Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრისა და ავტონომიის უფლებამოსილებათა გამიჯვნა - გზა პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისაკენ?


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებათა ურთიერთობაში დაძაბულობის მოხსნას, შეიძლება, ცენტრისა და ავტონომიის უფლებამოსილებათა გამიჯვნა დაეხმაროს.

ჯერჯერობით ჩამოყალიბებული პროექტი ამ მიჯნის დასადებად არ არსებობს. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ 11 აპრილამდე უნდა დაიწყოს მოლაპარაკება უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხზე.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხზე ეს წინასწარი მიდგომები ჯერ სრულად არ ჩამოუყალიბებიათ. ავტონომიის მეთაურ ასლან აბაშიძესთან არსებული სათათბირო ორგანოს, აჭარის იუსტიციის საბჭოს მდივანმა როსტომ გუნთაიშვილმა რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ მოლაპარაკებას საფუძვლად უნდა დაედოს პროექტი, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება შეარჩევს და არა ტექსტი, რომელსაც ავტონომიურ რესპუბლიკაში შექმნიან. მით უმეტეს, რომ არავითარ პროექტზე აჭარაში ამ მიმართულებით არ მუშაობენ. როსტომ გუნთაიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ის არ ლაპარაკობდა აჭარის ხელისუფლების სახელით. თუმცა აჭარის იუსტიციის საბჭოს მდივანს უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხის გასარკვევად ერთი წანამძღვარი მიაჩნია აუცილებლად:

[გუნთაიშვილის ხმა] "პირველ რიგში, უნდა გადაწყდეს, საქართველო იქნება თუ არა ფედერალური მოწყობის ქვეყანა. მთავარი არის ეს საკითხი და მისი გადაწყვეტის შემდეგ უნდა დაიწყოს მსჯელობა ცენტრსა და ავტონომიის სუბიექტს შორის ურთიერთობაზე. საქართველოს პრეზიდენტს არ მიაჩნია, რომ საქართველო უნდა იყოს ფედერალური მოწყობის ქვეყანა. არადა, საქართველოში არ არის იმ ცნობიერების დეფიციტი, რომელსაც შესაძლებლად მიაჩნია ფედერალურ მოწყობაზე მსჯელობა."

ნაციონალური მოძრაობის წევრის და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის დავით ბერძენიშვილის თქმით, კანონპროექტი უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე მზადდება, ხოლო კონცეფცია რესპუბლიკურ პარტიას უკვე ჩამოყალიბებული აქვს. ამ კონცეფციის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკა უბრუნდება ხელისუფლების მოწყობის ისეთ მოდელს, როგორიც აჭარაში 2001 წლამდე არსებობდა: არჩეული ერთპალატიანი უზენაესი საბჭო, მისი თავმჯდომარე, ხოლო ავტონომიის უმაღლესი თანამდებობის პირი იქნება აჭარის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე. მინისტრთა კაბინეტს კი ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა დააკომპლექტებს. რაც შეეხება უფლებამოსილებათა გამიჯვნას, დავით ბერძენიშვილი ამბობს:

[ბერძენიშვილის ხმა] "ფისკალური უფლებამოსილებები უნდა გაიმიჯნოს. აჭარის ავტონომიას გარკვეული უფლებამოსილებები უნდა ჰქონდეს ხარჯვით ნაწილში. არავითარი ორმაგი დაქვემდებარება არ შეიძლება საბაჟოზე. ეს ფედერალურ ქვეყნებშიც კი ცენტრალური ხელისუფლების ექსკლუზიური პრეროგატივაა. ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის სათავე არის ხელისუფლების მოწყობის საკითხი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში."

ნაციონალური მოძრაობის წევრისა და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის თქმით, მთავარია, რა კანონს მიიღებს საქართველოს ახალი პარლამენტი ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ. ჯერჯერობით ამ საკითხზე ერთადერთი არსებული კანონპრექტი, რომლის წარდგენასაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსათვის აპირებენ, რესპუბლიკელებს ეკუთვნით.
XS
SM
MD
LG