Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"როგორა ხართ?" - ეკითხებიან ქართველები აფხაზებს


გასულ კვირას თბილისში, "კავკასიურ სახლში", აფხაზეთიდან დევნილებს შესაძლებლობა მიეცათ ენახათ, როგორ ცხოვრობენ აფხაზები ომის დასრულებიდან ათი წლის შემდეგ - როგორ აფასებენ

წარსულს და აქვთ თუ არა ქართველებთან შერიგების სურვილი. აქ მოეწყო პრემიერა ფილმისა, რომელიც "კავკასიური სახლის" თანამშრომლებმა გასულ წელს აფხაზეთში გადაიღეს.

პრემიერის წინ "კავკასიური სახლის" თანამშრომელმა ანა აბრამიშვილმა აღნიშნა, რომ გადაღებების შესახებ აფხაზეთში, ფაქტობრივად, არავინ გაუფრთხილებიათ - თბილისელები, შეიძლება ითქვას, "დაუპატიჟებლად" მიდიოდნენ აფხაზთა ოჯახებში და ესაუბრებოდნენ იმ ადამიანებს, რომლებმაც ომში შვილები, ქმრები, ძმები დაკარგეს. ქართველები სახლიდან არავის გაუძევებია - მათ შორის, არც ტამიშის გზისპირა რაიონიდან, სადაც ომის შემდეგ მხოლოდ ერთი სახლი დარჩა. აფხაზთა გულთბილმა მასპინძლობამ იმედიანად განაწყო მაყურებელი. თუმცა, როცა ამ ხალხს მოუსმინეს, ნათელი გახდა, რომ აფხაზები არ არიან მზად დევნილთა დაბრუნებისთვის... ისევე, როგორც დევნილთა უმრავლესობა არ არის მზად აფხაზეთში დაბრუნებისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ არ იცის, რას ფიქრობენ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე თავად აფხაზები:

[აფხაზი ქალის ხმა] "რა თქმა უნდა, ჩემს თავს დავიცავ, მე ქალი ვარ, ძმა მომიკლეს ამ ომში... და კიდევ თუ განმეორდა ეს ყველაფერი, ჩემი სამშობლოსთვის თავს დავდებ."

ეს იყო ფრაგმენტი ერთ-ერთი ინტერვიუდან, რომელიც ჩართულია "კავკასიური სახლის" ფილმში. ასეთია მთელი ამ ერთსაათიანი ფილმის ინტონაცია, თუ არ ჩავთვლით ფინალურ ინტერვიუს ახალგაზრდა აფხაზ გოგონებთან, რომელთაც ომი არ ახსოვთ, ამიტომ არა იმდენად წარსულზე, რამდენადაც მომავალზე საუბრობენ. თუმცა "კავკასიური სახლის" დირექტორი ნაირა გელაშვილი შეგვახსენებს, რომ ფილმის გადაღების იდეა თავდაპირველად ომში მონაწილე აფხაზ ქალბატონებს დაებადათ - იმ ქალებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2000 წელს "კავკასიურ სახლში" მოწყობილ კონფერენციაზე:

[ნაირა გელაშვილის ხმა] "მაშინ, ამ კონფერენციაზე, გაჩნდა იდეა - ეგება ასეთი პროექტი გავაკეთოთო, უბრალოდ დავარქვათ "როგორ ხარ" და ჩვეულებრივმა ადამიანებმა ილაპარაკონ. გულაჩუყებულები ლაპარაკობდნენ, როდესაც მოსკოვის ერთ-ერთი არხით გამოდიოდა ზურაბ სოტკილავა, რომელიც დაიბადა აფხაზეთში, და როცა ტელეწამყვანმა ჰკითხა, რას ეტყოდით ახლა აფხაზებსო, მან აფხაზურად თქვა, "როგორ ხართო" - და ეს პატარა რაღაცაც კი ახსოვდათ, მთელი აფხაზეთი ლაპარაკობდა, რომ იქიდან აფხაზურ ენაზე ამ ადამინმა მოიკითხა ეს ხალხი."

ამ კითხვით ჩავიდნენ "კავკასიური სახლის" თანამშრომლები აფხაზეთში. ხელში არა იარაღი, არამედ სამოყვარულო ვიდეოკამერა ეჭირათ. თავიანთ რესპონდენტებს არ ეკამათებოდნენ, ისტორიას არ ახსენებდნენ. მხოლოდ უსმენდნენ. ისინი კი სიამოვნებით ლაპარაკობდნენ, რადგან პირველად დაინახეს, რომ აფხაზეთში ჩასულ ამ ქართველებს ურთიერთობის გარკვევისა და მტყუან-მართლის გარჩევის სურვილი გაუქრათ:

[ნაირა გელაშვილის ხმა] "მათი მდგომარეობა ადვილი არ არის - იმ ადამიანებისა, რომლებიც მოდიან ქართველებთან ურთიერთობაზე... ისეთი დიდია კატასტროფა - მართლა ეროვნული კატასტროფა მოხდა იქ, მართლა განადგურებულია ოჯახები - გარკვეულ წილად, მათ მიმართ აგრესია ჩნდება, როცა ისინი თბილისში ჩამოდიან და მონაწილეობენ ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ასეთი ნაწილი არის მოსახლეობისა იქაც და აქაც."

მაგრამ აქაც და იქაც ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც ერთნაირად უყვართ თავიანთი შვილები, ქმრები, ერთნაირად უნდათ მშვიდობა და, რაც მთავარია, ნაირა გელაშვილის თქმისა არ იყოს, ერთი ისტორია, საერთო ტრადიციები აქვთ:


[ნაირა გელაშვილის ხმა] "ეს კავკასიური, რომ რაცა აქვს, გამოიტანოს, ხილი, არაყი და კიდევ იქეთ დალოცოს, ეს ხვდებოდათ ყველა ფეხის ნაბიჯზე. რამხელა რესურსებია, რა სიმდიდრეა ამ ხალხებს შორის! პოლიტიკა რომ ამას დაეყრდნოს, ამ საერთოს ჩვენს შორის --მოსისხლე მტერი რომ სახლში მოდის, ის უნდა მიიღო და დალოცო, ეს რესურსები წყალშია ჩაყრილი და არის მხოლოდ ნეგატიურ იმპულსებზე მუშაობა."

"კავკასიურ სახლში" გადაღებული ამ ფილმის ჩვენება დღეს შესაძლებელია რომელიმე ქართულ ტელეარხზე. თუმცა ფილმის პრემიერაზე შეკრებილმა დევნილებმა აღნიშნეს, რომ კარგი იქნებოდა აფხაზებიც ჩამოსულიყვნენ თბილისში და დევნილებისთვის ეკითხათ, "როგორა ხართო", მერე კი ორივე ეს ფილმი ერთად ეჩვენებინათ. ჯერჯერობით გაურკვეველია, აქვთ თუ არა აფხაზებს ასეთი ფილმის გადაღების სურვილი.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG