Accessibility links

logo-print

რომელ ყოფილ პარლამენტარებზე სწყდებათ გული ჟურნალისტებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი უახლოეს დღეებში ცენტრალური საარჩევნო კომისია 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგს გამოაქვეყნებს, რის შემდეგაც დანამდვილებით გაირკვევა პარლამენტის შემადგენლობა.

თუმცა უკვე დღეს საეჭვო არ არის, წინა მოწვევის პარლამენტიდან რომელი პარლამენტარი აღარ იმოღვაწევებს საკანონმდებლო ორგანოში. ალბათ, საინტერესო უნდა იყოს ყოფილ პარლამენტართაგან ვინ სარგებლობდა ყველაზე დიდი პოპულარობით ჟურნალისტებში.

შეიძლება ითქვას, რომ 1999-2004 წლების მოწვევის პარლამენტის მუშაობა, პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლირების მიზეზით, ქართველი მაყურებლისთვის ყველაზე ხანგრძლივ თავისებურ საპნის ოპერად იქცა. ამ 5 წლის მანძილზე პოლიტიკით დაინტერესებულ მაყურებელს საკუთარი შეხედულება ჩამოუყალიბდა ხალხის რჩეულებზე - ვიღაცამ პატივისცემა დაიმსახურა, ვიღაცამ - სიძულვილი, ვიღაც კი, საერთოდ, შეუმჩნეველი დარჩა პუბლიკისთვის.
ყველაზე ხშირად პარლამენტარებთან ურთიერთობა ჟურნალისტებს უხდებოდათ. შესაბამისად, სწორედ მათ ვკითხე, რომელ პოლიტიკოსზე სწყდებათ გული, რომ პარლამენტარი აღარ იქნება. რადიო "იმედის" საინფორმაციო განყოფილების ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ქეთი ბოხუას, გული სწყდება სოციალისტ ზაქრო ქუცნაშვილზე, რომელიც, მისი განმარტებით, ძალიან კარგი რესპონდენტი იყო:
[ ქეთი ბოხუას ხმა] " მე, მაგალითად, გული მწყდება, რომ ქუცნაშვილი არ არის პარლამენტში - საკმაოდ კარგი მოსაუბრე იყო. კაკო ასათიანზე დამწყდებოდა გული."
სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის პროგრამის "ცაიტნოტის" ავტორი და წამყვანი სულხან მელაძე ის ჟურნალისტია, რომელსაც ყველაზე ხშირად უწევდა სატელევიზიო რინგზე პოლიტიკოსების მიწვევა. სულხანს გული სწყდება ბევრ პოლიტიკოსზე, რომლებიც სულ ცოტა ხანში პარლამენტარის მანდატს დატოვებენ - იმავე ზაქრო ქუცნაშვილზე, დავით კოღუაშვილსა და გიორგი ბარამიძეზე. ეს უკანასკნელი, მართალია, დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატია, მაგრამ, როგორც ჩანს, არჩევანს მაინც შინაგან საქმეთა მინისტრობის სასარგებლოდ გააკეთებს. სულხან მელაძე განსაკუთრებულად გამოყოფს ვახტანგ ხმალაძეს, რომელიც ახალი მოწვევის პარლამენტარი აღარ იქნება:
[ სულხან მელაძის ხმა] " არ შემიძლია საგანგებოდ არ აღვნიშნო - ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა - ვფიქრობ, დიდი დანაკლისი იქნება ვახტანგ ხმალაძე."
ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ჟურნალისტს გიორგი კალანდაძეს არც ერთ კონკრეტულ პარლამენტარზე გული არ სწყდება, თუმცა მაინც შენიშნავს, რომ საკმაოდ კარგ რესპონდენტად მიაჩნია ვახტანგ რჩეულიშვილი:
[ გიორგი კალანდაძის ხმა] " ვერ გეტყვით, რომ რომელიმე დეპუტატის მოუხვედრელობა პარლამენტში ძალიან გულდასაწყვეტია, თუმცა საკმაოდ კოლორიტული ფიგურა იყო ვახტანგ რჩეულიშვილი - მასთან ინტერვიუს აღება შეიძლება საინტერესო ყოფილიყო ჟურნალისტისთვის. ბოლო პერიოდში ძალიან საინტერესო იყო დევნა ისეთი პიროვნებისა, როგორიც იყო ვიტალი ხაზარაძე. ასეთი კოლორიტული ფიგურები, ალბათ, აღარ იქნებიან პარლამენტში, თუმცა, მეორე მხრივ, პარლამენტი უფრო ჩართული იქნება იმ საქმეში, რასაც უნდა აკეთებდეს პარლამენტი და ნაკლები შოუმენები იქნებიან იქ. თუმცა, რა ვიცი."
ჯერ ჩვენც არ ვიცით, ახალი პარლამენტი გააგრძელებს შოუს თუ მხოლოდ საკანონმდებლო საქმიანობით დაკავდება.
XS
SM
MD
LG