Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირების პოზიტიური და ნეგატიური ეფექტი


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს პრეზიდენტის თავმჯდომარეობით გამართულ პირველ მთავრობის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად კონტრაბანდასთან ბრძოლას და ჩრდილოვანი ეკონომიკის მკვეთრ შემცირებას გაესვა ხაზი.

რამდენად ეფექტური იქნება ანტიკონტრაბანდული ღონისძიებები და რა შესაძლო ეკონომიკური ეფექტი შეიძლება გამოიღოს მან?

საქართველოში კონტრაბანდა კვლავ დაუძლეველ პრობლემად რჩება.
ამ პრობლემასთან გამკლავებას პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია პირველი რიგის ამოცანად აცხადებს. ამასთან, ჟვანია იმუქრება, რომ თუ მეორე კვარტალში მიღწეული არ იქნება ლეგალიზაციის 80-პროცენტიანი ზღვარი, გარკვეულ პირებს თანამდებობის დატოვება მოუწევთ. აქ "დასასჯელთა" განსაზღვრა ძნელი მისახვედრი არაა: ანტიკონტრაბანდულ "ჯიჰადს", პირველ რიგში, საგადასახადო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები შეეწირებიან - ეს მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო სამსახურმა და საბაჟომ პირველ კვარტალში, გეგმასთან შედარებით, 40 მლნ. ლარით მეტი თანხების მობილიზება მოახერხეს.

მთლიან შიდა პროდუქტში გადასახადების მობილიზების დონით საქართველო ერთ-ერთი აუტსაიდერი ქვეყანაა და ის პოზიტიური ცვლილებები, რაც საგადასახადო ადმინისტრირების და ანტიკორუფციული ბრძოლის კუთხით მიმდინარეობს, ბუნებრივია, მისასალმებელი პროცესია, რომლის შედეგები სახელმწიფო ბიუჯეტს უკვე დაეტყო, მაგრამ კონტრაბანდის ფორსირებული შემცირებისათვის მხოლოდ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული ამბიციური განცხადებები და ხელისუფლების კეთილი ნება არ კმარა. ამასთან, თავდაპირველი საბიუჯეტო ეფექტის გარდა, ამ მოვლენას მუდამ თან სდევს სამომხმარებლო ბაზრის გაძვირების პრობლემა, რაც, ეკონომიკური ექსპერტის სოსო სიმონიშვილის აზრით, გარდაუვალი იქნება.

[სოსო სიმონიშვილის ხმა] "ცხადია, სახელმწიფოს მოვალეობაა, რომ ყველანაირად აღკვეთოს კონტრაბანდა, მაგრამ ეს ქმნის გარკვეულ პრობლემებს. ჩვენი სამომხმარებლო ბაზარი დამოკიდებული იყო კონტრაბანდაზე ან ნახევრად კონტრაბანდაზე. ამის საფუძველზე იყო ფორმირებული სამომხმარებლო ფასები. სწორედ ამიტომ იყო, რომ ჩვენს ბაზრობებზე დაბალი ფასები ფიქსირდებოდა. ის ღონისძიებები, რომელიც მიმართული იქნება იმპორტის სრულ განბაჟებაზე, ცხადია, ფასებს ასწევს, თითქმის ყველა საქონელზე ფასები გაიზრდება."

ფასების ზრდის, ანუ ინფლაციური პროცესების, დაწყებას თუ გადახდისუნარიანი მოთხოვნა არ მოჰყვა, - და მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითუნარიანობა გვაფიქრებინებს, რომ ეს ასეც იქნება, - აუცილებლად დადგება ტვირთბრუნვის შემცირების პრობლემა, ანუ სამეურნეო აქტივობა იკლებს. ამან, ერთი მხრივ, იმპორტი უნდა შეზღუდოს და სტიმული მისცეს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მაგრამ სამამულო წარმოება, გაუკუღმართებული საგადასახადო პოლიტიკის წყალობით, პრაქტიკულად გამორიცხულია. შესაბამისად, კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა სწორედ საერთო ეკონომიკური რეფორმის და იმავე საგადასახადო ტვირთის შემცირების პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს.

[სოსო სიმონიშვილის ხმა] "უკეთესი იქნებოდა, რომ ამ პროცესისათვის გაესწრო წარმოების მასტიმულირებელი ღონისძიებების გატარებას - იმავე ახალ საგადასახადო კოდექსს, რაც იმედი მაქვს, რომ იქნება წარმოების მასტიმულირებელი, ასევე კრედიტების გაიაფებას, რაც მარტივი არაა, მაგრამ მაინც შესაძლებელია. სამწუხაროდ, ეს თანამიმდევრობა ეკონომიკური ღონისძიებებისა დაცული არ არის."

ამდენად, მთავრობის კეთილი სურვილი არ შეიძლება არ გვახარებდეს, მაგრამ სამომხმარებლო ბაზარზე ამ ღონისძიებებით გამოწვეული ნეგატიური ექსცესების განეიტრალებისათვის ხელისუფლებამ, პირველ რიგში, სამეწარმეო გარემოს რეალური გაუმჯობესებისა და ეკონომიკური ზრდის წინაპირობა უნდა შექმნას.
XS
SM
MD
LG