Accessibility links

logo-print

საქართველოს ლეიბორისტული პარტია 72 საარჩევნო ოლქის შედეგებს ასაჩივრებს


4 აპრილს თბილისის საოლქო სასამართლომ საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ლეიბორისტები 9 საარჩევნო ოლქის საოლქო კომისიათა მონაცემებს

ასაჩივრებდნენ და ბიულეტენების ხელახლა გადათვლას მოითხოვდნენ. თუმცა საოლქო სასამართლოში ლეიბორისტთა საჩივრების განხილვა ამით არ ამოწურულა. 5 აპრილს სასამართლოში, ქართველ მშრომელთა პარტიის მოთხოვნით, კიდევ 12 საარჩევნო ოლქის საკითხი განიხილეს. ლეიბორისტები საქართველოს 85 საარჩევნო ოლქიდან 72-ის შედეგების სასამართლოში გაპროტესტებას გეგმავენ.

საქართველოს ლეიბორისტულ (შრომის) პარტიას მხოლოდ თბილისის საოლქო სასამართლოში 40 სარჩელი აქვს შეტანილი, ამდენივე საარჩევნო ოლქის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გაუქმებისა და შედეგების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით. კიდევ 32 სარჩელის განხილვა საქართველოს სხვა საოლქო სასამართლოებს მოუწევთ. ლეიბორისტებმა დარჩენილი 13 ოლქი მხოლოდ იმიტომ არ გაასაჩივრეს, რომ 10 ოლქი აფხაზეთის ტერიტორიას წარმოადგენს და იქ არჩევნები საერთოდ არ ტარდება, ხოლო 3 ოლქის შედეგები კი თავად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააუქმა. რატომ მოითხოვს ქართველ მშრომელთა პარტია სასამართლოში არჩევნების შედეგების გადახედვას? - ეს კითხვა დავუსვი ლეიბორისტთა ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ნიაურს.

[ბადრი ნიაურის ხმა] "ამ ყველა ოლქში არის მტკიცებულება იმისა და ეჭვი იმისა, რომ ჩვენი ბიულეტენები ხშირ შემთხვევაში მითვლილია სახელისუფლებო ბლოკის სასარგებლოდ. ამიტომ ვითხოვთ ხელახალ გადათვლას. - რით ამტკიცებთ ამას? - რა თქმა უნდა, ვამტკიცებთ იმ საჩივრებით, იმ განცხადებებით, რისი საშუალებაც მოგვეცა ჩვენ."

თუმცა 4 აპრილს თბილისის საოლქო სასამართლომ ლეიბორისტების ეჭვები არ გაითვალისწინა. თუ რა არგუმენტები დაუპირისპირა საარჩევნო ადმინისტრაციამ მშრომელთა პარტიის განცხადებებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული სამსახურის უფროსის ლელა დევრისაშვილის კომენტარიდან შეიტყობთ:

[ლელა დევრისაშვილის ხმა] "ყველა სარჩელი ტყუპებივით ჰგავს ერთმანეთს. ზევით არის სათაურები შეცვლილი მხოლოდ და, აქედან გამომდინარე, არგუმენტაციაც, ასე რომ ვთქვათ... თვითონ მოსარჩელეც ვერ ადასტურებს, რატომ ითხოვს ბათილობას. ზოგადი არგუმენტები ასეთი აქვთ, რომ გაყალბდა და ზეწოლა იყო კომისიის წევრების მხრიდან ამომრჩეველზე და დაახლოებით ასეთი ტიპის არგუმენტები აქვთ იმათ და... თვითონ მოსარჩელის სუსტი პოზიციაა იმისი მიზეზი, რომ 9 პროცესი მიყოლებით წააგეს."(სტილი დაცულია)

ლეიბორისტები სულ სხვა მიზეზებით ხსნიან სასამართლო პროცესების წაგებას:

[ბადრი ნიაურის ხმა] "ეს არის პოლიტიკური ზეწოლა ამ შემთხვევაში. როგორც ვიცით, ეს სასამართლო რეფორმირებულია, ბრჭყალებში, დღევანდელი პრეზიდენტის მიერ და მათ აქვთ ერთმანეთის მიმართ ძალიან დიდი ვალდებულებები."

ლეიბორისტებისგან განსხვავებით, ოპტიმისტურადაა განწყობილი "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", რომლის არგუმენტირებული საჩივრების უმრავლესობა თავად საარჩევნო ადმინისტრაციამ დააკმაყოფილა და საოლქო კომისიებმა ის უბნები უყოყმანოდ გააუქმეს, სადაც ახალგაზრდა იურისტებმა დარღვევები აღნუსხეს. ერთადერთი ოლქი, რომელმაც იურისტების არგუმენტები არ გაითვალისწინა, ბოლნისის სააარჩევნო ოლქია, თუმცა საქმემ საოლქო სასამართლოში გადაინაცვლა და ახალგაზრდა იურისტებს იმედი აქვთ, რომ სასამართლო მათ პოზიციას გაიზიარებს.
XS
SM
MD
LG