიგადა და მასში შემავალი "კომანდოსთა" სპეცდანიშნულების ნაწილი, სხვა, უფრო მკვეთრი შინაარსის, განცხადებაც გაკეთდა: შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა მოუწოდა სამხედროებს, იყვნენ მუდმივ მზადყოფნაში იმისათვის, რომ შეასრულონ საბრძოლო ამოცანა ნებისმიერ სეპარატისტულ რეგიონში. ამ დღეებში კი ცნობილი გახდა, რომ, პრეზიდენტის განკარგულებით, დაჩქარებული ტემპით ხდება შეიარაღებული ძალების გადაიარაღება. თავდაცვის მინისტრ გელა ბეჟუაშვილის თქმით, აპრილის პირველ ნახევარში სამხედრო უწყება რამდენიმე ერთეულ გარემონტებულ საბრძოლო ტექნიკას მიიღებს:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] "მე მოგახსენეთ ხუთ საბრძოლო ვერტმფრენზე, რომლებიც ჩამოვლენ აპრილის პირველ ნახევარში. აპრილის ბოლოსთვის საქართველოში შემოდის სამი საბრძოლო გემი, ეს არის საჩუქარი. ეს არის ის გემები, რომლებიც გაგზავნილ იქნა სარემონტოდ საბერძნეთში. ერთი არის ახალი სარაკეტო კატარღა, რომელიც იქნება ყველაზე მსხვილი გემი საქართველოს სამხედრო ძალებში."


შესაბამისად, გამალებული სამხედრო მზადების დასაფინანსებლად, არმიის ხელმძღვანელობა წელს სამხედრო ბიუჯეტის 30-50 პროცენტით გაზრდას ელოდება. ფოთში დისლოცირებული საბრძოლო დანაყოფების მებრძოლებმა უკვე მიიღეს გაზრდილი სახელფასო დანამატი, რომელიც, პრეზიდენტის განკარგულებით, საშუალოდ 400 ლარით განისაზღვრა. 17 აპრილს კი ფოთის მისადგომებთან გაიმართება ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება, რომლის სცენარი შეტევითი საბრძოლო ამოცანების შესრულებასა და კონფლიქტის ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ითვალისწინებს.

ყველაფერი ეს ჯერ მხოლოდ ძალის დემონსტრირებაა, რომელიც დიპლომატიურ პრაქტიკაში, ეფექტურ პრევენციულ ზომადაა მიჩნეული კრიზისის განსამუხტავად. თუმცა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს საქართველოს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსის ირაკლი ბათიაშვილის ვარაუდით, საქართველოს ხელისუფლებას, შესაძლოა, უფრო შორსმიმავალი გეგმები ჰქონდეს:

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] "ეს აშკარად შეიცავს თავის თავში მინიშნებას, მინიშნებას კი არა, პირდაპირ მიმართულების მიცემას, რომ საჭიროა გამოვიყენოთ ძალა აჭარასთან პრობლემების გადასაწყვეტად."(სტილი დაცულია)

არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სერიოზულად ემზადება სეპარატისტული რეჟიმების განსაიარაღებლად, გარკვეული ანტიტერორისტული ოპერაციების ჩასატარებლად. სპეცდანიშნულების ნაწილებმა ერთგვარი მოთელვა უკვე გაიარეს სვანეთში აფრასიძეების მიუვალი ციხესიმაგრის აღებისას.

მაგრამ, სვანეთის მაღალმთიანი სოფლისაგან განსხვავებით, სეპარატისტულ რეგიონში დიდია სხვა სახელმწიფოების არაპირდაპირი ჩარევის მცდელობა, რასაც არაერთხელ ჰქონდა ადგილი საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე. შესაბამისად, სამზადისის ფაზაში აუცილებელია ამ გავლენათა გათვალისწინება და მათი თავიდან აცილება. ამიტომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს რუსეთთან კონსულტაციებს, რათა ჩრდილოელმა მეზობელმა დაიცვას სრული ნეიტრალიტეტი, თუკი შიდა პრობლემის გადასაწყვეტად თბილისს სამხედრო ძალის გამოყენება მოუხდა. ამგვარი გარანტიები, როგორც თავად აცხადებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მოსკოვში ყოფნის დროს, გასულ კვირაში, მყარად მიიღო.

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] "ჩვენ მივეცით ძალიან მაღალი შეფასება, აი, ამ პოზიციას რუსეთის მხრიდან, რომ ეს არის ცივილიზებული მიდგომა, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, არამედ სერიოზულ მიდგომას, რათა სამხედრო ჩარევა, ნებისმიერ შემთხვევაში, გამორიცხულ იქნას."[სტილი დაცულია]

დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველო მარცხს მარცხზე განიცდიდა სეპარატისტულ ნიადაგზე გაღვივებულ შიდა კონფლიქტებში. ამიტომ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხაზს უსვამს სიმბოლოების მნიშვნელობას, აუცილებლად ესაჭიროება თუნდაც სიმბოლური გამარჯვება რომელიმე დაუმორჩილებელ რეგიონზე. მიხეილ სააკაშვილი, ამ მხრივ, არც პირველია და არც უკანასკნელი მსოფლიოში მოქმედ სხვა ლიდერთა შორის. პრობლემა ისაა, იქცევა თუ არა სააკაშვილი პირველ ქართველ პრეზიდენტად, რომელიც შეძლებს გამარჯვებამდე მიიყვანოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის წამოწყებული სამხედრო კამპანია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG