Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ მონაწილეობს დაგვიანებულ საპარლამენტო არჩევნებში კოდორის ხეობის მოსახლეობა


აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ერთადერთ მხარეში, კოდორის ხეობაში, 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მხოლოდ

6 აპრილს მოხერხდა. აქამდე კოდორის ხეობაში არჩევნების ჩაუტარებლობას ცენტრალური საარჩევნო კომისია უამინდობას აბრალებდა. კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, 5 აპრილს, კლიმატური პირობების გაუმჯობესების წყალობით, კოდორის ხეობაში საარჩევნო ბიულეტენების ვერტმფრენით ჩატანა მოხერხდა. მინდა გესაუბროთ კოდორის ხეობაში არჩევნების მიმდინარეობისა და მასში მონაწილე ამომრჩეველთა მოტივაციის შესახებ.

[ლილე]

დანარჩენი საქართველოსგან აფხაზი სეპარატისტებით, რუსეთის სამშვიდობო ჯარებითა და დათოვლილი უღელტეხილებით მოწყვეტილ კოდორის ხეობაში 1600-მდე ამომრჩეველი ცხოვრობს. არჩევნების შედეგებისთვის ამ უმნიშვნელო ხმების მოსაპოვებლად არც ერთ პოლიტიკურ ძალას თავი დიდად არ შეუწუხებია. დაახლოებით მსგავსი იყო ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მიდგომაც არჩევნებში კოდორის მნიშვნელობისადმი. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა კოდორში არჩევნები იმ დროისთვის გადაიტანა, როდესაც კენჭისყრის ჩატარების საშუალებას კლიმატური პირობები მისცემდა.

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] "ხაზი მინდა გავუსვა ერთ რამეს, რომ იმ 1500 ამომრჩევლის არჩევანი არ იყო გადამწყვეტი საერთო სურათისათვის, მაგრამ ყველას მიგვაჩნია, რომ კოდორში არჩევნების ჩატარება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის."

სწორედ ამ პოლიტიკურ მნიშვნელობას აცნობიერებენ კოდორის მკვიდრნი, როდესაც, დიდთოვლობის მიუხედავად, მაინც მიდიან ხმის მისაცემად ათობით კილომეტრით დაშორებულ საარჩევნო უბანში. მე რამდენიმე მათგანს ტელეფონით გავესაუბრე. აი, რა განაცხადა გენწვისის ნომერ მეორე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ თამარ წერედიანმა:

[თამარ წერედიანის ხმა] "თავის დროზე ეს ხეობა ვერასოდეს ვერ ღებულობს საქართველოსთან ერთად არჩევნებში მონაწილეობას. რა მოხდა, თუ ტუნდრასა და ტაიგაში რუსეთი აღწევს, ხალხს მიეცეს ამის საშუალება, რა მოხდა ჩვენთან. ძალიან გვწყდება ყველას გული და გულისტკივილი გვაქვს ძალიან დიდი. ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის. მთელი საქართველო, ალბათ, იმდენს არ განიცდის, რასაც ჩვენ. აქ სხვა გარემოა...."

აჟარის საარჩევნო უბანში მისულმა კოდორის ხეობის უბრალო მკვიდრმა გურმა გურჩიანმა კი მითხრა, რომ არჩევნებში მონაწილეობით მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და ხმა მისცა სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალას:

[გურმა გურჩიანის ხმა] "კოდორის ხეობაში, მე რომ ვთქვა, რომ რაღაც ვიგრძენით ამ ეტაპზე, ეს ზედმეტი ნათქვამი იქნება, იმიტომ რომ ეს ფაქტი სახეზეა: ჩვენთვის ვერ მოუცლია პრეზიდენტს. მაგრამ გამომდინარე იმ ნაბიჯებიდან, რაც ხდება საქართველოში, ჩვენთანაც ადეკვატური წინსვლა იქნება. ასეთი აზრია ჩემში." (სტილი დაცულია)

მომავლის იმედით ხსნის კოდორელი ამომრჩევლის მაღალ აქტიურობას ხეობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ნორა კვიციანიც:

[ნორა კვიციანის ხმა] "ხან ამინდი არ არის, ხან საწვავი არ არის, არავინ არ დააფინანსა ამ ახალი ხელისუფლებიდან, მიუხედავად იმისა, რომ სრულ ბლოკადაში იმყოფება ხეობა. მაგალითად, ავადმყოფი თუ არ გავიყვანეთ აქედან, შემოსვლით ვერავინ შემოდის. ახლა ხელშეკრულებით არიან აქ ექიმები. თუ ერთხელ წავიდნენ, 2-3 თვე უკან ვერ ბრუნდებიან. მიუხედავად ამისა, ასეთ მდგომარეობაში მაინც მომავლის იმედი აქვთ და ამიტომ აქტიურობენ არჩევნებში."

[ლილე]
XS
SM
MD
LG