Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაძაბულობა თბილისსა და ბათუმს შორის შედარებით განიმუხტა - პრეზიდენტის წარმომადგენლები ბათუმის პორტსა და სარფის საბაჟოზე მუშაობას შეუდგნენ


პრეზიდენტის წარმომადგენლები ვასილ სანოძე და დავით ახალაია ბათუმის პორტსა და სარფის საბაჟოზე მუშაობას შეუდგნენ. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის წარმომადგენლების უფლებამოსილებები

სპეციალური დებულებით განისაზღვრა, მუშაობის დაწყებაში მათთვის ხელი აღარ შეუშლიათ. ამან ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონის ხელმძღვანელობას შორის დაძაბულობა, გარკვეულწილად, განმუხტა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ დაძაბულობა მოხსნილია. ცენტრსა და რეგიონს შორის დაგროვილი პრობლემების განსახილველად ბათუმს ისევ პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია უნდა ეწვიოს.


პრემიერ-მინისტრი ბათუმში პრეზიდენტის დავალებით უნდა ჩავიდეს. აჭარის ავტონომიის ურჩ მეთაურთან მას ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის საკითხების განხილვა აქვს დავალებული. ჟვანიას ბათუმში ჩასვლამდე იქ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი პლამენ ნიკოლოვი ჩავიდა. მასსა და აჭარის ავტონომიის მეთაურს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი სწორედ ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თემას შეეხო. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ევროპის საბჭო მიესალმება თბილისის ინიციატივას - დაიწყოს მოლაპარაკებები ცენტრსა და რეგიონს შორის კომპეტენციათა გამიჯვნის თაობაზე. ჯერი მხარეებზეა, მათ შორის ურთიერთობა კი ისევ დაძაბულია. ავტონომიის ხელმძღვანელობის მიმართ პრეზიდენტი ძველებურად მუქარანარევი განცხადებებით გამოდის:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ჩვენ აღარა ვართ ბანანის რესპუბლიკა და ამაზე ძალიან ნერვიულობს იქ ადგილობრივი ხელმძღვანელობა. კიდევ ერთხელ ვთავაზობ მათ ჩაეწერონ ქართულ სახელმწიფოებრივ ლანდშაფტში. მე არც ერთ აჭარელს არავის დავაჩაგვრინებ, არც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, მით უმეტს, არც რომელიმე ადგილობრივ ფეოდალს."


ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ორშაბათს, 5 აპრილს, გააკეთა. ვინ იგულისხმა მან ადგილობრივ ფეოდალში, ნათელია, და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ აბაშიძეს სააკაშვილის ტერმინოლოგია აღიზიანებს, ის აღარ მიდის პრეზიდენტთან აშკარა წინააღმდეგობაზე - კერძოდ, მისი გარემოცვა აღარ უშლის ხელს პრეზიდენტის წარმომადგენლებს ბათუმის პორტსა და სარფის საბაჟოზე მუშაობის დაწყებაში. აჭარაში ჩასულ ვასილ სანოძეს და დავით ახალაიას ორშაბათს არ დასჭირდათ ემოქმედათ ისე, როგორც პრეზიდენტმა დაავალა. მათ არ დასჭირვებიათ მოწინააღმდეგეების ფოტოფირზე აღბეჭდვა ან მათი ქმედების ვიდეოფირზე ასახვა. 5 აპრილს ისინი მუშაობას შეუდგნენ და ამაში მათთვის ხელი არავის შეუშლია.

[დავით ახალაიას ხმა] " დაგვხვდა სულ სხვა ბათუმი, სულ სხვა აჭარა. დღეს ჩვენ ვგრძნობთ, რომ ვართ პრეზიდენტის წარმომადგენლები. ჩვენ აქ ღირსეულად გვეპყრობიან. დილიდან დავათვალიერეთ ეს ობიექტები. შევხვდით მათ ხელმძღვანელებს, რომლებმაც აღგვითქვეს დახმარება. "

ეს იყო პრეზიდენტის წარმომადგენელი სარფის საბაჟოზე, დავით ახალაია. ის ფიქრობს, რომ მისი და ვასილ სანოძის აღიარება პრეზიდენტის წარმომადგენლებად, აჭარაში მათდამი დამოკიდებულების შეცვლა მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოვლენილმა პრინციპულობამ განაპირობა და მეტმა არაფერმა. სხვა მხრივ, პრეზიდენტის წარმომადგენლებს სულ სხვა აჭარა ვერ დახვდებოდათ, რადგან აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ურთიერთობა ჯერ არ მოგვარებულა.
XS
SM
MD
LG