Accessibility links

logo-print

ერაყში ამერიკელების კოალიციის წინააღმდეგ აგრესია მატულობს


რახანია, დღე არ გავა ისე, რომ ერაყიდან არ გავრცელდეს ცნობა ძალადობის აქტების შესახებ, მაგრამ ბოლო დღეებში ამ ცნობებში აშკარა ცვლილება შეიმჩნევა.

თუ აქამდე ამერიკელ სამხედროებსა და მათს მოკავშირეებზე თავდასხმებს ერაყის ყოფილი პრეზიდენტის ერთგული მიმდევრები, უმეტესწილად სუნიტი მუსლიმანები ახორციელებდნენ და თავდასხმების ეპიცენტრიც ე.წ. სუნიტური სამკუთხედი იყო (ბაღდადის ჩრდილოეთით და დასავლეთით მდებარე რეგიონები), ახლა მასშტაბი გაიზარდა - ამერიკელი სამხედროებისა და მათი მოკავშირეებისადმი აგრესიას ერაყელი შიიტებიც ავლენენ. შიიტები კი ერაყში უმრავლესობას წარმოადგენენ. მხოლოდ გასული კვირის მიწურულს შიიტ დემონტსრანტებსა და კოალიციის ჯარებს შორის დაპირისპირებამ 50-მდე ერაყელისა და 10-მდე ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა.

სამშაბათს დილიდანვე გავრცელდა ინფორმაცი, შეიარაღებულ შიიტებსა და კოალიციის ჯარისკაცებს, ამჯერად იტალიელებს შორის შეტაკების შესახებ. როგორც მოგვიანებით იუწყებოდნენ, შეტაკებაში 500-მდე იტალიელი და ასობით შეირაღებული ერაყელი იყო ჩართული. ლაპარაკია შიიტი სასულიერო პირის, ერაყში ამერიკელებთან ბრძოლის მომხრე მუყტადა ალ-სადრის მიმდევრებზე.

"თუ ეს ომი არ არის, აბა ომი რას ვუწოდოთო?" , წერს ერაყში ბოლო დღეების ამბებზე რომის გაზეთი "რეპუბლიკა". თან წერს სამშაბათის ნომერში, ანუ ჯერ კიდევ იტალიელი ჯარსიკაცების მსხვილ შეტაკებაში გახვევამდე. მაგრამ იტალიის მთავრობის პოზიცია ურყევია - თავდაცვის მინისტრმა ანტონიო მარტინომ განაცხადა, რომ იტალია არ აპირებს ერაყში განთავსებული სამხედროების რიცხვის შეკვეცას...

ამერიკელი სამხედროების რიცხვი კი პირიქით, შესაძლოა გაიზარდოს კიდეც თუ ერაყში ძალადობამ იმატა. როგორც ჩვენი ვაშინგტონელი კორესპონდენტი ენდრიუ ტალი იუწყება, ამის შესახებ ორშაბათს პენტაგონში განაცხადეს. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კი იმავე დღეს აღნიშნა, რომ ამერიკა არ იტყვის უარს ერაყში დემოკრატიის დამკვიდრების გეგმაზე: [ბუშის ხმა] "ჩვენ უარს არ ვიტყვით ამჟამინდელ კურსზე. ერაყის მოქალაქეებს არ უნდა ეშინოდეთ, რომ ამერიკა მათ ზურგს შეაქცევს და გაიქცევა"...

სამშაბათს ამერიკელების კოალიციამ ოპერაციები წამოიწყო ერაყელი მეამბოხეების წინააღმდეგ რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბაღდადში. [ალხოიას ხმა] "ბაღდადში, ადჰამიაში, რომელიც სუნიტების უბანია, შეტაკებები მოხდა. ვფიქრობ, უბანი ამერიკელებმა გადაკეტეს და იქ ინტენსიური ბრძოლები იყო. გარდა ამისა, სამშაბათს ალყა შემოარტყეს შიიტების უბანს - სადრს. ის დაიბომბა, ამერიკელებმა ჭურვებიც გამოიყენეს, ინტენსიური შეტაკებებიც იყო." ეს ინფორმაცია ტელეფონით მოგვაწოდა ბაღდადელმა სამი ალხოიამ, რომელიც ჩვენი რადიოსთვის ზოგჯერ თარჯიმნად მუშაობს ხოლმე. შიიტების უბანი სადრი, რომელიც მან ახსენა, ზემოხსენებული შიიტი რადიკალის, მუყტადა ალ-სადრის მთავარი დასაყრდენია. იქ ამერიკული ჯარები სამშაბათს პოლიციის ყველა განყოფილებას აკონტროლებდნენ.

დაბოლოს, ერაყში შეტაკებების გახშირებას გავლენიანი ამერიკელი სენატორი, ედუარდ კენედი გამოეხმაურა სიტყვებით: "ერაყი ჯორჯ ბუშის ვიეტნამი გახდაო". ამ მეტაფორის განმარტება, ვფიქრობ, საჭირო არ არის.
XS
SM
MD
LG