Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასლან აბაშიძე ახალ რეალობაში


ასლან აბაშიძის პარტია - დემოკრატიული აღორძინების კავშირი - წინასწარი შედეგების მიხედვით, პარლამენტს მიღმა დარჩა. ეს სრულიად ახალი რეალობაა ავტონომიური რესპუბლიკის

მეთაურისთვის, რომელსაც საპარლამენტო წარმომადგენლობა ყოველთვის ეხმარებოდა ცენტრთან "ულტიმატუმების ენაზე" საუბარში.

1999 წლის შემოდგომაზე ორმა მთავარმა პარტიამ - მოქალაქეთა კავშირმა და აღორძინების კავშირმა - დაუნდობელი საარჩევნო კამპანია ჩაატარა ერთმანეთის წინააღმდეგ. მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებში, ასლან აბაშიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და აჭარის მოსახლეობის ხმები ედუარდ შევარდნაძეს უბრძოლველად გაატანა. ეს ფაქტი ბევრისთვის აუხსნელი დარჩა, მაგრამ კიდევ უფრო უცნაური ის იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე თავად ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა: ბატონი ასლანი, ალბათ, თავის კანდიდატურას მოხსნის და საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს არ იყრისო. ეს განცხადება და, რაც მთავარია, მისი დადასტურება რამდენიმე თვის შემდეგ იმაზე მეტყველებს, რომ მაშინდელმა პრეზიდენტმა სხვებზე უკეთ იცოდა, სად გადიოდა ზღვარი ასლან აბაშიძის სურვილებსა და მცდელობებს შორის.

რისთვის სჭირდებოდა ავტონომიის ლიდერს სერიოზული საპარლამენტო წარმომადგენლობა? ის ფაქტი, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში აბაშიძეს ეყოლებოდა მისი ინტერესების გამხმოვანებელი გუნდი, მნიშვნელოვანი იყო; მაგრამ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა ამ გუნდის ქმედობაუნარიანობას. ასლან აბაშიძე ცდილობდა, აღორძინების კავშირი ისეთი რაოდენობით ყოფილიყო წარმოდგენილი პარლამენტში, რომ მოქალაქეთა კავშირს მისი მხარდაჭერის გარეშე უმრავლესობა - 118 ხმა - ვერ მოეგროვებინა. მართალია, თავიდან ეს მიზანი ვერ შესრულდა, რადგან აღორძინების ბლოკმა სულ 60 მანდატი მოიპოვა, მაგრამ მოგვიანებით ვითარება რადიკალურად შეიცვალა.

იმის შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობა დაიშალა, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სამი ბანაკი ჩამოყალიბდა: შევარდნაძის მომხრეების, ახალი თაობის პოლიტიკოსების და ასლან აბაშიძის მხარდამჭერების.

ამ დროისათვის აღორძინების ბლოკი დაშლილი იყო და როგორც ტრადიციონალისტები, ისე სოციალისტები სხვა ბანაკებში ბინადრობდნენ. მაგრამ ერთიან კონტექსტში ძალები მაინც აჭარის ლიდერისთვის ხელსაყრელად გადანაწილდა. მართალია, საკუთრივ ასლან აბაშიძის ბანაკი რაოდენობრივად შემცირდა, მაგრამ თვისებრივად გაიზარდა: აღორძინების დაუხმარებლად 118 ხმას ვერც შევარდნაძის მომხრეები აგროვებდნენ და ვერც ჟვანია-სააკაშვილის თანაგუნდელები. აჭარის ლიდერიც ხან ერთ ბანაკთან თანამშრომლობდა და ხან მეორესთან. პარლამენტში მისი ნების გარეშე მნიშვნელოვანი ვეღარაფერი წყდებოდა. მაგალითად, აღორძინების კავშირმა მხარი დაუჭირა გაერთიანებულ დემოკრატებს და მათთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდის შესახებ. მეორე მხრივ, აღორძინების კავშირმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის მიღებაში, რამაც ბეიკერის გეგმა ყირაზე დააყენა და ოპოზიციას პირველი სერიოზული მარცხი აწვნევინა. მოკლედ, ასლან აბაშიძემ 2003 წელს მიაღწია იმას, რასაც 1999 წელს გეგმავდა.

აჭარის ლიდერს მეტისმეტად დააგვიანდა: ხელსაყრელი პოზიციის მიუხედავად, პროცესების მართვის სადავეები მან ვეღარ მოიპოვა. და როდესაც ხელისუფლება მაინც შეიცვალა, ეს პროცესი ასლან აბაშიძისთვის მტკივნეული და დანაკარგებით აღსავსე აღმოჩნდა.

ძველი მთავრობისგან განსხვავებით, ახალ კაბინეტში აღარ არიან მინისტრები, რომლებიც უხილავი ძაფებით იქნებოდნენ მიბმული აჭარის ლიდერთან. პარლამენტშიც ავტონომიის წარმომადგენლობა ექვსი მაჟორიტარი დეპუტატით შემოიფარგლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ასლან აბაშიძეს აღარ ეყოლება პირადად მისი ინტერესების დამცველები ცენტრში: არც აღმასრულებელ და არც საკანონმდებლო ხელისუფლებაში. შესაბამისად, მას აღარ ექნება რაიმე ბერკეტი ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე და, მით უმეტეს, პრეზიდენტზე გავლენის მოსახდენად.

შექმნილ ვითარებაში აჭარის მეთაურს ორი საყრდენი რჩება: ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული მხარდაჭერა და რუსეთის გავლენიანი წრეების ინტერესები. რამდენად მყარიც აღმოჩნდება ეს საყრდენები, იმდენ ხანს გაძლებს ასლან აბაშიძის ხელისუფლება და იმდენად "მშრალად" დაასრულებს თავის არსებობას ამჟამინდელი რეჟიმი აჭარაში.
XS
SM
MD
LG