Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

160 ქართველი სამხედრო ერაყში გაემგზავრა


თითქმის ერთთიანი ლოდინის შემდეგ, მეორე ქართული სამშვიდობო ქვედანაყოფი ოთხშაბთ საღამოს ერაყში გაემგზავრა. წინასწარი ინფორმაციით, საჩხერის მე-16 სამთო-მსროლელი ბატალიონის

160 სამხედრო მოსამსახურე და ერთი ღვთისმსახური საბრძოლო ამოცანას ბაღდადში, ბეიჯსა და ტიკრიტში შეასრულებს. მებრძოლების გასაცილებლად 7 აპრილს, ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე მოეწყო გაცილების საზეიმო ცერემონია, რომელსაც ჩვენც დავესწარით.

საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციის ზონაში სამხედროების გაცილების ყველა ცერემონია ერთმანეთს ჰგავს: ნაკლებია საზეიმო განწყობილება და უფრო მეტია სევდა და ცრემლი. ეს კონტრასტი საჩხერის მე-16 სამთო-მსროლელი ბატალიონის შემთხვევაში კიდევ უფრო თვალშისაცემია. რიგით მეორე ქართული ასეულის გამგზავრების თარიღი ერაყში, იქ მიმდინარე შიიტთა ამბოხებასა და დაძაბულობის ესკალაციას დაემთხვა. თუმცა, ქართველი ჯარისკაცების დედები, ვისაც მე გამოველაპარაკე, ცდილობდნენ დაემალათ ცრემლი და გაემხნევებინათ მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში მიმავალი თავიანთი შვილები.

[სამხედროების დედების ხმა] "შვილს ვაცილებ, გენაცვალე, ვაჟა ბერიანძეს, კარგი განწყობით, შვილო. მინდა მშვიდობით წავიდეს ყველა შვილი, მარტო ჩემი არა, და მშვიდობით ჩამოვიდეს, ღმერთს ვთხოვ."
"ყველა დედის სახელით მინდა ლოცვა გავატანო ჩემს შვილს და ამ ბიჭებს და დიდი იმედი მაქვს, რომ უკან მშვიდობით დამიბრუნდება და ჯანმრთელი დამიბრუნდება."

ქართველი მშვიდობისდამცველების გასაცილებლად ალექსეევკის აეროდრომზე ჯარისკაცების შვილებიც მოვიდნენ. პატარა მეგი ნადარეიშვილმა მამას ერაყიდან თვითმფრინავის ჩამოტანა დააბარა და ლექსით დაემშვიდობა.

[მეგი ნაადრეიშვილის ხმა, - კითხულოს ლექსს]

მეორე ქართული სამხედრო ქვედანაყოფი, რომელიც საჩხერის მე-16 სამთო-მსროლელი ბატალიონის 159 სამხედრო პირისგან შედგება, ოთხშაბათს საღამოს ჩაფრინდება ერაყში. მას, წინასაწრი მონაცემებით, ბაღდადში, ბეიჯსა და ტიკრიტში მოუწევს სამხედრო ამოცანის შესრულება. თუმცა, როგორც მეკავშირე ოფიცერი, კაპიტანი მალხაზ ჯამურელი აცხადებს, არ არის გამორიცხული, რომ ერაყში დაწყებული სასტიკი შეტაკებების გამო სამხედრო ხელმძღვანელობამ ქართულ კონტინგენტს სხვა ამოცანაც დაუსახოს.
მალხაზი ამბობს, რომ კონტინგენტის ყველა მებრძოლი შეგუებულია, რომ მათ ერაყში რთული მისიის შესრულება მოუწევთ.

[მალხაზ ჯამურელის ხმა] "ჩვენთვის , ქვედანაყოფის ყველა წევრისათვის, უმთავრესი ეს არის მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ამისთვის ჩვენ, პირველ რიგში, მიგვყავს ჩვენი სულიერი მოძღვარი."

იგივეს ამბობს წარმოშობით სოხუმელი კობა მანია. კობა ფიქრობს, რომ დისციპლინითა და ერთმანეთის თანადგომით, რითაც ქვედანაყოფმა ჯერ კიდევ ქართულ-ამერიკული "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამაში მონაწილეობით ისახელა თავი, ქვედანაყოფის წევრები ექვსთვიან მივლინებას ერაყში პირნათლად შეასრულებენ.

ქართულ ქვედანაყოფს ერაყში ტრადიციისამებრ საქართველოს დროშა, ხატები და სახარება მიაქვს. თუმცა ამ ტრადიაციას წელს კიდევ ერთი დაემატა. ქართულ ასეულს ერაყში სამხედრო მოძღავრი, მამა დავით ლონდარიძე მიყვება. ეროვნული გვარდიის ყოფილი მებრძოლი, რომელმაც თავისი საქმიანობა ღვთისმსახურებას მიუძღვნა, პირველი მოძღვარი იქნება, რომელსაც ერაყში სამხედრო ფორმის ტარება მოუწევს.

[მამა დავით ლონდარიძის ხმა] " თითონ კონტინგენტი ძნელი კონტინგენტია, რადგან მიუხედავად მებრძოლების სიმხნევისა და სიმამაცისა, მათი სულიერი ასაკი ძალიან მცირეა. ეს ყველაფერი ჩვენ ექვს თვეში, ძალიან მოკლე დროში უნდა დავძლიოთ. მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, უფლის შეწევნით, კონტინგენტი გაიზრდება და ერაყიდან სულიერი მხედრობა დაბრუნდება."

რაც შეეხება საქართველოს საერო ხელისუფლებას, წინასაწრი ინფორმაციის მიუხედავად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვერ მოახერხა ერაყში მიმავალი ქართული კონტინგენტის გაცილებაზე ჩამოსვლა. მის მაგივრად ქართველ სამხედროებს უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი დაემშვიდობა, რომელმაც პირობა მისცა ჯარისკაცებს და მათ მშობლებს, რომ ქართულ კონტინგენტს და მათ ოჯახებს არ მოაკლდებათ ზრუნვა ხელისუფლების მხრიდან.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG