Accessibility links

logo-print

რა მოლოდინები უკავშირდება საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს ნატოსა და ევროკავშირის შტაბ-ბინებში


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სამშაბათ დილით ნატოსა და ევროკავშირში გაემგზავრა. თუმცა, ვიდრე პრეზიდენტის ლაინერი ქვეყნის საზღვრებს დატოვებდა,

საქართველოს პრესამ ეს ვიზიტი უკვე მონათლა როგორც ძალიან მნიშვნელოვანი. პრაგმატულად მოაზროვნე ექსპერტები კი საქართველოს ახალგაზრდა ლიდერის ვიზიტისგან ელიან კონკრეტულ ნაბიჯებს ნატოსთან რეალური ინტეგრაციის მიმართულებით, იმის გარკვევას, თუ რა გავლენა მოახდინა რუსეთთან ბოლო ხანს გააქტიურებულმა ურთიერთობებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის სხვა პრიორიტეტებზე.


ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება და, ამ მხრივ, საგარეო პოლიტიკაში ერთგვარი მემკვიდრეობითი ხაზის შენარჩუნება მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო პროგრამის ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს. ინაუგურაციის დღეს, 25 იანვარს, საქართველოს ახალგაზრდა ლიდერი ბევრს საუბრობდა ქვეყნის საერთაშორისო პასუხისმგებლობაზე და ევროპული კურსის ურყეობაზე.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ჩვენი ურყევი კურსი არის ევროპული ინტეგრაცია. დროა, რომ ევროპამ საბოლოოდ დაინახოს და დააფასოს საქართველო, გადმოდგას ჩვენკენ ნაბიჯები. ამ მხრივ, ჩვენ პირველი ნიშნები უკვე გვაქვს. შემთხვევით არ ავწიეთ ჩვენ ევროპის დროშა, ეს დროშა საქართველოს დროშაცაა, იმიტომ რომ გამოხატავს ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურის აზრსა და ჩვენი მომავლის პერსპექტივასა და ხედვას."


საქართველოს "მომავლის ამგვარი პერსპექტივა და ხედვა" შეიძლება ის იშვიათი მახასიათებელია, რაც სააკაშვილს და მის წინამორბედს აერთიანებთ. 2002 წლის ნოემბრის პრაღის ნატოს სამიტზე ედუარდ შევარდნაძემ ეს სურვილი, როგორც თავად ამბობდა, "ნატოს კარზე დაკაკუნებით "გამოხატა. მაგრამ, რაკი შევარდნაძის ეპოქა ზუსტად ერთი წლის შემდეგ "ვარდების რევოლუციით" დასრულდა, ახლა ამ კარების შეღებაზე ზრუნვა სწორედ მიხეილ სააკაშვილს მოუწევს, ფიქრობს ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის სამხედრო მიმომხილველი თენგიზ გოგოტიშვილი:

[თენგიზ გოგოტიშვილის ხმა] "ყველას მოეხსენება, რომ სააკაშვილი ცოტა უფრო პროდასავლელია, ვიდრე შევარდნაძე და ცოტა უფრო მეტად არის მიზანსწრაფული ნატოში და სხვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად. შესაბამისად, არავის არ გაუკვირდება, რომ ის გააკეთებს განცხადებას საქართველოს ახალი ხელისუფლების სახელით, რომ საქართველოს სურს ნატოში გაწევრიანება. მაგრამ ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი, რათა ქვეყანა იყოს მოტივირებული და გააგრძელოს ის ცვლილებები, რაც დაიწყო შევარდნაძემ ნატოსთან დასაახლოებლად.თუმცა ამ კურსს ჰქონდა თავისი ხარვეზებიც - ეს იყო, პირველ რიგში, პოლიტიკური ნების უქონლობა ან ამ ნების სიმცირე."

ნიშანდობლივია, რომ ბრიუსელში გამგზავრების წინ საქართველოს პრეზიდენტი ტელეფონით რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს, ესაუბრა. ამ სატელეფონო საუბრის დეტალები საზოგადოებისათვის უცნობია, თუმცა ექსპერტთა ნაწილი ელოდება, რომ, მიუხედავად მოსკოვსა და თბილისს შორის ბოლო ხანს დამთბარი ურთიერთობისა, საქართველოს ლიდერის ვიზიტი ნატოს შტაბბინაში რუსეთის პოლიტიკური წრეების გაღიზიანებას გამოიწვევს. პოლიტოლოგ კახა კაციტაძეს მიაჩნია, რომ ვიზიტს გაცნობითი და წარდგენითი ხასიათი ექნება და ბრიუსელში სააკაშვილი რუსეთთან გააქტიურებული ურთიერთობის დაბალანსებას შეეცდება.

[კახა კაციტაძის ხმა] "ერთი რაღაც არის გასათვალისწინებელი, რომ ნატო თავად არის ბიუროკრატიული სტრუქტურა. ხოდა, ასე ვთქვათ, გარდა ორმხრივი ურთიერთობებისა, ვთქვათ, აშშ-თან ან სხვა სახელმწიფოებთან, აუცილებელია თავად ამ ორგანიზაციასთანაც ურთიერთობის დამყარება. ასე რომ, უფრო ასეთი გაცნობითი და წარდგენითი ვიზიტის ხასიათი ექნება."

დაბოლოს, ყველა მოუთმენლად ელოდება, რომ საქართველოს პერზიდენტის ამ ვიზიტის შემდეგ გაირკვევა ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო პროგრამის ბედი. ვინაიდან სწორედ ამ პროგრამის მიღებასა და შემდეგ მის შესრულებაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ქვეყანა იმ ღირებულებებთან მიახლოებას, რაც ნახევარი საუკუნის წინ ევროატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საფუძვლად იქცა.
XS
SM
MD
LG