Accessibility links

მოსკოვი ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების მეთაურზე განხორციელებული ტერაქტის სასწრაფო გამოძიებას ითხოვს


ოფიციალური მოსკოვი ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების მეთაურზე, გენერალ-მაიორ ალექსანდრე სტუდენიკინზე განხორციელებული ტერორისტული აქტის სასწრაფო გამოძიებას

და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. სტუდენიკინი თბილისში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების შტაბთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიჭრა, რაც სამშაბათს, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე მოხდა. მომხდარის დეტალების შესწავლაში საქართველოს უშიშროების სამინისტროსთან ერთად რუსეთის სამხედრო პროკურატურაც არის ჩართული.
გესაუბრებით რუსი გენერალ-მაიორის წინააღმდეგ განხორციელებულ აფეთქებასთან დაკავშირებით.


თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედო დაჯგუფების სარდალი ალექსანდრე სტუდენიკინი მსუბუქად დაიჭრა. ის მაშინ დაზიანდა, როცა სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. აფეთქება რუსეთის საჯარისო დაჯგუფების შტაბთან, იმ კორპუსთან მოხდა, სადაც ოფიცერთა შემადგენლობა ოჯახებთან ერთად ცხოვრობს. გამოძიებას ეჭვი არ ეპარება, რომ ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების სარდლის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებას ჰქონდა ადგილი. საქმეს საქართველოს უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს.

[გიორგი ღვინიაშვილის ხმა] "აღვძარით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 229 მუხლის პირველი ნაწილით - ეს არის განზრახ აფეთქება. მიმდინარეობს გამოძიება და ვნახოთ, რა იქნება".

ეს იყო საქართველოს უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი გიორგი ღვინიაშვილი. მისი თქმით, გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიას ამუშავებს და ჯერჯერობით დაუდგენელია რასთან აქვს საქმე: პოლიტიკურ მოტივთან, პროვოკაციასთან, პირად ანგარიშსწორებასთან თუ რაიმე სხვა მიზანთან. წინასწარი ინფორმაციით, ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების შტაბთან აფეთქება ტროტილის გამოყენებით და დისტანციური მართვის აპარატით განხორციელდა. საინტერესოა, რომ აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე რუსეთის სამხედრო დაჯგუფების საცხოვრებელი სახლის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან შემჩნეულ იქნა ქალი, რომელსაც ხელში რაღაც პაკეტი ეჭირა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტუდენიკინის წინააღმდეგ განხორციელებული აფეთქების დეტალების შესწავლაში რუსეთის სამხედრო პროკურატურაც არის ჩართული. რუსეთის მხარე მომხდარის სასწრაფო გამოძიებას ითხოვს და მას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის წინააღმდეგ ჩაფიქრებულ აქციად აფასებს. სამშაბათს მომხდარ აფეთქებას ასეთივე კვალიფიკაციას აძლევს საქართველოს მხარეც. შინაგან საქმეთა მინსიტრის - გიორგი ბარამიძის განცხადებით, "ალექსანდრე სტუდენიკინის წინააღმდეგ განხორციელებული აფეთქება იყო მიზანმიმართული პროვოკაცია საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის დასამძიმებლად." ბარამიძის თქმით, მომხდარი აფეთქება იმ ძალის ინტერესებში უნდა ყოფილიყო, ვისაც სურს საქართველოში დესტაბილიზაცია და თბილისსა და ბათუმს შორის მოლაპარაკებების ჩაშლა. საგულისხმოა, რომ ამ ცოტა ხნის წინ რუსეთის სარდლობამ სწორედ სტუდენიკინი გაგზავნა ბათუმში, როგორც იქ არსებული სამხედრო ბაზის ნეიტრალიტეტის გარანტი.

სამშაბათს თბილისში მომხდარი თავდასხმა რუსეთის სამხედრო პირზე პირველი შემთხვევა არ იყო. 2002 წელს აქ მოკლულ იქნა რუსი ოფიცერი იგორ ზაიცევი. ამ მკვლელობის მოტივად ვალის გადაუხდელობის გამო ანგარიშსწორება სახელდებოდა, რასთან დაკავშირებითაც რუსეთის მოქალაქე გაზაშვილი იყო დაკავებული. საინტერესოა, გაიხსნება თუ არა საქმე, რომელიც რუსი გენერალ-მაიორის წინააღმდეგ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით აღიძრა. გაუხსნელია ამ ცოტა ხნის წინ სახელმწიფო ტელევიზიასთან მომხდარი აფთქების საქმე და შეწყვეტილია ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ბინისკენ მიზანმიმართულ გასროლას უკავშირდებოდა.
XS
SM
MD
LG