Accessibility links

აპრილის დასაწყისში მიხაილ გორბაჩოვი თბილისში ჩამოსვლას გეგმავდა. შედგება თუ არა ეს ვიზიტი, ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული


საბჭოთა " პერესტროიკის" ავტორის, საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის მიხაილ გორბაჩოვის ბოლოდროინდელ გეგმაში ნამდვილად იყო შესული საქართველოში ვიზიტი.

განხორციელდება თუ არა ეს ვიზიტი და, თუ განხორციელდება, რა ფორმით, დაზუსტებული არ არის. საქართველოს ხელისუფლება მიხაილ გორბაჩოვის დასახვედრად არ ემზადება. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში გორბაჩოვის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით სახელმწიფო კანცელარიაში ვერაფერს ამბობენ. რუსეთის და საქართველოს საინფორმაციო წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეეებში გორბაჩოვი თბილისში საქართველოს ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებს უნდა შეხვდეს.


[მიხაილ გორბაჩოვის პრეს-მდივნის ხმა] " ჯერჯერობით დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, თუმცა ასეთი გეგმა იყო. ბატონი გორბაჩოვი ადგილზე არ არის, მისგან ზუსტი ინფორმაციის მიღების საშუალება არ მაქვს. გეგმა ნამდვილად იყო. "

ეს იყო მიხაილ გორბაჩოვის პრეს-მდივანი. მას ჩვენ ტელეფონით მოსკოვში, გორბაჩოვის ფონდში, დავუკავშირდით. ეს არის " სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ფონდი" და, როგორც მოვისმინეთ, იქ აცხადებენ, რომ გორბაჩოვის ბოლოდროინდელ გეგმაში ნამდვილად იყო საქართველოში ვიზიტი. ძალაში რჩება თუ არა ეს გეგმა, გორბაჩოვის პრეს-სამსახურში ვერ აზუსტებენ. არც საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურში ან ადმინისტრაციაში ამბობენ რამეს საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის საქართველოში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით. არადა, სარწმუნო წყაროს ცნობით, სახელმწიფო კანცელარიაში შესულია წერილობითი მიმართვა იმის თაობაზე, რომ მიხაილ გორბაჩოვს რამდენიმე პირთან ერთად სურს საქართველოში ჩამოსვლა და პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრა. ამავე წყაროს ცნობით, მიმართვა არ არის კერძო პირის, ამ შემთხვევაში, მიხაილ გორბაჩოვის, არც მისი ფონდის. მას ხელს აწერს რომანოვების ფონდად ცნობილი საზოგადოებრივ-საქველმოქმედო-ქრისტიანული ფონდის თავმჯდომარე ივანოვი და ადასტურებს, რომ საქართველოში ჩამოსვლა სურს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს, პრინცესა ანასტასია რომანოვას ფონდის დასავლეთის ფორუმის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს მიხაილ გორბაჩოვს. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებას გაუჭირდა ასეთი მისიის მიღებაზე დათანხმება - ფაქტობრივად, არც ჰო თქვა და არც არა. ერთ-ერთი ვერსიით კი, პრინცესა ანასტასიას ფონდის მისიის საქართველოში ჩამოსვლის გეგმა უკავშირდება საქართველოსთვის სერიოზული ფინანსური დახმარების გაწევის სურვილს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სურვილი ჰქონდა ან აქვს უკანასკნელ წლებამდე საქართველოში მცხოვრებ ნატალია პეტრეს ასულ ბილიხოძეს. მან კი 1995 წელს რუსეთის უკანასკნელი მეფის ნიკოლოზ მეორის ქალიშვილობაზე განაცხადა პრეტენზია. ნატალია ბილიხოძე პირველად თბილისში ცხოვრებისას სასამართლოს გზით შეეცადა დაემტკიცებინა რომ არის ანასტასია რომანოვა. პრინცესა ანასტასიას საქველმოქმედო ფონდი მოგვიანებით - 2000 წელს დაარსდა იმ მიზნით, რომ რუსეთისკენ დაეძრა უზარმაზარი ქონება, რაც დასავლეთის 12-მდე ბანკში ინახება. საუბარია კოლოსალურ თანხებზე. 2003 წლის მარტში პრინცესა ანასტასიას ფონდის თავმჯდომარე ვლადიმირ ივანოვი ანასტასია რომანოვად მიჩნეულ ნატალია ბილიხოძეზე წერდა: " ის ყურადღებით ადევნებს თვალყურს ფონდის საქმიანობას და იღებს მნიშვნელოვან გადაწვეტილებებსო." მაინც, რა გადაწვეტილება მიიღო ამ ქალბატონმა საქართველოსთან დაკავშირებით, ბუნდოვანია, თუმცა ფაქტია, რომ ამ ცოტა ხნის წინ პრინცესა ანასტასიას ფონდის წარმომადგენელი თბილისში იმყოფებოდა. აქ ამ ფონდის სპეციალური მისიის ჩამოსვლა, მიხაილ გორბაჩოვის მონაწილეობით, მარტში იყო ჩაფიქრებული. აპრილში თუ ვიზიტი არაოფიციალური სახით შედგება, ის ნაკლებად იქნება დაკავშირებული 9 აპრილის მოვლენასთან - ასეთია სარწმუნო წყაროს ინფორმაცია, თუმცა, ვნახოთ. ედუარდ შევარდნაძის გარემოცვაში იციან თბილისში გორბაჩოვის შესაძლო ვიზიტზე და აცხადებენ, რომ თუ ის შედგება, აუცილებლად შედგება შევარდნაძის და გორბაჩოვის შეხვედრაც. შეგახსენებთ, რომ მიხაილ გორბაჩოვი არის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.
XS
SM
MD
LG