Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეგრელოს ტყეებიდან გამოსული შემორიგებული ზვიადისტები 12 წლიანი დევნილობის შემდეგ


კვირას საქართველოს ხელისუფლებამ პირველი წარმატებული ნაბიჯი გადადგა ზვიად გამსახურდიას მომხრე შეიარაღებული ჯგუფების შემორიგებისკენ. 4 აპრილს წალენჯიხის ტყიდან გამოვიდა

და იარაღი ჩააბარა ზვიად გამსახურდიას ერთგული საველე მეთაურის გია მესხიას, მეტსახელად კინგ-კონგის, ჯგუფმა. შემორიგებულ "ზვიადისტებს", რომლებიც ვერ მალავდნენ სიხარულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ ახალი ცხოვრების დაწყება სიმბოლური საჩუქრით - თოხების გადაცემით მიულოცა. თუმცა ეს ჯერ მაინც დასაწყისია იმ დიდი ეროვნული შერიგებისა, რომლის დეკლარირებაც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის მეორე დღეს ქაშვეთის ეკლესიაში მოხდა და რომლის მიმართაც საზოგადოებაში დღემდე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს.


გია მესხიამ და მისმა 10 კაციანმა ჯგუფმა წალენჯიხის ტყეში 10 წელზე მეტი გაატარა. ისინი 12 წლის წინ საქართველოში მომხდარმა სამხედრო გადატრიალებამ აიძულა აბრაგული ცხოვრებით ეცხოვრათ. ზვიად გამსახურდიას ერთგული ეროვნული გვარდიის მებრძოლები ვერ შეეგუვნენ იარაღის ძალით მოსულ იმჟამინდელ ხელისუფლებას და არ მიიღეს მათგან შემორიგების შეთავაზება, რაც,ფაქტობრივად, გამოწვევას ჰგავდა, და მთელი ამ ხნის განმავლობაში ტყეში გასულ ე.წ. "ზვიადისტებზე" ნამდვილი ნადირობა იყო გამოცხადებული. გია მესხიას თქმით, რომელსაც ჩვენ წალენჯიხაში დავურეკეთ, 12 წლის მანძილზე მას იმდენი თანამებრძოლი დაეღუპა, რომ ზოგიერთის სახელიც კი აღარ ახსოვს. მისი ჯგუფის წევრებს ახალ ხელისუფლებასთან შესარიგებლადაც თითქმის თვე-ნახევარი დასჭირდათ, სანამ არ დარწმუნდნენ, რომ ამ ნაბიჯის მიღმა არ იმალებოდა ბოროტი განზრახვა.

[გია მესხიას ხმა] "მთავრობამ გამომიცხადა ნდობა და მე მინდა, რომ ეს ნდობა გამართლდეს და მე არასოდეს არ ვუღალატებ იმ ნდობას, რასაც გამომიცხადებს - მთავრობა იქნება თუ ადამიანი."



რაკი ნდობის საკითხი ხელისუფლებასთან გაარკვიეს, ზვიად გამსახურდიას მომხრე სამხედრო ფორმირების წარმომადგენლები ტყიდან გამოსვლის შემდეგ ხელისუფლებასთან თანაშრომლობას აპირებენ. ერთი მათგანი შემორიგების აქტზე დასასწრებად წალენჯიხაში კვირას ჩასულმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ პირად დაცვაში ჩარიცხა, რითაც ხაზი გაუსვა, რომ ნდობა ორმხრივი და აბსოლუტურია. გია მესხიას, იმავე კინგ-კონგის თქმით, ის და მისი თანამებრძოლები ოჯახში დაბრუნების შემდეგ ეცდებიან თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის გაძილერებაში:

[გია მესხიას ხმა] "12 წლის განმავლობაში იყიდებოდა, 12 წლის განმავლობაში იხოცებოდა ხალხი და, რა ვიცი, დღეს, მე მგონი, არ უნდა გაგრძელდეს ეს. ჩვენ მივეხმარებით ამ მთავრობას აღმშენებლობაში, ყველანაირად მივეხმარებით."

ტყეში მყოფი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე შეიარაღებული რაზმის შემორიგების პროცესს სახელმწიფო მინისტრი გურამ აბსნაძე ხელმძღვანელობდა, რომელსაც გამსახურდიას მთავრობაში ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა. გურამ აბსნაძემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შერიგების პროცესი ამით იწყება და რომ შემდგომში საქართველოს ხელისუფლება ემიგრაციაში მყოფი ყოფილი ხელისუფლების წევრების დაბრუნებაზეც იზრუნებს:

[გურამ აბსნაძის ხმა] "ახლა არის გამოსაშვები ციხიდან პოლიტპატიმრები, ვინც დარჩა, გამოსაშვებია ეროვნული გვარდიის სარდალი ლოთი ქობალია, ემიგრაციაში ვინც არის, შესაწყვეტია მათი საქმე, რომელიც შეთანხმებულია გენერალურ პროკურორთან. და ამის შემდეგ რჩება რეაბილიტაციის საკითხები."(სტილი დაცულია)

ეროვნული თანხმობის სახელმწიფო კომისია შემორიგებულთა რეაბილიტაციის საკითხებზეც მუშაობს. კვირას ტყიდან გამოსულ ათკაციან რაზმთან დაკავშირებით თითქოს ყველაფერი გარკვეულია - მათი უმრავლესობა, თუკი ამის სურვილი ექნათ, ალბათ, სამხედრო უწყებებებში გააგრძელებს მუშაობას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG